შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართველი და სომეხი „საბრალონი“ და „თავზეხელაღებულნი“ ქუჩაში გადიან
ორშაბათი, 18 ივნისი, 2018

საქართველოსა და სომხეთის მმართველი პარტიები სულ ცოტა ხნის წინ ტკბებოდნენ რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით. 2017 წელს სომხეთის შთამბეჭდავი, 7.5%-იანი და საქართველოს შედარებით მოკრძალებული 5%-იანი ზრდა ქებას ნამდვილად იმსახურებს. თუმცა ნიშნავს კი რამეს ეს რიცხვები ქართველებისა და სომხების უმრავლესობის ობიექტური კეთილდღეობისთვის? როგორ მოქმედებს მშპ-თი გაზომილი ეკონომიკური ზრდა ადამიანთა ბედნიერების სუბიექტურ აღქმაზე? რა კავშირშია ეს რიცხვები კრიმინალის დონესთან,  საზოგადოების სურვილთან, იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ან მათ სწრაფვასთან სოციალური სამართლიანობისადმი?

„გაჟონვის“ ეკონომიკის (ე.წ. TRICKLE-DOWN ECONOMICS) თეორია და პრაქტიკა

ტრადიციულად, ლიბერალურად მოაზროვნეებსა და იდეოლოგებს სჯერათ, რომ დოვლათი საზოგადოების მაღალი ეშელონებიდან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენებისკენ გადაედინება. ამ გადადინების შედეგი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდით სარგებელს იღებს ყველა, რადგან საერთო ნამცხვრის ზომა იზრდება. დიახ, მეწარმეთა კლასი შეიძლება პირველი ნახულობს სარგებელს გაზრდილი ბიზნეს შესაძლებლობებიდან, მაგრამ მეტი ბიზნესი (და ბიზნესები) მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. მეტი შემოსავალი ნაწილდება ღარიბებზე პირდაპირ, გადასახადებისა თუ სოციალური შემწეობების სახით, თუ არაპირდაპირ, გაუმჯობესებული საჯარო განათლებისა თუ ჯანდაცვის სისტემის სახით. შედეგად, ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს საზოგადოებაში სიღარიბის აბსოლუტური დონის შემცირებას.

„გაჟონვის“ ეკონომიკის თეორია საკმაოდ ლოგიკურია... თეორიულად. მუშაობს თუ არა ის პრაქტიკაში, დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე. პირველი, თუ ეკონომიკური ზრდა მოდის ეკონომიკის მხოლოდ რამდენიმე კაპიტალტევად სექტორზე, როგორიც აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობისა და გაზის სექტორია, დიდი ალბათობით, შედარებით ცოტა სამუშაო ადგილი შეიქმნება. მეტიც, ეს ახალი სამუშაო ადგილები შეიძლება არც შეესაბამებოდეს ქალაქად თუ სოფლად მცხოვრებ გაუნათლებელ და უუნარო ღარიბებს. მეორე, ეკონომიკური ზრდა ნამდვილად ზრდის ეკონომიკაში დასაბეგრი შემოსავლის რაოდენობას, თუმცა როდის და როგორ ისარგებლებენ (ან არ ისარგებლებენ) ღარიბები გადასახადებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლებით, დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ერთი უკიდურესობა ისაა, რომ მთავრობამ შეიძლება აირჩიოს სოციალური პენსიის გაზრდა; მეორე უკიდურესობა კი ისაა, რომ მთავრობამ შეიძლება გაზარდოს თავდაცვის სახელმწიფო ხარჯები ან შეამციროს ბიზნესის გადასახადი (ინვესტიციებისა და მომავალი ზრდის წახალისების მიზნით).

უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას თან სდევდა უკიდურესი სიღარიბის შემცირება. 2013-2014 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძირითადად მოდიოდა ისეთ შრომატევად სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ტრადიციული სოფლის მეურნეობა. სიღარიბის შემცირებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2013 წლიდან საქართველო აქტიურად ახორციელებდა რედისტრიბუციის პოლიტიკას – საყოველთაო დაზღვევითა და უფასო სკოლამდელი განათლებით დაწყებული, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და პენსიების გაზრდით დამთავრებული.

თუმცა ბოლო წლებში სოციალური შეღავათები ინფლაციას ვერ უწყობდა ფეხს, რითიც მანამდე სიღარიბესთან ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს აბათილებდა. UNICEF-მა სამომხმარებლო ხარჯების მონაცემების გამოყენებით დაადგინა, რომ 2015-2017 წლებში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (რომლებიც დღეში 1.25 აშშ დოლარზე ნაკლებს ხარჯავენ) რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით დამაფიქრებელია უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების წილის 2.5%-დან 6.8%-მდე ზრდა.

გამოდის, საქართველოს შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის შედეგი დოვლათის მდგრადი გადადინება დაბალი სოციალური ფენებისკენ არ ყოფილა, რამაც გაზარდა არამხოლოდ აბსოლუტური სიღარიბე, არამედ უკმაყოფილების განცდა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ორიენტაციით იმედგაცრუება.

ეკონომიკური ზრდა, უთანასწორობა და ბედნიერება

ახლახან გამოქვეყნებულ CityLab-ის სტატიას თუ დავუჯერებთ, სოციალურ მეცნიერებათა ლიტერატურაში არსებობს საკმაოდ ფართოდ მიღებული კონსენსუსი, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესში დაგროვილი დოვლათი შეიძლება გადაეცემოდეს საზოგადოების დაბალ ფენებს, მაგრამ ადამიანებს მხოლოდ ფული არ აბედნიერებს. მაგალითად, შიგეჰირო ოიშისა (ვირჯინიის უნივერსიტეტი) და სელინ კესებირის (ლონდონის ბიზნეს-სკოლა) მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბედნიერება („სუბიექტური კეთილდღეობა“) 16 განვითარებულ ქვეყანაში დადებით კავშირშია მშპ-სთან ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა უარყოფით კავშირშია შემოსავლის უთანასწორობასთან (რომელიც ჯინის კოეფიციენტით იზომება). რაც კიდევ უფრო მოულოდნელია, 18 ნაკლებად განვითარებული ლათინური ამერიკის ეკონომიკების მონაცემების შესწავლისას, ოიშიმ და კესებირმა დაადგინეს, რომ ბედნიერების შეგრძნება შემოსავლების უთანასწორობის შედეგადსუსტდება. თუმცა საზოგადოება უფრო ბედნიერად არ გრძნობს თავს ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით.

რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ ყიდულობს ბედნიერებას ნაკლებად განვითარებული ლათინური ამერიკის ეკონომიკებში? ერთი მიზეზი შეიძლება იყოს უთანასწორობის ძალიან მაღალი საწყისი დონე ლათინური ამერიკის საზოგადოებებში და ის, რომ მათი პოლიტიკური სისტემები ვერ უზრუნველყოფენ, ახალშექმნილი დოვლათის სათანადო წილი საკმარისად სწრაფად გადაედინოს მოსახლეობის ღარიბი ნაწილისკენ.

როდესაც საქმე შემოსავლების უთანასწორობას ეხება, საქართველოსა და სომხეთში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუ ამ ორი ქვეყნის განვითარების დონეს გავითვალისწინებთ. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, შემოსავლების უთანასწორობის დონე საქართველოსა (2015 წელს ჯინის კოეფიციენტი – 38.50) და სომხეთში (2015 წელს ჯინის კოეფიციენტი – 32.4) გაცილებით დაბალია, ვიდრე აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის კასტებად, კლანებად თუ რასებად დაყოფილ საზოგადოებებში (ყველაზე მაღალი უთანასწორობა გვხვდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ჰაიტიში. ამ ქვეყნების ჯინის კოეფიციენტი 60-ზე მეტია). თუმცა, მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე მდიდარ და ეგალიტარიულ საზოგადოებებს თუ შევადარებთ, რომელთა ჯინის კოეფიციენტიც 25-ის ფარგლებში მერყეობს, საქართველო და სომხეთი საკმაოდ უთანასწორო ქვეყნებია.

თუმცა სუბიექტური კეთილდღეობისა და ბედნიერების კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანი არის არა შემოსავლების უთანასწორობის აბსოლუტური დონე, არამედ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათთან. ადამიანთა არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობებისადმი დამოკიდებულებაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს კულტურული ფაქტორები (შეიძლება ვამტკიცოთ რომ ჩრდილოეთის ხალხები გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ სოლიდარობას, კასტური საზოგადებები კი უთანასწორობას იღებენ როგორც მოცემულობას, ღვთის ნებას). გარდა ამისა, ადამიანების აღქმაზე მოქმედებს, რა სისწრაფით ხდება სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა პოლიტიკური სისტემის საშუალებით. სტაგნაცია ან ნელი პროგრესი სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაში იწვევს იმედგაცრუებას, სასოწარკვეთილებას, ანტისოციალურ და რადიკალურ პოლიტიკურ ქცევას, რისი მომსწრენიც სულ ცოტა ხნის წინ გავხდით საქართველოსა და სომხეთში.

