შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ლარის მოკლევადიანი მერყეობა: გამოცნობანას თამაში მაღალი ფსონებით
ორშაბათი, 27 მაისი, 2019

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ ისევ გაუფასურდა. ქართულმა ვალუტამ დაახლოებით რვა თეთრით იკლო და მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებს შორის მღელვარების მორიგი ტალღა გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მერყეობაა, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი მოლოდინებით, თურქული ლირის გაუფასურებით და დოლარის გლობალური გამყარებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის ეკონიმიკის ფუნამენტურ ფაქტორებთან; მეორე მხრივ, ოპოზიციის წევრებმაც არ დააყოვნეს და ლარის გაუფასურების მიზეზად არაკომპეტენტური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დაასახელეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ მოკლე ვადაში შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები. ამის მიზეზი, ძირითადად, მონაცემების ხელმისაწვდომობა ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მონაცემების არარსებობაა; მაისის თვის ვაჭრობის მაჩვენებლები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსული თანხები ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, ავხსნათ ბოლოდროინდელი რყევები მაკროეკონომიკური ფაქტორებით, მხოლოდ ზოგადი ვარაუდია. თუმცა თურქული ლირის რყევების მოშველიება ლარის ყველა „პრობლემის“ ასახსნელად უფრო ლოგიკური (და ამავე დროს, მარტივი) გზაა მომაბეზრებელი ჟურნალისტების თავიდან მოსაშორებლად.

ერთი შეხედვით, თითქოს ადვილია ამ ორი ვალუტის „თანამოძრაობის“ დასკვნამდე მისვლა. ურთიერთკავშირის დასადგენად, შეგვიძლია უბრალოდ შევხედოთ ვალუტის კურსის ცვლილებებს აშშ დოლართან მიმართებაში. გრაფიკი #1 გვიჩვენებს აშშ დოლარის ქართულ ლართან, რუსულ რუბლსა და თურქულ ლირასთან მიმართებაში გამყარების დინამიკას უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე (აღმასვლა ნიშნავს, რომ აშშ დოლარი მოცემულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა). ამ სამი ვალუტიდან ლირა ყველაზე მეტად შესუსტდა (190.82%), მაშინ, როდესაც დოლარმა ლართან მიმართებაში „მხოლოდ“ 57.08%-ით მოიმატა. თუმცა, მიუხედავად ვალუტების ცვლილებებში განსხვავებული მასშტაბებისა, მათი მიმართულება მსგავსია. მაგალითად, ლირა და ლარი 2018 წლამდე „მხარდამხარ“ იცვლებოდა, ხოლო რუბლი და ლარი 2017 წლიდან პარალელურ გზას მიჰყვებოდა.

გრაფიკი 1. აშშ დოლარი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებაში

ამ ურთიერთკავშირის გასაზომად და ასახსნელად ეკონომისტები დახვეწილ ეკონომეტრიკულ მოდელებს იყენებენ, რომლებიც მრავალ წელს  და ცვლადს მოიცავს. არა-ეკონომისტებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ ეს მოდელები ზედმეტად „ეზოთერულია“ და უფრო მარტივია ინტუიტიური, „გულუბრყვილო“ მოდელის გამოყენება ლარსა და სხვა ვალუტებს შორის კორელაციის გამოთვლის მეშვეობით. ცხადია, მჭიდრო ეკონომიკური კავშირი რეგიონის სხვა ქვეყნებთან (რუსეთი, თურქეთი ან აზერბაიჯანი) შეუძლია ახსნას, თუ რატომ იცვლება ლარი სხვა ვალუტებთან უნისონში და ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებისთვისაც მარტივი ახსნა გვექნებოდა. მაგალითად, თუ ქართველი მუშა თურქეთში ხელფასს ლირაში იღებს, რომელსაც შემდეგ საქართველოში გადმოსარიცხად აშშ დოლარში ახურდავებს, თურქული ლირის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება თავისთავად იგულისხმებდა ქვეყანაში ნაკლები აშშ დოლარის შემოდინებას, რაც საქართველოს შიდა ვალუტის ბაზარზე აშშ დოლარის ფასის ზრდას გამოიწვევდა.

თუმცა ამ ბლოგით მსურს ის ნაკლოვანებები წარმოვაჩინო, რომლებიც ვალუტის მოკლევადიანი ცვლილებების გულუბრყვილო მიდგომით (მარტივი კორელაციების) ახსნას ახლავს თან. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ლარსა და სხვა 40 ვალუტას შორის სხვადასხვა პერიოდში მარტივ კორელაციას გამოვითვლით (იხ. ცხრილი #1), ქართულ ლარსა და რუსულ რუბლს შორის კორელაცია უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 0.85-ია და 2006 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე (ქართულ ექსპორტზე რუსული ემბარგოს პერიოდი) ის მხოლოდ 0.45-ს შეადგენდა. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე კორელაციის კოეფიციენტი თურქულ ლირასთან 0.81-ია, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში 0.89-ს უტოლდება. შესაძლოა, ეს შედეგები ძალიან ლოგიკურად მოგვეჩვენოს, ვინაიდან ეს ქვეყნები ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებსა და ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენენ; მათი ვალუტის ცვლილებები ლარზე აღნიშნული და მოლოდინების არხების მეშვეობით აისახება. თუმცა ვხედავთ, რომ კორელაციის კოეფიციენტები ბელარუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასთან, ქუვეითურ დინართან, ნორვეგიულ კრონსა და შვედურ კრონასთან მიმართებით 0.9-ზე მაღალია, რაც ჩვენს წინა დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს. ამის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ პირველ ცხრილში მოცემული მაღალი კორელაციები თითქმის ყველა ქვეყანასთან იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ სავალუტო კურსებზე ერთი და იგივე ფაქტორები მოქმედებდა (განსაკუთრებით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში); ეს ფაქტორებია აშშ დოლარის გლობალური გამყარება ან/და ნავთობის ფასების ცვლილება მსოფლიო  ბაზრებზე. იმისათვის, რომ ამ გავლენების განცალკევება შევძლოთ, საჭიროა დახვეწილი, „ეზოთერული“ მოდელების გამოყენება.

ცხრილი 1. ქართული ლარის გაცვლითი კურსის კორელაცია სხვა ვალუტებთან

ვალუტა 2003-2019 ივნისი 2003 - 2006 ივნისი 2006-ივნისი 2013 ბოლო ხუთი წელი
სომხური დრმაი 0.60 0.91 0.54 0.92
ავსტრალიური დოლარი 0.55 0.72 0.03 0.90
აზერბაიჯანული მანათი 0.90 0.60 0.08 0.89
ბელარუსული რუბლი 0.80 -0.70 -0.01 0.95
ბულგარული ლევი 0.83 0.66 0.57 0.79
კანადური დოლარი 0.77 0.83 0.08 0.90
ჩინური იუანი -0.04 0.51 0.13 0.82
ჩეხური კრონა 0.59 0.85 0.53 0.58
დანიური კრონი 0.83 0.66 0.56 0.79
ეგვიპტური გირვანქა 0.82 0.00 0.19 0.78
ევრო 0.83 0.67 0.57 0.79
უნგრული ფორინტი 0.83 0.48 0.51 0.84
ისლანდიური კრონი 0.18 0.18 0.22 -0.20
ირანული რიალი 0.80 -0.94 0.03 0.82
ისრაელის შეკელი -0.06 0.14 0.40 0.21
იაპონური იენი 0.47 0.34 -0.15 0.51
ყაზახური ტენგე 0.85 0.91 0.17 0.89
ქუვეითური დინარი 0.88 0.82 0.74 0.93
მოლდავური ლეი 0.88 0.69 0.75 0.75
ნორვეგიული კრონი 0.93 0.74 0.44 0.92
პოლონური ზლოტი 0.79 0.84 0.58 0.79
გირვანქა სტერლინგი 0.74 0.72 0.34 0.84
რუმინული ლეი 0.83 0.70 0.44 0.89
რუსული რუბლი 0.87 0.82 0.45 0.85
სერბული დინარი 0.68 -0.71 0.45 0.75
სინგაპურული დოლარი 0.05 0.77 0.08 0.82
შვედური კრონი 0.86 0.53 0.39 0.93
შვეიცარიული ფრანკი -0.09 0.64 0.09 0.79
ტაჯიკური სომონი 0.80 -0.41 0.27 0.91
თურქული ლირა 0.84 0.52 0.29 0.81
თურქმენული მანათი 0.41 -0.15 -0.02 0.90
უკრაინული გრივნა 0.86 0.66 0.40 0.95
უზბეკური სუმი 0.74 -0.81   0.68

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ლარის აშშ დოლარის მიმართ მოკლევადიანი გაუფასურების მიზეზების შესახებ დისკუსია კონკრეტულ პასუხებს არ გვაძლევს. მიმდინარე ანგარიშისა და კაპიტალის ნაკადების შესახებ მონაცემების სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნებისმიერი ერთმნიშვნელოვანი ახსნა საუკეთესო შემთხვევაში უბრალო ვარაუდი იქნება, უარეს შემთხვევაში – ტყუილი. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში განვითარებულმა სავალუტო კრიზისმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა 2019 წლის პირველ კვარტალში  უკვე მოახდინა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავეს უნდა ველოდოთ მომავალშიც; ან შესაძლოა მონაცემებმა სულ სხვა დასკვნებამდე მიგვიყვანოს – დავიცადოთ და ვნახოთ...

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა