წელს ბუნებრივი კატასტროფა და ექსტრემალური ამინდი თავს უამრავ ქვეყანას დაატყდა. საბერძნეთი ხანძრებმა მოიცვა, სამხრეთ აფრიკა – წყლის დეფიციტმა. ეს წელიც მიიწურა, მაგრამ აშშ ჯერ კიდევ ტყის ხანძრებთან გამკლავებას ცდილობს. კლიმატს ნამდვილად რაღაც სჭირს. ასეთი პრობლემები იმ საზოგადოებაში ჩნდება, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე ღელავს. საქმე იმაშია, რომ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდით, რომ ეკონომიკური ზრდა კლიმატზე და ზოგადად ბუნებაზე გავლენას არ ახდენს. ეს მოსაზრება განსაკუთრებით დამაფიქრებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუნება ყოველწლიურად 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მომსახურებას გვაწვდის (WWF, Living Planet-ის ანგარიში, 2018 წ.) თუმცა წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატის1, უილიამ ნორდჰაუსის აზრით, კლიმატის ცვლილება ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. მისთვის ამ პრესტიჟული პრემიის მინიჭების უმთავრესი მიზეზი სწორედ ის ნამუშევარი გახდა, რომელშიც იგი გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზში კლიმატის ცვლილებას ითვალისწინებს. წინამდებარე სტატია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ითვალისწინებს ნორდჰაუსი კლიმატის ცვლილებას მის მოდელებსა და მოსაზრებებში და რა ეკონომიკური ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ ქვეყნებმა CO2-ის ემისიების შესამცირებლად და რეალური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. სანამ ამ საკითხს ჩავუღრმავდებოდეთ, ნორდჰაუსის კვლევის არსსა და ნეოკლასიკური ზრდის თეორიის საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ.
ნორდჰაუსის მოდელის საფუძვლები
სოლოუს ნეოკლასიკური ზრდის მოდელი იკვლევს კაპიტალის დაგროვებისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირს. ის ასევე აკვირდება ცხოვრების გრძელვადიან სტანდარტებსა და ისეთ ძირეულ საკითხებს, როგორებიცაა დანაზოგის განაკვეთი და მოსახლეობის ზრდა. გარდა ამისა, ის აანალიზებს ეკონომიკური ზრდის ტემპს დროთა განმავლობაში და განსაზღვრავს, თუ რამდენად აჩქარდება, შეჩერდება ან უცვლელი დარჩება ზრდის ტემპი. სოლოუს აზრით, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს კაპიტალი და შრომის ზრდა. ეკონომიკა კი მაშინ აღწევს წონასწორულ მდგომარეობას, როდესაც საქონელი და კაპიტალი ერთ მუშა ხელზე სტაბილურდება, ეკონომიკა მოსახლეობის (ან ტექნოლოგიების) ზრდის პროგრესულად იზრდება. შესაძლოა, სოლოუს მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ის არის, რომ ის არ ითვალისწინებს ეკონომიკური განვითარების დამაბრკოლებელ შეზღუდვებსა და პროდუქტიულობაზე გავლენის მქონე სხვა ფაქტორებს (კაპიტალისა და შრომის გარდა). ნორდჰაუსი გამოყოფს ბაზრის წარუმატებლობასთან დაკავშირებულ უარყოფით გარე ფაქტორებს (დამატებით ეფექტებს, რომლებიც ეკონომიკური აგენტების ქმედებებიდან გამომდინარეობს, როდესაც ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას ამ ეფექტებს არ ითვალისწინებენ), რომლებიც სათბურის გაზების ემისიებს იწვევს და, შესაბამისად, კლიმატზე უარყოფითად მოქმედებს. თითოეული დამბინძურებელი აგენტი მიიჩნევს, რომ მისგან გამოწვეული ემისიის დონე საზოგადოებაზე უმნიშვნელო ეფექტს ახდენს და არ ცდილობს, გააკონტროლოს საკუთარი გადაწყვეტილებები ამ ეფექტების გათვალისწინებით. შედეგად, თითოეული ეკონომიკური აგენტის საქმიანობით გამოწვეული ემისიები გლობალურ დონეზე გროვდება, კლიმატზე უარყოფით გავლენას ახდენს და ეკონომიკის ზრდასაც აფერხებს. ნორდჰაუსმა სოლოუს მოდელი კიდევ უფრო გააფართოვა და ეკონომიკურ ზრდასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირი შეისწავლა. ამან მკვლევარებს საშუალება მისცა, განესაზღვრათ, თუ როგორ შეიძლება სამთავრობო პოლიტიკის ისე შემუშავება, რომ მან გრძელვადიან პერიოდში კეთილდღეობაზე დადებითი გავლენა იქონიოს. იმისათვის, რომ ეკონომიკასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირი დაედგინა, ნორდჰაუსმა მოდელების სამი სხვადასხვა კომპლექტი შეიმუშავა.
ნორდჰაუსის ინტეგრირებული შეფასების მოდელები
ეკონომიკური თეორიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების აღმოჩენების გაერთიანებით, ნორდჰაუსმა ჩამოაყალიბა მოდელები, რომლებიც დისციპლინათაშორისი მიდგომით გამოირჩევა. საბუნებისმეტყველო მეცნიერების ამ პროცესში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოდელები ნახშირბადის ციკლისა და წიაღისეული საწვავის ურთიერთკავშირს ემყარება.
მისი ერთ-ერთი მოდელი CO2-ის გამოყოფის გლობალურ დონეს აკვირდება და აქცენტს ნახშირბადის რეზერვებზე აკეთებს: ბიოსფერო და ოკეანის ზედაპირი, ატმოსფერო და ღრმა ოკეანე. მისი მეორე მოდელი აკვირდება, თუ როგორ ზემოქმედებს CO2 და სხვა სათბურის გაზების კონცენტრაცია ენერგიის ბალანსზე ატმოსფეროსა და დედამიწას შორის. იმის გასაზომად, თუ როგორ იცვლება ენერგიის გლობალური ბალანსი დროში, საჭიროა გლობალური ტემპერატურის წინასწარ განსაზღვრა. უფრო კონკრეტულად, ეს მოდელი გადამწყვეტ როლს თამაშობს გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელისათვის. პანელი შეიმუშავებს შეფასების ანგარიშებს, სადაც სამეცნიერო, სოციალურ-ეკონომიკური და ტექნიკური ასპექტებია გათვალისწინებული. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ასევე წარუდგენენ სხვადასხვა შესაძლებლობებს ცვალებად გარემოსთან ადაპტირებისა და მასთან გამკლავებისათვის.
ნორდჰაუსის მოდელის მთავარი ხიბლი სწორედ ეკონომიკური ზრდის ნაწილია. აღნიშნული მოდელი კონცეპტუალურად აყალიბებს, თუ რა გავლენას ახდენს გლობალური ბაზარი ემისიების დონეზე. მაგალითად, ეს არის წიაღისეულის წვა ენერგიისათვის, რომელიც მის მოდელში ერთ-ერთ ფაქტორადაა მიჩნეული (წიაღისეულის წვა როგორც საზოგადოების ქმედება ენერგიის მისაღებად). წიაღისეულის წვა მის მოდელში წარმოჩენილია როგორც გარეგანი ეფექტი, რომელიც CO2-ის ემისიებს იწვევს და უარყოფით გავლენას ახდენს მშპ-ის ზრდის ტემპზე. ნორდჰაუსის მოდელის სხვა წარმოების ფაქტორები სოლოუს მოდელის მსგავსად კაპიტალი და შრომაა.
გარემოს ცვლილებებთან ადაპტირების გასამარტივებლად (ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია შესაბამისი პოლიტიკის გატარების წარმატების დონეზე) ნორდჰაუსი კიდევ ერთ შრეს ამატებს: კერძოდ, რა გავლენას ახდენს ნახშირზე ფასების ცვლილება CO2-ის ემისიასა და ეკონომიკის ზრდაზე. იმის წარმოსაჩენად, თუ რა ეფექტი მოჰყვება CO2-ის ემისიებს არა მხოლოდ საზოგადოებაზე, არამედ ეკონომიკურ აქტივობაზე, ნორდჰაუსი აღწერს CO2-ისა და კეთილდღეობის გლობალურ დონეს დროში და გვიჩვენებს, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ემისიები კლიმატსა და მშპ-ზე. ზარალის განმსაზღვრელი პარამეტრი ავლენს, თუ რა დანაკარგები აქვს საზოგადოებას გლობალური დათბობის შედეგად. ამის საჩვენებლად ნორდჰაუსი წარმოაჩენს დანაკარგებს ფერმერულ საქმიანობაში, ბიომრავალფეროვნების საკითხებში, სანაპირო რეგიონებში და ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით. ეს ფუნქცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკონომიკური საქმიანობის საზოგადოებაზე გავლენის გასაანალიზებლად. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო შედეგი მცირე ინვესტიციების წილი და მოხმარების რესურსებია. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ნორდჰაუსის ეკონომიკური მოდელები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზიანს მონეტარული ღირებულებით გამოხატავს. მისი მოდელები ასევე გვიჩვენებს, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ამ ზარალის თავიდან აცილება ან გამოსწორება.
შესაძლებელია თუ არა გლობალური გამოსავლის პოვნა?
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გრძელვადიან პერიოდში გლობალური დათბობის რეალური შედეგების წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ ნორდჰაუსის მოდელები საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება ემუქრებოდეს მომავალი თაობების კეთილდღეობას, თუ დღეს ეკონომიკის კონკრეტულ გეზს ავირჩევთ. მის მოდელებზე დაყრდნობით, მთავრობებს შეუძლიათ გააანალიზონ, თუ რა მონეტარულ შედეგებამდე მიიყვანს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები. შესაძლო გამოსავლის სახით ნორდჰაუსი ნახშირბადის საერთაშორისო სამიზნე ფასის შემუშავებას გვთავაზობს. მისი თქმით, ნახშირბადის ფასებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია კლიმატის კლუბის მეშვეობით, სადაც მონაწილე ქვეყნები CO2-ის ემისიების შემცირების სხვადასხვა მექანიზმებზე შეთანხმდებიან: გადასახადი ნახშირბადზე, ემისიებით ვაჭრობა ან ამ ორის კომბინაცია. იმისათვის, რომ კლუბის წევრი გახდე, ნახშირბადის მინიმალური ფასის შესახებ შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული (ნორდჰაუსის მიერ შემოთავაზებული ფასი ერთ ტონა CO2-ზე 25 აშშ დოლარს შეადგენს). მსგავსი სამიზნე ფასი უნდა დაწესდეს სათბური გაზების სხვა ემისიებისთვისაც. შეუსაბამობის შემთხვევაში, დამრღვევი ქვეყნის საქონელზე იმპორტის ტარიფების სახით კლიმატის კლუბის წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვანი სანქციები გავრცელდება. ტარიფები ისე უნდა დაწესდეს, რომ მოიზიდოს ქვეყნები კლუბში გასაწევრიანებლად.
მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში 51 ნახშირბადის ფასების ინიციატივა არსებობს (ან იარსებებს). ამ 51 ინიციატივიდან, 25 ემისიების ვაჭრობის სისტემებს ეხება (ETS), ხოლო 26 – ნახშირბადის გადასახადების მიმდინარე ან დაგეგმილ სქემებს. მხოლოდ 2018 წელს, ამ ინსტრუმენტების მეშვეობით 82 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დოვლათი შეიქმნა. სამწუხაროდ, ნახშირბადის ფასების არსებული სქემები გლობალური ემისიების მხოლოდ 20%-ს ფარავს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ არ შეგვიძლია გლობალურად არსებული ემისიების კომპენსირება, მიუხედავად ისეთი საერთაშორისო ლეგალური შეთანხმებებისა, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის (UNFCCC) კიოტოს ოქმი. შესაძლოა ეს იმის შედეგია, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერეს იმ ქვეყნებმა, რომელთაც ემისიების წარმოქმნაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით. სწორედ ამიტომ, ვინაიდან ამჟამად გლობალური ემისიების ეფექტიანად შეზღუდვა არ შეგვიძლია, ნორდჰაუსის მოდელი კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ და ვეცადოთ, გავიგოთ, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა პოლიტიკური მიდგომები ეკონომიკის ზრდაზე ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით. გარდა ამისა, აუცილებელია, მსოფლიოს მოსახლეობამ და პოლიტიკოსებმა გაიაზრონ, რომ გარემოზე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგის მომტან უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ახლო მომავალშივე საზიანო ეფექტი ექნება ეკონომიკის ზრდასა და ადამიანთა კეთილდღეობაზე.
1 წლევანდელი ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში უილიამ ნოდრჰაუსსა და პოლ რომერს გადაეცათ.