ბედნიერება,  სასოწარკვეთილება და პოლიტიკური ქმედება

ქართველებსა და სომხებს განსხვავებებზე მეტი საერთო აქვთ. ორივე პატარა და ძველი ერია, რომლებმაც იმპერიების საუკუნოვან ბატონობასა და დაპყრობებს გაუძლეს. ორივე ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ერთხელ 100 წლის წინ და მეორედ 1990-იან წლებში. და ორივე ერი სერიოზულად უკმაყოფილოა მათ პოლიტიკურ ინსტიტუტებში არსებული ვითარებით.

2018 წელს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყანას შორის საქართველო 128-ე, სომხეთი – 129-ე ადგილს იკავებს, რითიც სულ რამდენიმე პუნქტით უსწრებენ წინ ომითა და კორუფციით დაძაბუნებულ უკრაინას (138-ე ადგილი) და არც ისე შორს არიან სიის ბოლოში მოხვედრილ აფრიკის წარუმატებელ სახელმწიფოებს: ბურუნდის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანს, ტანზანიას, იემენსა და რუანდას. სულაც არ არის მოულოდნელი, რომ მსოფლიოს ხუთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა არის ის ქვეყნები, რომლებიც ინდივიდუალურ წარმატებაზე წინ სოციალურ ჰარმონიასა და სამართლიანობას აყენებენ. ეს ქვეყნებია: ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია.

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საზოგადოება, რომელიც თავს უბედურად გრძნობს, არ არის აუცილებელი, ღარიბი იყოს. უკმაყოფილება და მოქმედებისთვის მზაობა უფრო მეტად სოციალური სამართლიანობის აღქმასთან არის კავშირში. უსამართლობის განცდა კი მაშინ გეუფლება, როდესაც მინისტრები კარგი მანქანებით დადიან, რის უფლებასაც შენ ვერასდროს მისცემ თავს; როდესაც შენს შვილებს არასდროს ექნებათ შანსი, მიიღონ წესიერი განათლება; როდესაც შენი მეზობელი რატომღაც კანონზე მაღლა დგას და სასამართლოსგან, აღმასრულებელი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემისგან განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს.

საზოგადოებები უდაოდ განსხვავდებიან იმით, თუ რა დოზით შეუძლიათ აიტანონ სოციალური უსამართლობა ხმისამოუღებლად, ორგანიზებული წინააღმდეგობის გარეშე იღებენ. და ის, რაც ამ ორ ერს ნამდვილად საერთო აქვს, არის საკუთარი მმართველებისადმი მოთმინების ძალიან დაბალი დონე. ორივე ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი მოვლენებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ერის მოთმინების ფიალა ამოიწურა.

სომეხი ხალხის მიერ კორუმპირებული რეჟიმის დამხობა ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას. სოლიდარობის უპრეცენდენტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტითა და პროტესტით დაგვირგვინდა, რამაც სრულიად სომხეთი და ყველა სოციალური ფენა გააერთიანა. როგორც ჩანს, სოციალური სოლიდარობის აღდგენა არის კიდეც ნიკოლ პაშინიანის პრიორიტეტი და სომხეთის ხავერდის რევოლუციის მისეული ხედვა: „ჯანსაღი ინსტიტუციები, ნაკლები კორუფცია, ღირსეული ანაზღაურება, ძლიერი რეგულაციები, უკეთესი განათლება, წინსვლა ყველასთვის“.

უსამართლობის განცდამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა რუსთაველის გამზირზეც რაც გვაფიქრებინებს, რომ ქართველ „საბრალოთა“ და „თავზეხელაღებულთა“ მოთმინების ფიალაც აივსო.

სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს მთავარი პრობლემა კორუფცია არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველ ხალხს მობეზრდა ქვეყნის პოლიტიკურ ავანსცენაზე მონოპოლისტი პარტიებისა და გავლენიანი პირების მმართველობა. ქართული პოლიტიკური სისტემის ეს ობიექტური სისუსტე და ქვეყნის ფუნდამენტური უუნარობა, აღმოფხვრას მუდმივი სოციალური უთანასწორობა, არის არსებული კრიზისის საფუძველი.

*     *     *

გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი იყო საქართველოს თანამედროვე ისტორიაში და მისი წასვლა ქვეყნის პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებს. ის, თუ როგორ მოიშორეს კვირიკაშვილი, კარგად აჩვენებს, რამდენად სუსტია ქართული დემოკრატია და რამდენად საჭიროა, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გასცდეს პიარსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის გაუმჯობესებას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა