შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

მოიხმარს თუ არა აფხაზეთი ბევრ ელექტროენერგიას? – ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა, მარტი, 2018 წელი
შაბათი, 12 მაისი, 2018

2018 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა 997 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+35% 2017 წლის მარტთან და +7% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი (24%) ენგურისა (188 მლნ. კვტ.სთ.) და ვარდნილის (49 მლნ. კვტ.სთ.) ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. ადგილობრივმა ბაზარმა 1,116 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა (+9% 2017 წლის მარტთან და +5% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% (207 მლნ. კვტ.სთ.) აფხაზეთმა მოიხმარა.

ენგურისა და ვარდნილის ჰესები ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა აფხაზეთის რეგიონისთვის, რომელიც ამ ჰესების წლიური გამომუშავების თითქმის 60%-ს მოიხმარს (2018 წლის მარტში რეგიონმა მთლიანი წარმოების 87% მოიხმარა). საინტერესოა, რომ აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 250,000 ადამიანია, წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი (რომლის მოსახლეობაც 1.15 მლნ-ია).

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმარება და გამომუშავება (მლნ. კვტ.სთ.)

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ISET-ის კვლევით ინსტიტუტს არაერთხელ დაუსვეს კითხვა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მონაცემების მოკლე მიმოხილვა საშუალებას მოგვცემს, უფრო საფუძვლიანად ვიფიქროთ ამ საკითხებზე.

ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე აფხაზეთში სამჯერ აღემატება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს. იგი აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფოს მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად აღემატება. სიახლე არ არის, რომ აფხაზეთი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. თუმცა ბოლო 11 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების მსგავსი, 5%-იანი ზრდის ტემპი ჰქონდა. აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში მოხმარების სეზონურობაც ერთნაირია. ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს ზამთრის და მინიმუმამდე ეცემა ზაფხულის თვეებში.

ცხრილი 1. ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე (კვტ.სთ.)

  2013 2014 2015 2016 2017
აფხაზეთი 6,613 6,738 7,379 7,899 8,206
თბილისი 1,761 1,916 2,168 2,463 2,562
საქართველო (არ შედის აფხაზეთი) 2,172 2,292 2,307 2,441 2,650
ჩეხეთის რესპუბლიკა 5,980 5,975 6,111 6,184 6,315
ესტონეთი 6,238 6,277 6,188 6,522 6,838
ლატვია 3,535 3,522 3,481 3,543 3,649
პოლონეთი 3,824 3,877 3,956 4,068 4,182
თურქეთი 3,110 3,192 3,267 3,376 3,530

წყარო: ESCO, IEA, EuroStat, www.ugsra.org

ეკონომიკის გამოშვებასაც თუ შევხედავთ, კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელს დავინახავთ. მშპ-ის ათას აშშ დოლარზე აფხაზეთის რეგიონი დაახლოებით ექვსჯერ მეტ ელექტროენერგიას (3,824 კვტ.სთ.) მოიხმარს, ვიდრე დანარჩენი ქვეყანა (651 კვტ.სთ.). ეს, ალბათ, რეგიონის მიერ ელექტროენერგიის ძალიან არაეფექტურ მოხმარებაზე მეტყველებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონში ენერგო-ინტენსიური ინდუსტრიები თითქმის არ არის განვითარებული. ერთადერთი გამონაკლისია პოლიმერის (პლასტმასის) წარმოება. აფხაზეთის მთლიანი დამატებული ღირებულების შემადგენლობა აჩვენებს, რომ ეკონომიკის დაახლოებით 80% მოდის ვაჭრობაზე (27%), მშენებლობაზე (16%), მრეწველობაზე (11%), მმართველობაზე (13%), სოფლის მეურნეობასა (7%) და ჯანდაცვაზე (7%). მრეწველობაში შედის ხე-ტყე და სამშენებლო მასალები, სასოფლო-სამეურნო გადამუშავება და პოლიმერის წარმოება.

გრაფიკი 2. ელექტროენერგიის მოხმარება  მთლიანი შიდა პროდუქტის 1,000 აშშ დოლარზე

მაშინ ვინ მოიხმარს ამდენ ელექტროენერგიას?

გამოშვების რიცხვებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ არ არსებობს ენერგო-ინტენსიური ინდუსტრიები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი წყარო ხდება კრიპტოვალუტების წარმოება. ეს თეორია უსაფუძვლო არ არის. რიგ სტატიებს თუ დავუჯერებთ, აფხაზეთი ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო სანქციები ინვესტიციებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების მაინინგი ფართო მასშტაბებით ხდება. პირველ რიგში, დეფაქტო რეჟიმის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე მოდის რეგიონის მთლიანი დამატებული ღირებულების ძალიან მცირე წილი (დაახლოებით 300,000 აშშ დოლარი 2016 წელს). მეორეც, წინა წელს დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებული ტერიტორიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა (2017 წელს მხოლოდ 4%-ით გაიზარდა). ეს გარემოებები მთლიანად ვერ აქარწყლებს კრიპტოვალუტების მაინინგის ზრდის შესაძლებლობას, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ჯერჯერობით აფხაზეთში ჩვეული ვითარებაა.

ამგვარად, ყველა სხვა შესაძლებლობა რომ გამოვრიცხოთ, გამოდის, რომ ელექტროენერგიის ასეთი დიდი მოხმარების მიზეზი შინამეურნეობებია. რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ძალიან მაღალია, როგორც ჩანს, შინამეურნეობები ენერგიის ყოველგვარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად სწორედ ელეტროენერგიას მოიხმარენ, რადგან ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიის, ჩერნომორენერგოს ვებ-გვერდს თუ დავუჯერებთ, ელექტროენერგიის ტარიფი აფხაზეთში ძალიან დაბალია: 0.4 რუბლი (1.6 თეთრი – 0.7 ცენტი) კვტ.სთ. შინამეურნეობებისთვის და 0.85 რუბლი (3.3 თეთრი – 1.3 ცენტი) კვტ.სთ. იურიდიული პირებისთვის. ეს ტარიფები ფაქტობრივად უფასოს ხდის ელექტროენერგიას აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის, მაშინ როდესაც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ელექტროენერგიის საფასური თითქმის 14-ჯერ მაღალია შინამეურნეობების (14-23 თეთრი) და 6-ჯერ მაღალია იურიდიული პირებისთვის (14-21 თეთრი).

შეჯამება

ბოლო 11 წლის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აფხაზეთში ეტაპობრივად იზრდებოდა. უნდა გვაღელვებდეს თუ არა ეს ფაქტი? შეიძლება, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებულ „ჩვეულ ვითარებაშიც“ კი ყოველწლიურად აფხაზეთის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ენგურისა და ვარდნილის ჰესების მიერ წარმოებული ენერგიის სულ უფრო დიდი ნაწილი იხარჯება. ზამთრის თვეებში აფხაზეთს შეიძლება რეგულარულად დასჭირდეს იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე ამ ორი ჰესის დადგმული სიმძლავრეა ერთად აღებული. ასეთი რამ წარსულში უკვე რამდენჯერმე მოხდა. თუ ეს გაგრძელდება, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება ქართველი პოლიტიკის გამტარებლებისთვის. ამ გამოწვევის გადასაჭრელად ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ:

• მოამარაგებს თუ არა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიას მას შემდეგ, რაც ენგურისა და ვარდნილის წარმოების მოცულობა სრულად იქნება ათვისებული?

• როგორ უნდა გადაინაწილოს დანარჩენი ქვეყნის ელექტროენერგიის ბაზარმა აფხაზეთისთვის უფასოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ხარჯები?

• რა არის ამ პრობლემის მოგვარების ოპტიმალური სტრატეგია?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მულტიდისციპლინური დავალებაა, რომელიც პოლიტიკური პირობების, პოლიტიკური ეკონომიკისა და ენერგეტიკის ეკონომიკის ანალიზს მოითხოვს. დანამდვილებით ის ვიცით, რომ, თუ აფხაზეთის კონფლიქტი არ მოგვარდება, საქართველოს მალე დასჭირდება მკაფიო პოლიტიკის შემუშავება, როგორ დააკმაყოფილოს რეგიონის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. სამწუხაროდ, პრობლემის გადაჭრის იოლი რეცეპტი არ არსებობს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა