2018 წლის დეკემბერში პოლონეთში გასამართი COP24 კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის მზადების დროს მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიში, რომელშიც ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურის სულ რაღაც ნახევარი გრადუსით, 1.5-დან 2 გრადუსამდე ზრდას. IPCC-ის უახლეს ანგარიშზე ცხარე დებატები გაიმართა, რის პარალელურადაც ამ წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში უილიამ ნორდჰაუსმა მიიღო. თანაც, ეს მხოლოდ შვედეთის მთავარ გაზეთებში გამოქვეყნებული ინფორმაციის დამსახურება არ გახლავთ, ნორდჰაუსი არც მშობლიურ აშშ-ში დარჩა ყურადღების გარეშე. ნორდჰაუსის შეფასების ინტეგრირებულ მეთოდებს უკანასკნელი წლების მანძილზე ისეთი ანალიტიკოსები აკრიტიკებენ, როგორებიც არიან რობერტ პინდიკი და მარტინ ლ. ვაიცმანი. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს (ზოგიერთი მკვლევარის მიერ დაწუნებული) ნორდჰაუსის ეკონომიკური მოდელები კლიმატის ცვლილების გარშემო გაჩაღებული დებატებისათვის?
კლიმატის ცვლილების COP24-ის კონფერენცია ერთგვარ საერთო გზამკვლევზე შეჯერდა, თუმცა დისკუსიები ბოლო წუთამდე არ შემწყდარა და მომავალ, ჩილეში1 დაგეგმილ COP25 კონფერენციაზეც გაგრძელდება. რასაკვირველია, ნორდჰაუსის ნობელის პრემია დროული იყო და, შესაძლოა, სწორედ იმის დასტურიც გახლავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისათვის (რომლის მოწინავე პოზიციებზეც ნობელის კომისიაა) კლიმატის ცვლილების შეჩერება. ცოტა ხნის წინ, მე და მარიამ ლობჯანიძემ გამოვაქვეყნეთ სტატია, რომელშიც საუბარია, რამდენად მნიშვნელოვანია ნორდჰაუსის პრემია კლიმატის ცვლილებების საკითხებისთვის და, ზოგადად, ჩვენთვის. ჩვენი აზრით, ნორდჰაუსის კვლევის არსი არის ნახშირორჟანგებითა და სხვა სათბური გაზებით დაბინძურების შემცირება, რისთვისაც იგი ნახშირბადზე ფასების დაწესების სქემას იყენებს. თუმცა ჩვენი სტატია მისი მოდელების კრიტიკულ ანალიზს არ გულისხმობდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში შემოგთავაზოთ ნორდჰაუსის კვლევების საწინააღმდეგო არგუმენტები, რომლებიც შვედ მკვლევარებთან, ანდერს ჰანსონთან, სიმონ ჰაიკოლასა და მაქს იერნეკთან ლინკოპინგის უნივერსიტეტის ჟურნალში 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ2.
არგუმენტები ნორდჰაუსის წინააღმდეგ
უკვე მრავალი წელია, რაც კლიმატზე მომუშავე მეცნიერებს ნორდჰაუსის გამოთვლებში ეჭვი შეაქვთ და მსჯელობენ მის მოდელებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ლეგიტიმურობაზე. მსურს, ამ მოსაზრებების შეჯამება შემოგთავაზოთ და შვედი მკვლევარების ბოლოდროინდელი კრიტიკის არსი გაგაცნოთ.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნორდჰაუსის კლიმატის ცვლილებების მოდელის მიმართ კრიტიკა კლიმატის ცვლილების ყველა გრძელვადიანი პროგნოზის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებაში არ უნდა აგვერიოს. ამ შემთხვევაში, კრიტიკა მიმართულია კონკრეტულად იმ მოდელებზე, რომლებსაც ნორდჰაუსი იყენებს. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პირველის მიხედვით, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იმ მრავალი გაუთვალისწინებელი ფაქტორის გამო, რომლებიც კლიმატის ცვლილების ეკონომიკის პროგნოზირებას ახლავს თან, მოდელირების შედეგად მიღებულ შედეგებს და მათთან დაკავშირებულ გაურკვევლობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მათ მიაჩნიათ, რომ ნორდჰაუსის მოდელების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, ვინაიდან მისი კვლევების ციტირება ხშირად კლიმატის პოლიტიკის კონტექსტში გვხვდება და აშშ-ში სახელმწიფო მის მოდელს ხშირად ისე იყენებს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველს. მეორე, ეს არის ნორდჰაუსის მოდელების ძირითადი დაშვებები. კრიტიკოსების აზრით, ეს მოდელები არ შეიცავს მნიშვნელოვან ღირებულებას კლიმატის ცვლილების რეალობის აღწერასთან მიმართებაში.
ერთ-ერთი გავრცელებული კრიტიკული მოსაზრება ნორდჰაუსის იმ გამოთვლას უკავშირდება, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილების დანახარჯებასა და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ ზარალს შორის არსებულ ოპტიმალურ, გარდამტეხ წერტილს განსაზღვრავს. ნორდჰაუსის გამოთვლებით, მისაღებია, რომ ნახშირორჟანგის დონემ ზრდა განაგრძოს. იგი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური ეკონომიკის მდგომარეობის მისაღწევად, მსოფლიოს შეუძლია გაუმკლავდეს ტემპერატურის 3-3.5°C-ით ზრდას პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. უილიამ ნორდჰაუსის მიერ დადგენილი 3-3.5°C გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 2015 წელს პარიზში მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მიერ დადგენილი 2°C. ნორდჰაუსის მოდელების მიხედვით, გარემოს ცვლილებები წრფივად მიმდინარეობს და თავად ნორდჰაუსიც მიიჩნევს, რომ ეს მისი მოდელების მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა. არაერთი მკვლევარი გვაფრთხილებს, რომ, თუ ტემპერატურა ამ ზღვარს ასცდება, შესაძლოა პლანეტამ გარდამტეხ წერტილს მიაღწიოს, რაც სავარაუდოდ, შეუქცევად ცვლილებებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, გლობალური სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება იმაზეც, რომ შეუძლებელია რისკების გამოთვლა, რომლებიც ტემპერატურის 3 გრადუსზე მეტ ზრდასთანაა დაკავშირებული. როგორც შვედი მკვლევარები მიიჩნევენ, კლიმატის შესახებ კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს თვითმზარდი ფაქტორები, რომლებიც კლიმატზე გავლენას ახდენს და რომელთა წინასწარ განსაზღვრაც ძალიან რთულია. ამის მაგალითია მარად მზრალი ქვენიადაგის დნობა და ამ პროცესის თანმდევი პროცესი – მეთანის გამოთავისუფლება.
ნორდჰაუსის მოდელებთან დაპირისპირებული კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, ნორდჰაუსის კვლევები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ხარჯებს მხოლოდ მომავალში აღრიცხავს და უფრო დიდ ღირებულებას ანიჭებს არსებულ, ნახშირბადზე დაფუძნებულ ზრდას, ვიდრე მწვანე ალტერნატივებს. არსებითად, მისი მოდელების მიხედვით, მწვანე ტექნოლოგიებში ნებისმიერი ინვესტიცია ტვირთად აწვება არსებულ კეთილდღეობას, რისი ანაზღაურებაც მხოლოდ გრძელვადიან პერიოდშია შესაძლებელი. ასე რომ, როგორც შვედი მკვლევარები აღნიშნავენ, ნორდჰაუსის მოდელები, გარდა ზარალის შერბილებისა, არ ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებაში ინვესტიციის პოტენციურად სარგებლიან ეკონომიკურ შედეგებს. კლიმატის ცვლილებისადმი მიმართული ქმედებები მის მოდელებში მუდმივად ისეა წარმოჩენილი, როგორც მსხვერპლი, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა აბსოლუტურად აუცილებელი არ გახდება. რამდენადაც კლიმატის ცვლილების კონკრეტული შედეგების განსაზღვრა ძალიან რთულია, ნორდჰაუსის მოდელები ისეა შემუშავებული, რომ კონსერვატიულ შედეგებამდე მიგვიყვანოს და კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში შედარებით ნაკლები აქტიურობისკენ გვიბიძგებს.
შვედი მკვლევარების გარდა, ნორდჰაუსის სხვა კრიტიკოსებიც ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მის მოსაზრებებში უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი გლობალური სამართლიანობის იდეები. ნორდჰაუსის მოდელების მიხედვით, ერთი, გლობალური სუბიექტი წყვეტს უნდა გაიზარდოს თუ არა მოხმარება, ინვესტიცია და კლიმატის შერბილებისადმი მიმართული ღონისძიებების რაოდენობა. შესაბამისად, მისი მოდელები აბსტრაქტული (და რა თქმა უნდა, სრულიად იდეალისტური) გლობალური „სარგებლის“ ოპტიმიზაციაზეა მიმართული, რომელიც არ ითვალისწინებს უზარმაზარ განსხვავებებს გეოგრაფიულ მდებარეობებს შორის კეთილდღეობის, მოწყვლადობისა და ადაპტაციის კუთხით.
ნორდჰაუსი – არასასურველი ზეგავლენის მომხდენი?
უილიამ ნორდჰაუსის კონცეფციებს უდიდესი გავლენა აქვს კლიმატის მენეჯმენტის პოლიტიკაზე, რადგან მან პირველი მოდელი ჯერ კიდევ 1975 წელს შეიმუშავა. შვედი მკვლევარების აზრით, შემაშფოთებელია, რომ მრავალმა ადამიანმა შეიტანა ეჭვი იმ რადიკალური ცვლილების საჭიროებაში, რომელიც წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი მსოფლიოს მიღწევას გულისხმობს. შესაძლოა ნორდჰაუსის მოსაზრებების ისე გავიგოთ, როგორც რეკომენდაცია კლიმატის ცვლილების ნელი, ეტაპობრივი შერბილებისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს ეთანხმება ტემპერატურის ზრდის 2 გრადუსიან მაჩვენებელს. ეს განსაკუთრებით უცნაური იმიტომ გახლავთ, რომ მისი მოდელები 2 გრადუსით (და მეტ) დათბობას ყოველთვის ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევდა. ნორდჰაუსს მიაჩნია, რომ ნახშირორჟანგზე გადასახადის დაწესება ემისიების რეგულაციის ერთადერთი გზაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ CO2-ის ემისიებზე გადასახადის დაწესება უდავოდ საჭიროა, მისი შეხედულებები არ ითვალისწინებს იმ დამატებით სტიმულებს, რომლებიც ალტერნატიული ტექნოლოგიების განვითარებისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, ასეთი გლობალური ინიციატივა დაუსრულებელ პოლიტიკურ დავებს გამოიწვევდა. მაგალითად, პეტი და ლილისტემი (2018 წ.) მიიჩნევენ, რომ ნახშირბადზე ფასების განსაზღვრა არ არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება წიაღისეული საწვავისგან თავისუფალ ენერგეტიკულ სისტემაზე გადასვლა. მათი აზრით, ფინანსური, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული ბარიერების გადასალახად პოლიტიკური ინსტრუმენტებია საჭირო, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიებით იქნება გამყარებული, რაც მსოფლიოს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების აღმოფხვრაში შეუწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც სხვა მკვლევარებმა ნორდჰაუსის მოდელები კლიმატის მეცნიერებასთან შესაბამისობაში მყოფი სხვა მნიშვნელობების გამოყენებით დააზუსტეს (განსაკუთრებით, ნიკოლას სტერნმა), თავად ნორდჰაუსის მიერ შემუშავებული დათბობის ოპტიმალური მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატება მეცნიერების შეთანხმებას ამ მაჩვენებლების გონივრულ დონესთან მიმართებაში.
პრობლემური კავშირი პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მეცნიერებას შორის
შვედი მკვლევარები სხვა წამყვან მეცნიერებთან ერთდ, რომლებიც ნორდჰაუსის თეორიებს აკრიტიკებენ, მიიჩნევენ, რომ ნორდჰაუსისადმი გაზრდილი ყურადღება და ის ლეგიტიმურობა, რაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის მიღებას ახლავს თან, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ისინი აცხადებენ, რომ ნორდჰაუსის მოდელები მისი იდეოლოგიითაა შეფერილი, რომლებსაც პოლიტიკური საფუძველი უდევს და ჩნდება რისკი, რომ კლიმატის ცვლილების საკითხები მისი მოდელების მეცნიერული სიზუსტის ილუზიით დაიჩრდილება. ნორდჰაუსის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მის მოდელებს სინამდვილეში ძალიან მცირე ან არაფერი აქვს საერთო რეალურ სამყაროსთან და დახმარების ნაცვლად პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით დაბნეულობას იწვევს. ეკონომიკის დარგში პრემიის მიღება ნორდჰაუსის მოსაზრებათა ლეგიტიმურობას ზრდის და შედეგების ინტერპრეტაციის კუთხით (არჩეული გეზის მიუხედავად) პრიორიტეტს სწორედ მას ანიჭებს. ათწლეულების განმავლობაში, მის მოდელებზე დაყრდნობით, გზავნილი ის გახლდათ, რომ შესაძლებელია ქმედების გადადება და ყოველთვის შეიძლება უმოქმედობის გამართლება. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნები ნახშირბადზე გლობალური გადასახადის მიღებაზე თანახმანი არ არიან, ეს ყველაფერი საშიშ სახეს იღებს.
როგორც ამ სტატიაში აღინიშნა, კლიმატის ცვლილების ეკონომიკა ნაკლოვანებებით გამოირჩევა. როგორც შვედი მკვლევარები აღნიშნავენ, არაფერია იმაში ცუდი, რომ მეცნიერები თავიანთი იდეების საფუძვლად ამა თუ იმ იდეოლოგიას იყენებდნენ. თუმცა ეს პრობლემატური ხდება, როდესაც ისინი ამას უარყოფენ. უილიამ ნორდჰაუსის რეკომენდაცია (რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილების საუკეთესო პოლიტიკა უმოქმედობაა) ეწინააღმდეგება იმ მიგნებებს, რომლებიც კლიმატის მეცნიერებაში დღემდე არსებობს. გარდა ამისა, შვედი მკვლევარები შიშობენ, რომ მის რეკომენდაციებს გრძელვადიან პერიოდში მსოფლიოს კლიმატისთვის კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია. ალფრედ ნობელი ანდერძში აღნიშნავდა, რომ პრემია მათ უნდა გადასცემოდათ, ვინც „კაცობრიობას ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა“. უილიამ ნორდჰაუსის შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, მოუტანა თუ არა მისი მოდელების ინტერპრეტაციამ სარგებელი კაცობრიობას. აქედან გამომდინარე, მისი წვლილი კლიმატის ცვლილების საკითხებში გარკვეულწილად საეჭვოა.
1 პარიზის შეთანხმების გზამკვლევი პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელსაც ქვეყნებმა მას შემდეგ უნდა მისდიონ, რაც 2020 წელს შეთანხმება ძალაში შევა. სახელმძღვანელოს მიღება უზრუნველყოფს, რომ ქვეყნები აქვეყნებენ მონაცემებს არამხოლოდ CO2 ემისიების, არამედ დაბინძურების შემცირების შესახებ მონაცემებს.
2 ანდერს ჰანსონი (ასოცირებული პროფესორი) და სიმონ ჰაიკოლა (მკვლევარი) წარმოადგენენ ლინკოპინგის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერებებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრს, მაქს იერნეკი კი არის სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მკვლევარია.