შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რა ვიცით, რომ არ ვიცით წყლის რესურსების მართვაზე (და როგორ გადავჭრათ პრობლემა)
ორშაბათი, 16 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (AA) ჰარმონიზების პროცესში. რეფორმის განსაკუთრებით პრობლემური ნაწილი ეხება 2000/60/EC დირექტივის განხორციელებას, რომელიც წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) სახელით არის ცნობილი. წყლის რესურსების სწორი მართვა უკიდურესად რთული წამოწყებაა, რომელიც ყველა მექანიზმის სიღრმისეულ გააზრებას საჭიროებს. წყლის რესურსების არასწორმა მართვამ შეიძლება უარყოფით გრძელვადიან შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ქვეყნის განვითარების პერსპექტივების, ისე საზოგადოების კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამ სტატიით შევეცდები, აკადემიური ლიტერატურიდან მოყვანილი მაგალითებით მოკლედ აღვწერო, რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის რესურსების მართვაში გაურკვევლობების გათვალისწინება. ეს სტატია არის წყლის რესურსების მართვის საკითხზე მიმდინარე სამუშაოს შესავალი პრეზენტაცია, რომელზეც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის გუნდი მუშაობს და რომელიც კონკრეტულად წყლის ჩარჩო დირექტივის განხორციელებას ეხება. მომავალში კონკრეტულად განვიხილავთ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ გაურკვევლობებს.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით გამოწვეული ადმინისტრაციული ცვლილებები

წყლის კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზების პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც მთავრობა აღნიშნავს, მოქმედი წყლის კანონმდებლობის (1997 წ.) გარდაქმნა 2011 წელს დაიწყო და ძალაში შევა როგორც კი საბოლოო ნაბიჯები გათვალისწინებულ იქნება. ამ (კომპლექსურ) პროცესზე იმოქმედა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რესტრუქტურიზაციამაც, რომლის კომპეტენციები გაიყო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა (MOESD) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს (MOE) გადაეცა. შედეგად, ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც აქამდე მუშაობდა, შეიძლება გაიწელოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და არასანდო გარემო, თუ პრობლემას სწორად არ მივუდგებით. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც შეიძლება მარტივად დარჩეს შეუმჩნეველი, არის ის, თუ როგორ უმკლავდებიან ცვლილებებს საჯარო უწყებები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; კერძოდ, როგორ გაიგებენ რეფორმის სამართლებრივ ჩარჩოს და როგორ განახორციელებენ პრაქტიკაში. შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის წინაშე არსებული მიმდინარე სამუშაოების მხარდაჭერა ასევე ნიშნავს გაბედვასა და თქმას, სად არის გაურკვევლობები. ხშირად ეს მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, თუ რა მიმართულება და პირობები აქვს თითოეულ მმართველ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყველა ადმინისტრაციულ დონეზე გაურკვევლობების გამოვლინება არამხოლოდ გამოააშკარავებდა, სად არის სუსტი რგოლები პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, არამედ დაგვეხმარებოდა, მმართველობა არაპროგნოზირებადობისადმი უფრო მოქნილი გაგვეხადა.

ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, რა მაგალითებს გვთავაზობს აკადემიური ლიტერატურა წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ გაურკვევლობებზე?

წყლის რესურსების მართვაში გაურკვევლობების გაჩენა

ჰიდროლოგიური ციკლი მცენარეული საფარისა და ნიადაგისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს ასრულებს იმ ეკოსისტემების სიჯანსაღესა და გადარჩენაში, რომლებზეც ადამიანები ასე ვართ დამოკიდებული. ცვლილებები ჰიდროლოგიულ ციკლში სერიოზულად იმოქმედებს ჯაჭვურ პროცესზე, რომელიც ასე საჭიროა ბიოგეოქიმიურ ციკლში. აღსანიშნავია, რომ გაურკვევლობების მართვაში ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიდგომების გარდა სხვა კომპონენტები იშვიათად გამოიყენება. თუმცა წყლის რესურსების ეფექტური მართვის პრაქტიკაზე გადასვლა მოითხოვს, უკეთ გვესმოდეს  ეკოსისტემებსა და წყლის რესურსებს შორის ურთიერთობა და ეკოსისტემური სერვისები, რომლებზეც დამოკიდებულია სიცოცხლე. სმიტისა და სმიტის (Smith & Smith, 2001 წ., გვ. 3) აზრით, ეკოსისტემების მართვა „...ეკოლოგიურ სისტემებს განიხილავს როგორც ფუნქციურ ერთეულებს და ხაზს უსვამს მათ გრძლევადიან მდგრადობას“.

ეკოლოგიური მენეჯმენტის არაერთი განმარტება არსებობს. მე ვიზიარებ სმიტისა და სმიტის (Smith & Smith, 2001 წ.) განმარტებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეკოლოგიური მენეჯმენტი ერთი მიდგომის ქვეშ აერთიანებს სოციოეკონომიკურ, ინსტიტუციურ და ეკოლოგიურ პარამეტრებს. ბოლო წლებში აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო იზრდება ჰოლისტიკური მიდგომისადმი ინტერესი, რაზეც გავლენა მოახდინა ინტეგრირებული სისტემის მართვამ, რომელშიც მეტი ყურადღება ეთმობა ნიადაგსა და წყალს შორის კავშირს. ამ გარემოებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო საერთაშორისო კონვენციებზე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შევიდა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივაში (2000/60/EC). აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს ინსტიტუციური სფერო და მინდა გამოვავლინო ის გაურკვევლობები, რომლებიც ძალიან ხშირად ჩნდება წყლის რესურსების პრაქტიკული მართვის დროს.

წყლის რესურსების მართვაში არსებული გაურკვევლობები გულდასმით უნდა შევისწავლოთ, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებასთან მიმართებაში. როგორც ისენდალი და მისი თანაავტორები (Isendahl et al, 2009 წ., გვ. 3192) ამტკიცებენ, გაურკვევლობების არსებობას განაპირობებეს „...მოთამაშეებსა და ობიექტებს შორის ურთიერთობა და, შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდეს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება მათ შორის ურთიერთობა“. მათი აზრით, ასეთი ტიპის გაურკვევლობებთან გასამკლავებლად საჭიროა, დავადგინოთ, რა კავშირშია ესა თუ ის მოთამაშე გაურკვევლობასთან. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რა ტიპის გაურკვევლობები შეიძლება გამოვლინდეს წყლის ჩარჩო დირექტივის დანერგვით, რადგან ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს არამხოლოდ პოლიტიკის მიმღებებზე, არამედ ეკონომიკურ აგენტებსა და დანარჩენ საზოგადოებაზე. ლოპეს-გამერო და მისი თანაავტორების (Lopés-Gamero et al, 2011 წ., გვ. 428) აზრით, გარემოსდაცვითი გაურკვევლობა იქმნება მაშინ, როდესაც მენეჯერები საკუთარ ბიზნესს არაპროგნოზირებადად აღიქვამენ. მათი განმარტებით, გარემოსდაცვითი გაურკვევლობა არის „...ინფორმაციის სიმწირე [...] და/ან გარე ცვლილებების პროგნოზირების და მათზე ორგანიზაციული გადაწყვეტილებების გავლენის შეუძლებლობა“.

წარსულში, როგორც ბრუგნაჩმა და მისმა თანაავტორებმა (Brugnach et al, 2008 წ.) აღნიშნეს, გარემოს დაცვის მართვაში გამოვლენილი გაურკვევლობები ჩნდებოდა ცოდნის სიმწირის გამო, თუმცა დღეს ის უფრო მეტად დამოკიდებულია სხვადასხვა აგენტების (საჯარო მოხელეების, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და ეროვნულ ადმინისტრაციულ დონეებზე) მიერ მათ ინტერპრეტირებაზე. ჰენდმერის (Handmer, 2001 წ.) აზრით, გაურკვევლობის ფაქტორის გასაქარწყლებლად პოლიტიკა ისე უნდა შევიმუშაოთ, რომ გაუძლოს ჩარევებს. გარდა ამისა, უნდა წავახალისოთ დაინტერესებული მხარეები, უკეთ მოემზადონ და საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისას მეტად გაითვალისწინონ გაურკვევლობები. დაინტერესებულ მხარეთა (მაგალითად, საჯარო მოხელეების) მომზადების ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს იმ კვლევების ხელშეწყობა, რომლებშიც საუბარია მათი სფეროსთვის დამახასიათებელი გაურკვევლობის ტიპებზე.

ჩემი არგუმენტი თანხმობაშია ისენდალისა და მისი თანაავტორების (Isendahl et al, 2009 წ., გვ. 3202) შენიშვნასთან, რომ „...წყლის რესურსების მართვაში გაურკვევლობების იგნორირება ან უმნიშვნელოდ მიჩნევა უკვე შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ცვლილებებისა და მომავალი გამოწვევების მზარდ ტემპსა და განზომილებებს“. ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში, ეს ცვლილება კარგად არის დანახული და დაკავშირებულია ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზებასთან.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ გაურკვევლობებს?

ჩვენ ვიცით, რომ შეუძლებელია მომავლის წინასწარმეტყველება გაურკვევლობების გათვალისწინების გარეშე. ჩვენ არც ის ვიცით, მომავალი რას უმზადებს  საქართველოს მთავრობას, რომელსაც წინ ევროკავშირის საზოგადოებასთან დასაახლოვებლად საკმაოდ გრძელი გზა  აქვს გასავლელი. ამ გზაზე, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა აღმოვფხვრათ ან გამოვავლინოთ მაინც ის გაურკვევლობები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინოს მომავალში, როგორიცაა, მაგალითად, ახალი რეგულაციის შემოღებით განპირობებული ადმინისტრაციული ცვლილებებით გამოწვეული დაბნეულობა.

აღნიშნული სტატია მინდა დავასრულო რამდენიმე შემოთავაზებით, როგორ ვმართოთ გაურკვევლობები (თუ ვერ ვაგვარებთ). პირველი, უნდა ვიცოდეთ გაურკვევლობების წყაროები, როგორც „...გაურკვევლობის საკონტროლო წერტილი“. გაურკვევლობის წარმოშობის წყაროს განსაზღვრის შემდეგ საჭიროა, მივყვეთ შეფასების მეთოდოლოგიის გარკვეულ სტრუქტურას. მაგალითად, თუ გაურკვევლობა არსებობს წყლის ხარისხის შეფასებაში, საჭირო იქნება წყლის სტატუსისა და დეფიციტის შეფასება ან მიზეზების დადგენა და განვითარების მიზნების განსაზღვრა. თითოეული შეფასების სტრუქტურა შეიძლება ასახავდეს გაურკვევლობის წარმომავლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ, რა შეფასების სტრუქტურას ვიყენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიგვიყვანოს თავად გაურკვევლობის მცდარ დახასიათებამდე. მეორე პერსპექტივა ეხება გაურკვევლობის შემცირებადობას. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაურკვევლობის შემცირების უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ამა თუ იმ ტიპის გაურკვევლობის შემთხვევაში, რომლის თავიდან აცილება ან შემცირება, რიგ მიზეზთა გამო, შეუძლებელია. ამ გადმოსახედიდან, არსებობს სულ მცირე ერთი მიმართულება, რომლისკენაც შეიძლება გადავიხაროთ, რათა ვებრძოლოთ და შევამციროთ გაურკვევლობები. ამისთვის საჭიროა ცოდნის დაგროვება ან მეტი ინფორმაციის მოპოვება კონკრეტულ საკითხებზე (სიგელი და თანაავტორები, 2010 წ.; კუნძევიჩი და თანაავტორები, 2018 წ.). თუ ამ ეტაპზე ცოდნა არ არსებობს, პეტროვის (Petrov, 2015 წ.) აზრით, იგი შეიძლება მივიღოთ შესაბამისი კადრების ევროკავშირის კანონმდებლობაში გადამზადებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს მეტი ყურადღების დათმობა, როგორ უმკლავდებიან საჯარო მოხელეები წყლის ჩარჩო დირექტივაზე ყოველდღიური მუშაობის დროს გაჩენილ გაურკვევლობებს.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ გაურკვევლობების შემცირებისა და წყლის რესურსების მართვის ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა კვლევების დაფინანსება, მონაცემების შეგროვება და ადამიანური კაპიტალის შექმნა. პოლიტიკის გამტარებლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ სწორედ ისინი მუშაობენ ქართულ კონტექსტში ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის დანერგვაზე.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა