2018 წლის 15 ნოემბერს, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებს „ორგანული თხილის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის კერძო წარმომადგენლების კვლევა“ წარუდგინა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: HEKS-EPER South Caucasus, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), და შვედური ჰოლდინგი PAKKA AG.
შესავალი
ეკონომიკური თვალსაზრისით, თხილი ისტორიულად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურაა. ეს განპირობებულია იმით, რომ შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია თხილის მოყვანისთვის ხელსაყრელი ნიადაგითა და კლიმატური პირობებით გამოირჩევა. 2016 წელს საქართველო მსოფლიოს ხუთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელს შორის იყო. ადგილები კი ასე გადანაწილდა: თურქეთი (56.5%), იტალია (16.2%), აშშ (4.6%), აზერბაიჯანი (4.6%) და საქართველო (4.%) (FAOSTAT, 2016 წ.). თხილი არა მხოლოდ საექსპორტო თვალსაზრისითაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა, არამედ დასაქმების კუთხითაც წამყვან როლს ასრულებს: თხილის წარმოებაში დაახლოებით 107 000 შინამეურნეობაა ჩართული (სასოფლო-სამეურნეო აღწერა, საქსტატი, 2014 წ.).
საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს თხილის სექტორის განვითარებას, თხილის წარმოების ხელშეწყობასა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. თუმცა 2017 წელს არახელსაყრელმა ამინდმა და სხვადასვა სოკოვანმა დაავადებამ თხილის სექტორს სერიოზული ზარალი მიაყენა. სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა აზიური ხოჭოს (ფაროსანას) შემოსევამ, რაც თხილის წარმოების ხარისხსა და რაოდენობაზე უარყოფითად აისახა. 2017 წელს გლობალურ ბაზარზე ერთი კილოგრამი ქართული თხილის ფასი 5.73 აშშ დოლარი გახლდათ, რაც 2016 წლის ფასთან შედარებით 16%-ით ნაკლები იყო. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც თხილის მთლიანი ექსპორტის ღირებულება, ისე რაოდენობა. 2017 წელს თხილის ექსპორტის ღირებულება 83.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 53.7%-ით ნაკლები იყო 2016 წლის მაჩვენებელზე (179.5 მლნ. აშშ დოლარი) (საქსტატი).
გრაფიკი 1. ნაჭუჭიანი თხილის ექსპორტის მოცულობა და ღირებულება
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად და სასოფლო-სამეურნეო წარმოების დასაცავად საქართველოს მთავრობამ 2018 წლისთვის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ოთხი ნაბიჯისგან შედგებოდა: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგის სისტემა, საკონტროლო მექანიზმები ფაროსანას წინააღმდეგ და კვლევების ჩატარება. ამ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის (მათ შორის თხილის სექტორისთვის) მიყენებული ზიანის შემცირებაა.
საქართველოს თხილის სექტორში მომსახურების მიმწოდებლების კვლევა
ზოგადად, ითვლება, რომ თხილის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში სხვა კულტურებთან შედარებით უკეთაა განვითარებული. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ თხილზე მოთხოვნა მაღალია. ხარისხობრივი სურათის უკეთ წარმოსადგენად და თხილის სექტორის ამჟამინდელი საჭიროებების დასადგენად, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2018 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში თხილის სექტორში მომსახურების მიმწოდებლების კვლევა ჩაატარა.
კვლევის მთავარი მიზანი იყო ბიო და არა-ბიო თხილის წარმოების ანალიზი და მიმდინარე სტატუსის დადგენა. კვლევაში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ მონაწილეებზე: ლაბორატორიები, რომლებიც ნიადაგისა და ნაყოფის ანალიზს აკეთებენ; ნერგების მწარმოებლები; გარჩევის, გაშრობისა და გასხვლის მომსახურების მიმწოდებლებზე; მექანიზაციის ადგილობრივ მიმწოდებლებზე; ორგანული სასუქისა და პესტიციდების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე; დასაწყობებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლებზე; შუამავალ კოოპერატივებზე; სესხებისა და დაზღვევის მიმწოდებლებზე; საერთაშორისო დონორებზე; ასოციაციებზე, სამთავრობო ინსტიტუტებზე, ექსპერტებსა და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებზე.
თხილის სექტორის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორები
თხილის ღირებულებათა ჯაჭვში გამოვლენილი მთავარი დაბრკოლებებია:
• ცნობიერების დაბალი დონე – ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა მომსახურებათა მნიშვნელობის შესახებ. ტრადიციულადö ფერმერები არ იყენებენ სასუქებს და პესტიციდებს თხილის მოსავლელად. ასევე, დაბალია ცნობიერება მიწის ანალიზის მნიშვნელობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ აცნობიერებენ ლაბორატორიული მომსახურების როლს. მაგალითისთვის, გამოკითხულ ფერმერთა დაახლოებით 90%-მა განაცხადა, რომ ნიადაგის ანალიზს არ ატარებს და სასუქებისა და პესტიციდების საჭირო რაოდენობას მიახლოებით განსზაღვრავენ.
• ტექნიკის ნაკლებობა – ყველა მუნიციპალიტეტი არ არის აღჭურვილი სახელმწიფო მექანიზაციის ცენტრებით. ხოლო კერძო პირებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ტექნიკა გასაქირავებლად. ასევე, დეფიციტურია გაშრობისა და შეწამვლის მცირე ზომის ტექნიკა.
• ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – ფინანსებზე წვდომის ნაკლებობა თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ერთი მხრივ, ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი წარმოების უზრუნველსაყოფად; იქედან გამომდინარე, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები ფერმერებს სესხებს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით სთავაზობენ. გარდა ამისა, არც მომსახურების სხვადასხვა მიმწოდებლებს (ლაბორატორიები და მექანიზაციის ცენტრები) მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე ახალი ტექნოლოგიების შესაძენად და მათი მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
• კვალიფიციური მუშა ხელის ნაკლებობა – კვალიფიციური აგრონომების ნაკლებობა საქართველოს თხილის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მაღაზიების კონსულტანტებს არ შეუძლიათ კვალიფიციური რჩევის მიცემა ფერმერებისათვის. ასევე არის გასხვლის სერვისის მıმწოდებელი კვალიფიციური მუშების ნაკლებობა.
• ნდობის ნაკლებობა – ფერმერები არ ენდობიან სხვადასხვა მომსახურების მıმწოდებლებსა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეებს. ფერმერები არც მათ მიერ აგრო მაღაზიებში შეძენილი ნედლეულის ხარისხს არ ენდობიან. ასევე, არ ენდობიან გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ გაშრობის და შენახვის სერვისი.
რეკომენდაციები
საქართველოს თხილის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვში არსებული სისტემატური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ღირებულებათა ჯაჭვის შესასწავლად სისტემური და ჰოლისტიკური მიდგომა შევარჩიეთ და სექტორის განვითარების ხელშემწყობი შემდეგი რეკომენდაციები შევიმუშავეთ:
ნდობის გამყარება ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის – იმისათვის, რომ თხილის ღირებულებათა ჯაჭვის მთავარ მონაწილეებს შორის სინერგია არსებობდეს, აუცილებელია ნდობის დამყარება ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა მონაწილეს შორის. მაგალითად, კვალიფიციური აგრონომების მიმაგრება თითოეულ სოფელზე, რათა ფერმერებს მათი რეკომენდაციების მიმართ ნდობა გაუჩნდეთ და საკუთარი ფერმერული საქმიანობა გააუმჯობესონ. რაც შეეხება გაშრობისა და შენახვის ცენტრებს, ფერმერებს აღარ ექნებათ ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ მიმწოდებლები მოძრავ საშრობ დანადგარებს გამოიყენებენ და ფერმერებს საშუალება ექნებათ, თავად დააკვირდნენ გაშრობის პროცესს.
ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსება – ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა შესაძლებელია საკონტრაქტო ურთიერთობის (Contract Farming) ჩამოყალიბებით და სხვადასხვა სერვისების ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირების გზით. გადამამუშავებელ კომპანიებს შეუძლიათ პროცესების ხელშეწყობა და შემდგომ მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულება: გადამამუშავებელი კომპანიები, ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მიმწოდებელი მაღაზიები, ექსტენციის მიმწოდებლები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები. მიკრო საფინანსო ორგანიზაციები გასცემენ სესხს მაღაზიაზე, თუმცა სესხი იქნება ფერმერის სახელზე. ამ შემთხვევაში, მაღაზია ვალდებული იქნება, გაუწიოს მომსახურება ფერმერს წინასწარ შეთანხმებულ საშუალებებზე, დანადგარებსა და ა.შ. ამ შემთხვევაში რისკი გადანაწილდება გადამამუშავებელ კომპანიას, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მიმწოდებელ მაღაზიასა და ფერმერს შორის. როდესაც თხილი გაიყიდება, გადამამუშავებელი კომპანია დაუბრუნებს თანხას (სესხი + საპროცენტო განაკვეთი) მიკრო საფინანსო კომპანიას. ამ გზით სხვადასხვა მონაწილეთა ერთმანეთთან დაკავშირება და სხვადასხვა მომსახურების ინტეგრაცია გააუმჯობესებს ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული ყველა მონაწილის მდგომარეობას.
პარტნიორობა ცოდნის გაღრმავებისა და უნარების განვითარებისთვის – თანამშრომლობის ჩამოყალიბება და დუალური განათლების სისტემა შექმნიდა კვალიფიციური და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდა ფერმერებისა და აგრონომების ერთგვარ ჯგუფს, რომელთა მეშვეობითაც თხილის წარმოებაში ახალგაზრდების ჩართულობაც გაიზრდებოდა. ცოდნის გაღრმავების გარეშე თხილის სექტორი ჩაკეტილ წრეში დარჩება: ფერმერებში ცნობიერების დონე დაბალია, რაც ფერმერული საქმიანობისადმი არასწორ მიდგომებს აყალიბებს.
თხილის სექტორმა მხარდაჭერა და ყურადღება არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ დონორებისა და კერძო სექტორისგანაც მიიღო. თავად კვლევა ერთგვარი საფუძველს წარმოადგენს პროექტ „ფაზა II: სამართლიანი ვაჭრობა & ბიო თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება მცირე ფერმერებისათვის დასავლეთ საქართველოში“ მომდევნო ეტაპისათვის და თხილის სექტორში შესაბამისი ინტერვენციებისთვის. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (ELKANA, HEKS/EPER, ANKA და PAKKA), ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას DANIDA უზრუნველყოფს. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა და მხარდაჭერა შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებას, რაც გაზრდის ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე.