რატომაა მნიშვნელოვანი ენერგიის ბაზრის კონკურენტულობა? რა დადებითი შედეგები აქვს ელექტროენერგიის მიწოდების ბაზრის კონკურენტულობის ზრდას?
სოციალური ნამატის წარმოშობის მთავარი მიზეზია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დაბალი ფასების პირობებში. ელექტროენერგიის ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია ავტომატურად ნიშნავს უფრო ჯანსაღ ბაზარს, რაც შესაძლოა ბაზრის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაკლებ შემთხვევას ან არაეფექტიანი კომპანიების „ბუნებრივ გადარჩევასა“ და, შესაბამისად, ბაზრის საერთო ეფექტიანობის ზრდაში გამოიხატებოდეს.
ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციის ზრდა საქართველოს მთავრობის საერთაშორისო ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. 2016 წლის ოქტომბერში საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონებთან სინქრონიზაციის კუთხით. გარდა ამისა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებიც აქვს აღებული. შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების ყველა ეტაპზე კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ბაზრის არსებობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
ამჟამად, ელექტროენერგიას უმეტესად დიდი თბოელექტროსადგურები („მტკვარი“, „თბილსრესი“, G-power, „გარდაბანი“ ), და მარეგულირებელი და სეზონური ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებს. მათ შორის მთავარი მიმწოდებლებია „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“. მთლიანობაში, უკანასკნელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გამომუშავების ბაზარზე 5 თბოელექტროსადგური, 7 მარეგულირებელი, 17 სეზონური და 60 დერეგულირებული, პატარა ჰიდროელექტროსადგური (40 მვტ-მდე) ფუნქციონირებს.
საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მთავარ მოთამაშეებს მთავრობა, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (GIEC), ენერგო-პრო ჯორჯია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) და „თელასი“ წარმოადგენენ. საქათველოს მთავრობა ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 43% ფლობს, GIEC – 15%-ს, ენერგო-პრო ჯორჯია კი – 14%-ს. GWP მთლიანი დადგმული სიმძლავრის მხოლოდ 4%-ს ფლობს, „თელასი“– 5%-ს, დარჩენილი წილი კი ელექტროენერგიის მცირე კომპანიებს ეკუთვნით.
ჩვენ გამოვითვალეთ ჰირშმანისა და ჰერფინდალის ინდექსი (HHI) იმისათვის, რომ შეგვეფასებინა საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების ბაზრის კონკურენტუნარიანობა ისტორიულ ჭრილში. აღნიშნული ინდექსი საკმაოდ მარტივად შეფასებადი ინდიკატორია და შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი ბაზრის სტრუქტურა სხვა, განვითარებული ბაზრების სტრუქტურებს შევადაროთ, ვისწავლოთ მათი გამოცდილებიდან და შევძლოთ ნაკლებად კონცენტრირებული ბაზრის ჩამოყალიბება.
HHI ინდექსი ზომავს, თუ რამდენად კონცენტრირებულია ესა თუ ის ბაზარი მისი თითოეული მოთამაშის წილის კვადრატული პროპორციის (პროცენტებში გამოხატული) მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ HHI 0-დან 10 000-მდე მერყეობს. კონცენტრირებული ბაზრები მონოპოლისტური ძალაუფლებით ხასიათდება (თუ HHI=10 000, გვაქვს წმინდა მონოპოლია), ხოლო ნაკლებად კონცენტრირებულ ბაზრებზე მაღალი კონკურენციაა (თუ HHI=0, გვაქვს იდეალური კონკურენცია).
შესაბამისად:
• მიიჩნევა, რომ ბაზარს აქვს კონცენტრაციის მაღალი დონე თუ HHI 2500-ზე მაღალია;
• ზომიერად კონცენტრირებულია ბაზარი, თუ HHI-ის დონე 1500-დან 2500-მდე მერყეობს;
• ბაზარი არაკონცენტრირებულია, თუ HHI-ის დონე 1500-ზე დაბალია.
2018 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებული იყო და HHI-ის დონე 1648-ს აღწევდა, რაც არაკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელთან, 1500-თან საკმაოდ ახლოს იყო. 2018 წლის ოქტომბერში კი ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა 2053-ს მიაღწია, რაც არაკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს, 1500-სა და მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს 2500-ს შორის იყო. 2018 წლის ნოემბერში HHI მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ხოლო 2017 წლის ნოემბერთან შედარებით 2018 წლის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია (2017 წლის ნოემბერში HHI-ის დონე 2188 იყო და გაცილებით უფრო ახლოს იყო მაღალკონცენტრირებული ბაზრის კლასიფიკაციასთან).
გრაფიკი 1. HHI 2018 წლისთვის
2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელი (იხ. გრაფიკი #1) მთელი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი იყო და 2018 წლის მარტის მაჩვენებელს სულ მცირედით ჩამოუვარდებოდა. ნოემბრის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მაშინაც კი, როდესაც 2011-2018 წლის მონაცემებს (იხ. გრაფიკი #2) ვადარებთ. ამ წლების განმავლობაში 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2014 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.
გრაფიკი 2. HHI სხვადასხვა წლის ნოემბერში (2011-2018 წწ.)
თუ დავაკვირდებით 2014 წელს (2018 წლის ნოემბრის მაჩვენებლის მსგავსად) დაფიქსირებული დაბალი HHI-ის მიზეზებს, აღმოვაჩენთ, რომ ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი „გარდაბნის“ თბოელექტროსადგური ჯერ აშენებული არ იყო. ასევე არ ფუნქციონირებდა ელექტროსადგურები „ქართლი“ და „ტყიბული“, რომლებიც გამომუშავების ბაზრის დიდ მოთამაშეებს ეკუთვნით. გარდა ამისა, ბაზარზე არ ჩანდნენ არც პატარა ელექტროსადგურები, რომლებიც დიდი მასშტაბის გამომუშავების მქონე კომპანიების მფლობელობაშია. ამ ფაქტორების გარდა, მარეგულირებელი და სეზონური ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების შემცირებამაც შეუწყო ხელი HHI-ის მაჩვენებლის ვარდნას. შესაბამისად, HHI-ის დაბალი მაჩვენებელი არც არის გასაკვირი.
2014 წლის შემდეგ, ხუთი დამოუკიდებელი სეზონური ჰიდროელექტროსადგური და თხუთმეტი პატარა ჰიდროელექტროსადგური (რომელთაგან მხოლოდ სამი ეკუთვნის GWP-ის) შემოვიდა ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ 2014-2018 წლებში ელექტროენერგიის ბაზარზე გამოჩნდნენ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი „გარდაბანი“ და ქართლი“, GIEC-ის მფლობელობაში მყოფი „ტყიბული“, მრავალი დამოუკიდებელი, კერძო ჰიდროელექტროსადგურის აშენებამ, სეზონური და მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების (რომლებსაც ბაზრის მთავარი და ძლიერი მოთამაშეები ფლობდნენ) გამომუშავების შემცირებამ მაინც თავისი ქნა და HHI-ის მაჩვენებელმა ნოემბერში შვიდი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
რა შეიძლება ითქვას საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების კონცენტრაციის დაღმავალ ტენდენციაზე? ამ ეტაპზე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, რაც ელექტროენერგიით ვაჭრობის ბაზარზე დადებით გავლენას ახდენს. რაც უფრო ნაკლებად კონცენტრირებულია ბაზარი, მით უფრო ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ ბაზრის რომელიმე მოთამაშემ დიდი ძალაუფლება მოიპოვოს და ბაზრის ფასებზე გავლენა მოახდინოს. შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში და აისახება თუ არა ეს ელექტროენერგიის ფასების შემცირებაზე? ამჟამად ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა მომდევნო წლების ტენდენციას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ. თუ ახლახან გამოცხადებული საჯარო-კერძო პარტნიორობის ინიციატივა განხორციელდება, სავარაუდოა, რომ ის გავლენას მოახდენს ბაზრის კონკურენტულობასა და HHI-ის მაჩვენებელზეც; იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გავლენა დადებითი იქნება.