შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ბლოკჩეინი სოფლის მეურნეობაში: მომავალი ჯერ არ დაწერილა
შაბათი, 07 აპრილი, 2018

შარშან ბიტკოინისა და ეთერიუმის კრიპტოვალუტების აურზაურის შემდეგ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყურადღების ცენტრში მოექცა. ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთს ასწრებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას. დღეისთვის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 15% ტრანზაქციების დაზღვევისა თუ დადასტურებისთვის უკვე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. IBM იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაინახა ბლოკჩეინის პოტენციალი და დაიწყო ამ კონცეფციაზე მომუშავე სტარტაპების წახალისება. ჯერჯერობით ბლოკჩეინის ტექნოლოგია მხოლოდ კრიპტოვალუტებთან ასოცირდება, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სფეროებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც.

უხილავი, მაგრამ პერსპექტიული ტექნოლოგია

ბლოკჩეინი არის მზარდი პლატფორმა, რომელიც საწარმოებს ან ინდივიდებს შორის ტრანზაქციების განხორციელებისას გამოიყენება. იგი ინფორმაციას დაცული და გადამოწმებული „ბლოკების ჯაჭვებით“ გადასცემს. ეს არის ციფრულად დაშიფრული ტრანზაქციების „ჰიპერ-რეესტრი“, რომელსაც ტრანზაქციის მონაწილე მხარეები ნებაყოფლობით აზიარებენ ჯაჭვის მეშვეობით. ეს ჰიპერ-რეესტრი იძლევა ვალუტის, საქონლის ან ნებისმიერი ღირებულების მქონე და გამჭვირვალედ განხორციელებული P2P ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას. კოორდინაციის პროტოკოლის მეშვეობით, რომელსაც კონსენსუსის ალგორითმს უწოდებენ, „ბლოკების ჯაჭვები“ სინქრონულად მუშაობს საერთო ქსელში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია კრიპტოგრაფიულად არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციის მონაწილე მხარეები ხედავენ რეესტრის მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაზეც აქვთ ავტორიზაცია. მისი შეცვლა ან გატეხვა შეუძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარეებს არ შეუძლიათ წინა ტრანზაქციების ისტორიის შეცვლა ან მასზე უარის თქმა.

სოფლის მეურნეობასა და ბიტკოინს მიღმა: პოტენციალი და გამოწვევები

უკვე მიმდინარეობს დისკუსიები სოფლის მეურნეობის სექტორში ბლოკჩეინის აპლიკაციების გამოყენებაზე, მათ შორის გაყიდვებისა და მიწოდების სფეროებშიც. არაერთი ბიზნესი ცდილობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. მაგალითად, AgriDigital ატარებს საპილოტე კვლევას, რათა შექმნას დაცული და ეფექტიანი აგრო-მიწოდების ჯაჭვები და ჩართოს მოთამაშეები ჯაჭვში ისე, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს სრული ნდობით მუშაობა.

სოფლის მეურნეობაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სასარგებლოდ გაკეთებული არგუმენტების თანახმად, ის წაახალისებს მცირე ფერმერებს და მეტ კონტროლს მისცემს საკუთარ საქონელზე. როგორც მცირე ფერმერთა და მათზე დამოკიდებულ მომხმარებელთა ლობისტი და Real Food Consumer Coalition-ის დამფუძნებელი, ლიზ რაიტციგი (Liz Reitzig) ამტკიცებს:

ბლოკჩეინი... ფერმერს საშუალებას აძლევს, გამყიდველთან გააფორმოს ხელშეკრულება და ის პროდუქტი მოიყვანოს, რაზეც მოთხოვნა არსებობს. სრული ან ნაწილობრივი გადახდა შეიძლება დაუყოვნებლივ გადავიდეს ესქროში... რაც ქმნის გარანტიას, რომ ფერმერი მიიღებს გადახდას, ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და მარკეტერების მხრიდან იძულების გარეშე. ფერმერთათვის შრომის ანაზღაურება დიდი პრობლემაა, ბლოკჩეინს კი შეუძლია, პრობლემა ნაწილობრივ მაინც გადაჭრას“.

რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ბლოკჩეინმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის მიწოდების ჯაჭვში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია სურსათის ტრანზაქციებს მიკვლევადსა და გამჭვირვალეს ხდის. სურსათის ტრანზაქციებში ხშირად ვაწყდებით ინფორმაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბლოკჩეინის დანერგვა კი ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას. იტალიის ცხენის ხორცის სკანდალი სურსათის უსაფრთხოების სტანდატის დარღვევის ერთი მაგალითია. სურსათის წარმომავლობის სერტიფიცირება ჯერ კიდევ პრობლემაა. Beefledger არის ერთ-ერთი წარმატებული პლატფორმა, რომელიც ავსტრალიაში შეიქმნა და რომელიც ბლოკჩეინის უსაფრთხოებისა და გადახდის პლატფორმას იყენებს საქონლის ხორცის მიწოდების ჯაჭვში. მისი დირექტორის, ვორვიკ პაუელის თქმით, ავსტრალიური საქონლის ხორცის ფასი იმდენად მაღალია ჩინეთში, რომ თაღლითობის სტიმულს ქმნის. ამიტომ Beefledger აპირებს, წაახალისოს მომხმარებლები, ზუსტად იცოდნენ, საიდან მოდის მათი ხორცი და რომ მათთვის სასურველ პროდუქციაში იხდიან თანხას. წარმატების კიდევ ერთი მაგალითია IBM-ისა და Walmart-ის თანამშრომლობა, მეტი გამჭვირვალობა შეიტანონ მიწოდების ჯაჭვში და განდევნონ მოთამაშეები, რომლებიც არღვევენ ხელშეკრულებებს.

სოფლის მეურნეობის სექტორში ბლოკჩეინის დანერგვით შეიძლება გადაიჭრას ლოჯისტიკის პრობლემაც, რადგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ვარგისიანობა საკმაოდ ხანმოკლეა, რაც მიწოდების ჯაჭვში არაერთ გაურკვევლობას ქმნის. UPS Transport Alliance-სთან გაერთიანდა, რათა შექმნან მომავლის ლოჯისტიკის ჭკვიანი ქსელი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

ბლოკჩეინში გამოიყენება ჭკვიანი კონტრაქტები. ეს არის პროგრამული აპლიკაცია, რომელიც იძლევა ბიზნეს-პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას, პროცესი დაცული და დეცენტრალიზებულია. ჭკვიანი კონტრაქტები ჩვეულებრივ კონტრაქტს ჰგავს, თუმცა ამ შემთხვევაში მხარეთა შორის გაცვლის პროცესი ავტომატურად სრულდება, ავტორიზებული მესამე მხარის საჭიროების გარეშე.

სოფლის მეურნეობაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი. ფორბსს თუ დავუჯერებთ, არაერთი საფრთხე არსებობს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბლოკჩეინის დანერგვა. პირველი, საერთაშორისო სურსათისა და სასმელების კომპანიები მუშაობენ სხვადასხვა რეგულაციებითა და კანონებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან დანერგვას. მეორე, ქსელთან და ინტერნეტთან ცუდი კავშირი, მოძველებული ტექნოლოგიები და ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ მწირი ცოდნა არის განვითარებად ქვეყნებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები.

და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?..

2017 წელს საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება საკუთრებასთან დაკავშირებული სამთავრობო ტრანზაქციების ვალიდაციის პროცესში. Bitfury Group-თან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით დანერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოფიციალური ტრანზაქციების დაცვისა და დადასტურების სისტემაში. მიწის საკუთრების რეგისტრაციაზე აპლიკაციის დატესტვის შემდეგ, Bitfury Group-მა და საჯარო რეესტრმა ხელი მოაწერეს ახალ მემორანდუმს ბლოკჩეინის გამოყენებით მიწის რეგისტრაციის სერვისის შექმნაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები (მაგალითად, ყიდვა, გაყიდვა, რეგისტრაცია, ქონების გაუქმება, იპოთეკა, გაქირავება, სანოტარო მომსახურებები) დაცული და გააქტიურებული იქნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიით. ასეთი პროგრამა უკვე შეიქმნა შვედეთსა (Chromaway) და ჰონდურასში (Factom).

სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის ხელშეწყობისთვის „აუცილებელია“ წვდომა უწყვეტ ინტერნეტთან. 2017 წელს საქართველოს შინამეურნეობათა დაახლოებით 71%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე (იხ. გრაფიკი 1). საქართველოს სოფლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 56%-ია.

გრაფიკი 1. შინამეურნეობების წილი, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტზე, 2017 წელი

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ს არ განუხორციელებია ინტერნეტთან დაკავშირებული აქტივობა (სოციალურ ქსელში შესვლა, საძიებო სისტემის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, იმეილის გაგზავნა თანდართული დოკუმენტით (დოკუმენტი, ფოტო და სხვ.) და ა.შ.). საინტერესოა, რომ 2017 წელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 37%-ს და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის 22%-ს არ შეუსრულებია პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებთან დაკავშირებული აქტივობები (იხ. გრაფიკი 2)1. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა (სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 28%, ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის 27%) შეასრულა  ერთი ან ორი აქტივობა.

გრაფიკი 2: 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებთან დაკავშირებული აქტივობების რაოდენობის მიხედვით (%)

საქართველომ უკვე გადადგა სოფლის მეურნეობაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პირველი ნაბიჯები, თუმცა უნდა გადაიჭრას გამოწვევები, თუ გვინდა ქართველი ფერმერების წახალისება. უნდა შეიქმნას ციფრული ტრანზაქციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რადგან წვდომა ქსელსა და შესაბამის ტექნოლოგიებზე არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების წინაპირობა. ქართველი ფერმერების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა შეიძლება იყოს ბლოკჩეინის ტექნიკური გაგებაც. მცირე ფერმერებს შეიძლება არ ჰქონდეთ სათანადო უნარ-ჩვევები და ცოდნა.

მიუხედავად ყველაფრისა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, წინ წაწიოს საქართველოს სოფლის მეურნეობა და გადაჭრას მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები: წარმოება, დისტრიბუცია და გაყიდვები. საჯარო რეესტრის წარმატებულმა გამოცდილებამ მიწის საკუთრების ტრანზაქციებში შეიძლება წაახალისოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კიდევ უფრო მეტად გამოყენება სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებში და გადაიყვანოს სექტორი ბლოკჩეინის მომავალში.


1 საქსტატის მონაცემებით, ასეთ აქტივობად ითვლება დოკუმენტის ან საქაღალდის კოპირება ან გადატანა, დოკუმენტში ინფორმაციის კოპირებისა და გადატანის ფუნქციის გამოყენება; ექსელში მარტივი არითმეტიკული ფორმულების გამოყენება; ახალი მოწყობილობების (მაგ. მოდემის, ვებ-კამერის, პრინტერის) ჩართვა და დაყენება; აპლიკაციის პოვნა, ჩამოტვირთვა, დაყენება და კონფიგურაცია; პრეზენტაციის პროგრამების გამოყენებით ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება; კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობას შორის დოკუმენტების გაზიარება; კომპიუტერული პროგრამის დაწერა სპეციალური ენის გამოყენებით.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა