ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში ცხარე დებატების თემა გახდა. თავად საკითხის მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღემდე რაც კი დისკუსია მომისმენია, სამწუხაროდ, ძირითადად ფობიებსა და მითებზე უფროა დაფუძნებული, ვიდრე მტკიცებულებებზე. საზოგადოებას მოუწევს, გადაწყვიტოს, დაუჭიროს თუ არა მხარი რეფორმას და, შესაბამისად, აირჩიოს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შედეგები. სწორედ ამიტომ ამ საკითხზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეხედულების ქონა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
დასაწყისისათვის – რა პრობლემებია საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით?
1. საქართველო მესამე ადგილზეა (101 ქვეყანას შორის) მსოფლიოში ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა გავრცელების მაჩვენებლით (პროცენტული წილი), სეიშელის კუნძულებისა და რუსეთის ფედერაციის შემდეგ1. ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში2 2.02%-ია (იხ. გრაფიკი 1).
2. ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება: 2009 წელს მათი რაოდენობა 40,000 იყო, 2012 წელს – 45,000, 2014 წელს – 49,7003.
3. ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი და სხვ.) ავადობის კოეფიციენტი მაღალია. 2015 წელს ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს შორის ჩატარებული ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის თანახმად, ასეთ მომხმარებელთა შორის C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალია (66.2%). აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 2.2%-ია, მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა, როდესაც აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 3.0% იყო.
4. ნარკოტიკული საშუალებების პირველი მოხმარების ასაკი საქართველოში ძალიან დაბალია (2015 წელს ნარკოტიკის პირველი მოხმარების საშუალო ასაკი 13 წელი იყო). ქვეყანაში ახალგაზრდების (18 წელს ქვემოთ) მიერ ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი მაღალია. კვლევების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ე.წ. „ბიო“) მოხმარების დონე 2-ჯერ უფრო მაღალია ევროპელ თანატოლებთან შედარებით4.
გრაფიკი 1: შერჩეული ქვეყნების სია ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების მიხედვით
{module chart-geo}
წყარო: მსოფლიო ნარკოვითარების 2017 წლის ანგარიში
შენიშვნა: ქვეყნების რეიტინგი მოცემულია ფრჩხილებში.
საინტერესოა, როგორ პასუხობს საქართველოს ნარკოპოლიტიკა ამ გამოწვევას?
ქვეყნის პასუხი არის ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკა. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ქვეყანაში კრიმინალიზებულია. ქვეყანა მკაცრად კრძალავს და სჯის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე მკვლელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, გაუპატიურება და სხვა კრიმინალური დანაშაული, თუ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი დააკავეს ნარკოტიკის დაშვებულ რაოდენობაზე მეტის ფლობის ფაქტზე (იხ. გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და სხვა ტიპის დანაშაულისთვის დადგენილი სასჯელის ზომების შედარება
ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული | სხვა ტიპის დანაშაული |
1 გრამზე მეტი ჰეროინის ფლობა პირადი მოხმარების მიზნით – თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე | განზრახ მკვლელობა – თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 15 წლამდე |
0.12 გრამზე მეტი ბუპრენორფინის (ე.წ. სუბოტექსის) ფლობა – თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე | ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება – თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე |
1 გრამზე მეტი მეტადონის ფლობა – თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე | გაუპატიურება – თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 8 წლამდე |
ტრეფიკინგი – თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 12 წლამდე | |
მძევლად აყვანა, წამება – პატიმრობა ვადით 7-დან 10 წლამდე | |
ყაჩაღობა – პატიმრობა ვადით 5-დან 7 წლამდე | |
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა – პატიმრობა ვადით 10-დან 12 წლამდე |
ეს შედარება ბადებს კითხვას: რატომ ვსჯით ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, იმ ადამიანებზე მკაცრად, რომლებიც სხვებს აყენებენ ზიანს?
პასუხი ისაა, რომ ქართველი სამართალდამცავების ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნის შემცირების ერთადერთი საყრდენი უკიდურესად მკაცრი კანონები და ციხის შიშია. დიახ, მკაცრი კანონებით (სწორად გამოყენების შემთხვევაში) შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალებების მიწოდების შემცირება, თუმცა ეს კანონები ვერ მუშაობს, როცა საქმე მოხმარებას ეხება, რადგან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ მომხმარებლებს არ შესწევთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი. ნარკოდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, „მართალია, ადამიანთა უმეტესობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე პირველ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით იღებს, თუმცა დროთა განმავლობაში ტვინში მომხდარი ცვლილებები ამცირებს ნარკოდამოკიდებული ადამიანის თვითკონტროლს და აქვეითებს მის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს ნარკოტიკის მოხმარების ინტენსიურ იმპულსებს.“ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნარკოტიკების ბაზარზე ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების გამოჩენის პროგნოზირება ძალიან რთულია, რაც სულ უფრო ურთულებს საქართველოს პოლიციას მხოლოდ მიწოდებასთან ბრძოლას. მოთხოვნის მხარის შესამცირებლადაც საჭიროა ზომების მიღება. უკიდურესად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების პრობლემური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ნარკოდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის ზემოთხსენებულ მოსაზრებას ამყარებს.
საერთაშორისო მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნის მკაცრ კანონმდებლობასა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა შორის კორელაცია არ არსებობს. მაგალითად, თუ 1-ელ გრაფიკს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ლიბერალური და მკაცრი ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნები გვხვდება განაწილების ყველა სეგმენტში (ზემოდან ქვემოთ). თუ შევხედავთ ყველაზე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნებს, აღმოვაჩენთ, რომ, ჩეხეთის რესპუბლიკა მე-18 ადგილზეა, ავსტრალია – მე-19, არგენტინა – 35-ე, პორტუგალია – 50-ე, მექსიკა – 51-ე, ხორვატია – მე-80, ურუგვაი – 85-ე, ნიდერლანდების სამეფო – 92-ე. მეორე მხრივ, ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნების განაწილებაც ამ ქვეყნებისაგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მათ შორისაა: მალაიზია – მე-11 ადგილი, ტაილანდი – 61-ე, კოსტარიკა – 68-ე, კოლუმბია – 70-ე.
ამგვარად, კრიმინალიზება არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას. მეტიც, ის დამატებით ბარიერებს უქმნის მკურნალობის პროცესს. დაჭერის შიში ზრდის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მასთან ასოცირებული სხვა დაავადებების ქონის შემთხვევებს (რადგან ასეთ ვითარებაში, პოლიციის შიშით, მომხმარებლები ინაწილებენ საერთო ნემსს). კრიმინალიზება იწვევს ფატალურ შემთხვევებსაც, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს არ უნდათ მკურნალობის გავლა და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.
გარდა ამისა, სისტემა შეიძლება ძალიან ძვირი იყოს. მაგალითად, ე.წ. „ქუჩის ტესტირების“ პროცედურები (რომელთა მიზანიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა გამოვლენაა) სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 18 მლნ. ლარი უჯდება5. 2013 წელს ქუჩაში შემოწმებული ადამიანების რაოდენობამ პიკს მიაღწია და 60,000 შეადგინა. ამ პირთა მხოლოდ ერთ მესამედს აღმოაჩნდა სისხლში ნარკოტიკული საშუალების კვალი.
რა ხდება ალტერნატიულ მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებით?
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ მკაცრი კანონებისგან განსხვავებით, საქართველოში სამკურნალო დაწესებულებების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. ამჯერად კლინიკურ ნარკოდამოკიდებულებას მხოლოდ 7 დაწესებულებაში მკურნალობენ (რომელთაგან 6 თბილისშია, 1 – ბათუმში). 2015 წელს ამ დაწესებულებებში იმკურნალა მხოლოდ 5,392 პაციენტმა6, ქვეყნის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა უმნიშვნელო ნაწილმა.
საქართველოში ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პირველადი პრევენციის ინსტიტუციონალიზებული მექანიზმი არ არსებობს. თითქმის არაფერი არ კეთდება, რომ ახალგაზრდებში, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მოთხოვნა შემცირდეს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მოზარდი ბიჭები და გოგონები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას სხვადასხვა მიზეზით (ექსპერიმენტი, თანატოლებისგან ზეწოლა, გარიყვა ან მოდუნება, სტრესთან გამკლავება და სხვ.) იწყებენ და დროულ ჩარევას შეუძლია დაიცვას ისინი მომავალში ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებისგან7.
მოთხოვნის განმსაზღვრელ ფაქტორებზე მეტი ყურადღების გამახვილება, ნარკოდამოკიდებულების მიზეზების შესწავლა (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) და ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობა შეუწყობს ხელს ვითარების გაუმჯობესებას? რა თქმა უნდა.
წარდგენილი ნარკოპოლიტიკის რეფორმა. სწორ გზას ვადგავართ?
ნარკოპოლიტიკის რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ამჟამად განიხილება, ეფუძნება ქვეყანაში არსებული ზემოხსენებული სისუსტეების ანალიზსს და მიზნად ისახავს, შეცვალოს სისტემის დამოკიდებულება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისადმი. მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ზომების ნაცვლად, აქცენტი კეთდება მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე და პირველადი პრევენციის მექანიზმის შემოღებაზე. რეფორმის პაკეტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზება, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე სანქციების შერბილება, ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობის გონივრული განსაზღვრა, სავალდებულო შემოწმების პროცედურების ჩატარება; ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნა, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას. მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემის გაუმჯობესება და გადარწმუნების კომისიების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, ადმინისტრაციული სანქციების დაწესებაზე, ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენაზე ან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მკურნალობის ცენტრებში გადამისამართებაზე.
თითქმის ყველა თანხმდება, რომ საჭიროა მეტი მკურნალობის ცენტრი და პრევენციის სისტემის შექმნა, მაგრამ დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით არაერთი უთანხმოება არსებობს. როგორც ვნახეთ, კრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნა იკლებს (არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან მსოფლიოში). ციხე ვერ ანაცვლებს მკურნალობის ცენტრებს ან დაწესებულებებს, სადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტები დახმარებას იღებენ. ნარკოდამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სწორი გადაჭრა სჭირდება, ფსიქოლოგების, ექიმების, განათლების სპეციალისტებისა და სხვა პროფესიონალების დახმარებით. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ პოლიციას არ უნდა მივანდოთ.
თუ ეს რეფორმა დამტკიცდება, სპეციალისტები ბოლოს და ბოლოს შეძლებენ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მკურნალობასა და პრევენციაზე, პოლიციას კი საშუალება ექნება, პოტენციური მომხმარებლების ქუჩებში დევნის ნაცვლად, საკუთარი რესურსები ნარკოტიკული საშუალებების მიმწოდებლებთან ბრძოლაზე მიმართოს. დიდი ალბათობით, ეს იქნება ხალხის ფულის ბევრად უკეთესი გამოყენება და საზოგადოებასაც უკეთეს შედეგებს მოუტანს.
1 მსოფლიო ნარკოვითარების ანგარიში (2017 წ.). გაერთიანებული ერების ნარკოვითარებისა და დანაშაულის ოფისი, 2017 წ.
2 ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელბის პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2014 წ. კვლევის ანგარიში, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ და საერთაშორისო ფონდი კურაციო, ივლისი, 2015 წ.
3 ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელბის პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2014 წ. კვლევის ანგარიში, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ და საერთაშორისო ფონდი კურაციო, ივლისი, 2015 წ.
4 წყარო: NCDC, 2016 წ.
5 საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის შეფასება. საქართველოს პარლამენტი. 2017 წელი.
6 წყარო: NCDC
7 ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის საერთაშორისო საბჭო. წლიური ანგარიში, 2016 წელი.