შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რატომ ახდენს საქართველო ამდენი ელექტროენერგიის იმპორტს?
შაბათი, 09 დეკემბერი, 2017

2017 წლის ოქტომბერში ქართულმა ჰიდროელექტროსადგურებმა 828 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც მცირედით (+0.79%) აღემატება სექტემბის მონაცემებს. ტრადიციული სეზონური თავისებურებებიდან გამომდინარე, განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი დაეცა და მთლიანი გამომუშავების 71% შეადგინა (სექტემბერში 87% იყო), მაშინ, როდესაც თბოელექტროსადგურების წილი პირიქით, გაიზარდა და მთლიანი წარმოების 29% შეადგინა (სექტემბერში დაფიქსირებულ 13%-თან შედარებით). თუმცა, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით მთლიანი გამომუშავება 8.7%-ით შემცირდა (2016 წლის ოქტობერში მთლიანმა გამომუშავებამ 907 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა). წინა წელთან მიმართებაში გამომუშავების ზოგადი კლება განაპირობა თბო და ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების ერთდროულმა კლებამ.

ამავე პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 949 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა (+7% 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით და +3% 2017 წლის სექტემბერთან შედარებით). მოხმარებასა და გამომუშავებას შორის სხვაობა სექტემბერში დაფიქსირებული 100 მლნ. კვტ.სთ-დან 121 მლნ. კვტ.სთ-მდე გაიზარდა (გამომუშავებული რაოდენობის 15% ოქტომბერში). რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო წინა წელთან მიმართებაში, როდესაც წარმოებამ მოხმარებას გადააჭარბა.

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება (მლნ. კვ.სთ.)

2017 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 12 წლის განმავლობაში (ესკოს დაარსებიდან). ამ პერიოდში საქართველომ იმპორტით შემოიტანა 157 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია (5.2 ¢/კვტ.სთ. – 13 თეთრი/კვტ.სთ.). 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, ეს არის 832%-იანი ზრდა და 50%-ით აღემატება ყველაზე მსხვილი იმპორტის მეორე მაჩვენებელს (104.2 მლნ. კვტ.სთ. 2014 წლის ოქტომბერში). 2017 წლის იმპორტის (99.6%) უმეტესობა მოდის აზერბაიჯანზე, დარჩენილი 0.04% კი – რუსეთზე (გრაფიკი 2).

სტატისტიკური მონაცემების შესწავლისას ჩნდება კითხვა: რატომ მოახდინა საქართველომ ამდენი ელექტროენერგიის იმპორტი? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს განაპირობა ელექტოენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით ცუდმა წელმა და გაზრდილმა მოთხოვნამ. მართალია, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება დაეცა და მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის გაზრდილი მოთხოვნის დკამყოფილება მარტივად შეიძლებოდა ქვეყანაში არსებული თბოელექტროსადგურებით. თუმცა ზრდის ნაცვლად, თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის გამომუშავებაც დაეცა. შედეგად არასაკმარისი სიმძლავრე ვერ იქნება იმპორტის გაზრდის მიზეზი. პირველი მიზეზი, რაც გვახსენდება, ისაა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი შეიძლება უფრო იაფი ყოფილიყო, ვიდრე ადგილობრივი თბოელექტოსადგურებისგან ან სხვა ისეთი მწარმოებლებისგან ელექტროენერგიის ყიდვა, რომლებსაც ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ესკოსთან. ამ ჰიპოთეზის პირველი ნაწილის შემოწმება შესაძლებელია, თუ იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასს შევადარებთ ფასების ზედა ზღვარს, რისი მოთხოვნაც შეუძლიათ თბოელექტროსადგურებს მათ მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე. საქსტატის ვაჭრობის სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2017 წლის ოქტომბერში იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი სტაბილური იყო წინა წლის იმავე თვესთან მიმართებით და 5.2 ¢/კვტ.სთ-ს (13 თეთრი/კვტ.სთ.) შეადგენდა. მხოლოდ ორი თბოელექტროსადგურის (გლდანი და მტკვარი) ფასების ზედა ზღვარი იყო 13 თეთრზე ნაკლები. საქართველოს საბალანსო ელექტროენერგიის შესწავლისას ვხედავთ, რომ 2017 წლის ოქტომბერში თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 98% მართლაც რომ სწორედ ამ ორმა სადგურმა გამოიმუშავა.

რა ხდება ელექტროენერგიის სხვა პოტენციურ წყაროებთან მიმართებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასიდან მიღებული ინფორმაცია. რატომ ვადარებთ საბალანსო ელექტროენერგიას? იმიტომ, რომ ასე საშუალება გვაქვს, გავაანალიზოთ ბაზრის ოპერატორის (ესკოს) ოქტომბრის თვის ხარჯები, მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა საშუალება გვეძლევა წარმოდგენა შევიქმნათ ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაყიდული ელექტროენერგიის ფასებზე.

გრაფიკი 2. ელექტროენერგიის იმპორტი (მლნ. კვ.სთ.)

ესკოს ანგარიშის თანახმად 2017 წლის ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი 13.8 თეთრი იყო კვტ.სთ-ისთვის (რაც 25%-ით მაღალია 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი იმპორტის საშუალო შეწონილ ხარჯებზე (11 თეთრი/კვტ.სთ.) დაბალი იყო და როცა იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობაც მნიშვნელოვნად მცირე იყო). ახლა ვიცით, რომ 2017 წლის ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის 61% მოდიოდა ელექტროენერგიის იმპორტზე, 39% კი ჰიდრო და ქარის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ესკოსთვის მიყიდულ ელექტროენერგიაზე. შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთ შემთხვევაში, შიდა გამომუშავება (საშუალოდ) ბევრად უფრო ძვირი იყო, ვიდრე იმპორტი. ამიტომ ადგილობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის მაღალი ხარჯი და არა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავების ტექნიკური შეუძლებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც გაიზარდა იმპორტი 2017 წლის ოქტომბერში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა