შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ელექტროენერგიის ბაზრის შეფასება „გავრილოვის ეფექტის“ ჭრილში
პარასკევი, 28 ივნისი, 2019

გავრილოვის ბოლოდროინმდელმა სტუმრობამ საქართველოში, მის შედეგად გაუარესებულმა რუსულ-ქართულმა ურთიერთობებებმა და, აქედან გამომდინარე, უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეჩერების თაობაზე მოსახლეობაში შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტურიზმის სექტორზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა  უკვე განიხილა ამ ცვლილების სავარაუდო შედეგები და მიიჩნია, რომ ეს მღელვარება, შესაძლოა, საფუძველს იყოს მოკლებული, რადგან ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7.6%-ს შეადგენს, რუსული ტურიზმის წილი ეკონომიკაში კი მხოლოდ 1.8%-ს აღწევს.

ჩვენს სტატიაში რუსულ-ქართული ურთიერთობის გამწვავებას სხვა ჭრილში განვიხილავთ; კერძოდ, მის ფარულ გავლენას ელექტროენერგიის ბაზარზე. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორიდან წმინდა იმპორტიორ ქვეყნად იქცა, ვინაიდან ექსპორტი მუდმივად იკლებდა, იმპორტი კი იზრდებოდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იმპორტის მხრიდანაა მოსალოდნელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი იმ თბოელექტროსადგურებზე მოდის, რომლებიც იმპორტირებულ გაზს მოიხმარს. ამიტომ ელექტროენერგიის სექტორის მოწყვლადობის შეფასება გაუარესებული რუსულ-ქართული ურთიერთობების გავლენის შედეგად უნდა მოხდეს უპირველეს ყოვლისა იმპორტის ნაწილზე, რაც ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის წყაროების სრულფასოვნად  შესწავლას გულისხმობს. თუმცა იმისათვის, რომ მიმოხილვა რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს, მოკლედ შევეხებით ელექტროენერგიის ექსპორტის უკანასკნელ ტენდენციებსაც.

პირველი გრაფიკიდან ჩანს, რომ ქვეყნის შიგნით გამომუშავებულ განახლებად რესურსებს ისტორიულად ელექტროენერგიის მიწოდებაში ყველაზე დიდი წილი უჭირავს. მიუხედავად ამისა, იმპორტისა და თბოელექტროსადგურების გამომუშავება კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს ელექტროენერგიის ბაზარზე. ამიტომ ელექტროენერგიის ამ წყაროების ტენდენციების დეტალურად დახასიათებაც საჭიროა.

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მთლიანი შიდა მიწოდება, წყაროების მიხედვით

საქართველოს ელექტროენერგიით ვაჭრობის ოთხი ძირითადი პარტნიორი ჰყავს: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. საქართველოს ბაზრის ყველაზე დიდი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანი არიან; საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიას კი, ძირითადად, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი იძენენ.

2007-2017 წლებში ელექტროენერგიის მთლიანმა იმპორტმა 6 598 მილიონი კვტ.სთ. შეადგინა, რაც მთლიანი მიწოდების 6%- იყო. ამასთან, ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის საშუალოდ 76% რუსეთიდან მოდიოდა, 18% – აზერბაიჯანიდან, დანარჩენ 6%-ს კი თურქეთი და სომხეთი ინაწილებდნენ. 2007-2017 წლებში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი მიწოდება საშუალოდ 4%-ს, ხოლო აზერბაიჯანიდან 1%-ს შეადგენდა. 2017 წლამდე ეს მონაცემები რუსეთზე დამოკიდებულებაზე მიუთითებდა; თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის შიდა გამომუშავება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იყო.

გრაფიკი 2. მთლიანი იმპორტი, პარტნიორი ქვეყნების მიხედვით

სურათი საკმაოდ განსხვავებულია (ტენდენციის ცვლილება, როგორც ჩანს, 2017 წლიდან დაიწყო) უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე (2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე). მეორე გრაფიკიდან ჩანს, რომ ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტი ერთ წელიწადში 1 537 მილიონ კვტ.სთ-მდე გაიზარდა და მთლიანი მიწოდების 12% შეადგინა. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მთლიანი იმპორტის 82%, ხოლო მთლიანი მიწოდების 10% აზერბაიჯანზე მოდიოდა. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას, მან 250 მილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც იმპორტული ელექტროენერგიის 16% და მთლიანი მიწოდების 2%-ია (2007-დან 2017 წლამდე ის 4%-ს აღწევდა). ამირომ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან რესურსებში პროპორციულად გაიზარდა, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე შემცირდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ელექტროენერგიის კიდევ ერთ მოწყვლად სექტორს თბოელექტროსადგურების გამომუშავებისთვის იმპორტირებული გაზის სექტორი წარმოადგენს. ისტორიულად, როგორც პირველ გრაფიკზეა ნაჩვენები, თბოელექტროსადგურების გამომუშავება ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 19%-ს ფარავდა (უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე). თუმცა მიმდინარე ტენდენციები საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. უახლესი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ბუნებრივი აირის მხოლოდ 0.2% მოდის რუსეთიდან („გაზპრომთან“ კონტრაქტის საფუძველზე), იმპორტის დანარჩენი წილი კი აზერბაიჯანსა და სხვა წყაროებს ეკუთვნის.

შესაბამისად, მთლიანობაში, ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის მხრივ, ელექტროენერგიის განახლებადი ენერგიის (ძირითადად, წყლის) წყაროების სიჭარბიდან და იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთზე დამოკიდებულება აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა, რუსულ-ქართული ურთიერთობებით გამოწვეული საფრთხე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორისათვის საკმაოდ მწირია. ფაქტობრივად, ელექტროენერგიის მთლიან მიწოდებაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი (პირდაპირი იმპორტისა და რუსული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჩათვლით) 3%-საც ვერ აღწევს.

თუმცა ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ აქვს. რუსეთისგან ჩამოშორებამ გაზარდა დამოკიდებულება აზერბაიჯანზე, რისი გრძელვადიანი შედეგებიც ამ ეტაპზე ბუნდოვანია. გონივრული ენერგოპოლიტიკა იმპორტის წყაროების – როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის – დივერსიფიკაციას (და გაფართოებას) გულისხმობს. ამასთან, საჭიროა თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობა ენერგიის (და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის) ადგილობრივ წყაროებში ინვესტიციების გაზრდის გზით.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოს ექსპორტი რუსეთში  თანდათან იკლებს. 2007-2017 წლებში, ელექტროენერგიის ექსპორტმა 7 938 მლნ. კვტ. სთ შეადგინა (საშუალოდ, 721.6 მლნ. კვტ.სთ. წელიწადში). საშუალოდ, ექსპორტის 54% რუსეთში გადიოდა, 32% – თურქეთში, დანარჩენი 15% კი – სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე, საქართველოს ექსპორტმა 461 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა; აქედან 64% თურქეთს, 15% აზერბაიჯანს და მხოლოდ 21% რუსეთს ეკუთვნის. საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტის წილმა  ექსპორტის მთლიან ღირებულებაში ლარის ერთეულში პიკს 2010 წელს მიაღწია და  2%-ს შეადგენდა, 2018 წელს კი მხოლოდ 0.6%-მდე იყო.

გრაფიკი 3. მთლიანი ექსპორტი, პარტნიორი ქვეყნების მიხედვით

შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთში ექსპორტის შემცირებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი (კიდევ უფრო მცირე, ვიდრე იმპორტის შემთხვევაში) ეფექტი იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე. უმთავრეს მოსალოდნელ ხარჯებს ორმხრივად ხელსაყრელი ინიციატივების დაკარგული ალტერნატიული შესაძლებლობები წარმოადგენს; ასეთია, მაგალითად, ელექტროენერგიის სექტორში ინტეგრაციის გაზრდა მეზობელ ქვეყნებთან. სულ რაღაც ერთი თვის წინ შედგა ერთობლივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გადამცემი სისტემების ოპერატორებს შორის, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ელექტროენერგიის სისტემების კომბინაციის გზით ელექტროენერგიით ვაჭრობის ხელშეწყობა და, შესაბამისად, თითოეული ქვეყნისათვის მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის გაზრდა. თუმცა ასეთი ინიციატივები ნაკლებად სავარაუდოა უკანასკნელი მოვლენების ფონზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ამჟამინდელი გავლენა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე უმნიშვნელოა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესება არ არის სასურველი, მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები ელექტროენერგიის ბაზარსა და საქართველოს ეკონომიკაზე დრამატული არ უნდა იყოს. ასევე, იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს ახასიათებს, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ქვეყნის შიდა გამომუშავების შესაძლებლობებში მუდმივი ინვესტიცია (აქცენტი განახლებად წყაროებზე), ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია და ორმხრივად მომგებიანი ერთობლივი ინიციატივები რეგიონულ დონეზე.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა