შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

არასტაბილური განსახლების პრობლემის აღმოფხვრა: წინ გადადგმული ნაბიჯი ინკლუზიური, შეძლებული და მდგრადი საზოგადოებისკენ
ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე“ (საქართველოს კონსტიტუცია, მე-5 მუხლი, 2017 წ.). თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ნათლად განსაზღვრული, რომელი საჯარო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა ქვეყანაში არასტაბილური განსახლების პრობლემის აღმოფხვრა. პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ (GoG) შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის სოციალური საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებიან, საქმიანობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მისი მიზანია, შეიმუშაოს არასტაბილური განსახლების პრობლემის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური გზებით აღმოფხვრის სტრატეგია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი სამუშაო ჯგუფს შექმნისთანავე შეუერთდა და ეკონომიკური და ანალიტიკური სამუშაოებით მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ამ სტატიით გვინდა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, დავიწყოთ დისკუსია საქართველოში არასტაბილური განსახლებაზე.

რას გულისხმობს არასტაბილური განსახლება?

ეს საკითხი მთელ რიგ გარემოებებს აერთიანებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ინდივიდებს ან შინამეურნეობებს საცხოვრებელ გარემოზე საკმარისი კონტროლი არ გააჩნიათ. კონტროლის ნაკლებობა ხშირად ისეთ სიტუაციებში ვლინდება, როდესაც ოჯახებს უწევთ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი და იცხოვრონ არასაიმედო საცხოვრებელ პირობებში (მაგ.: საცხოვრებელთან დაკავშირებული მაღალი გადასახადები, გადატვირთული ან ხალხმრავალი  საცხოვრებელი პირობები და სხვ.).

European Typology on Homelessness and Housing Exclusion-ის (ETHOS) მონაცემებით, სახლის ქონა შემდეგნაირად განიმარტება: ა) შესაბამისი სივრცის ქონა, რომელიც ადამიანს ან მის ოჯახს ექსკლუზიურ საკუთრებაში აქვს, ბ) პირადი სივრცის შენარჩუნების შესაძლებლობა გ) საცხოვრისის ფლობის სამართლებრივი სტატუსის ქონა. ამ განმარტების თანახმად, არასტაბილური განსახლების წინაშე მდგარი ინდივიდის/შინამეურნეობის დაყოფა ოთხ მთავარ კატეგორიადაა შესაძლებელი: მიუსაფარი, უსახლკარო, არამდგრად საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ადამიანები და ადამიანები, რომელთაც ცხოვრების შეუსაბამო პირობები აქვთ (იხ. 1-ლი ცხრილი).

ცხრილი #1. ETHOS1

კონცეპტუალური კატეგორია ოპერაციული კატეგორია საცხვორებელი მდგომარეობა
მიუსაფარი ქუჩაში მცხოვრები ადამიანები საჯარო და გარე სივრცე
  ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფარში ათევენ ღამეს ღამის თავშესაფარი
უსახლკარო ადამიანები უსახლკაროთა საცხოვრებელში უსახლკაროთა ჰოსტელი
  ადამიანები ქალთა თავშესაფარში ქალთა თავშესაფარი/საცხოვრებელი
  ადამიანები იმიგრანტთა საცხოვრებლებში დროებითი საცხოვრებელი/მიმღები ცენტრები; მიგრანტთა სამუშაო საცხოვრებლები
  ადამიანები, რომლებიც ტოვებენ ინსტიტუციებს სასჯელაღსრულების დაწესებულებები; სამედიცინო დაწესებულებები; ბავშვთა დაწესებულებები / სახლები
  ადამიანები, რომლებიც გრძელვადიან დახმარებას იღებენ (უსახლკარობიდან გამომდინარე) უსახლკარო მოხუცთა საცხოვრებელი; ყოფილ უსახლკაროთათვის განკუთვნილი დამხმარე საცხოვრებელი
არამდგრადი არამდგრად საცხოვრებელში მცხოვრები ადამიანები დროებით ოჯახთან/მეგობრებთან ცხოვრება; ლეგალური იჯარის/ქირავნობის არარსებობა; მიწის არალეგალური დაკავება
  გასახლების საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანები გასახლების შესახებ ლეგალური ბრძანებების აღსრულება
  ძალადობის საფრთხეში მცხოვრები ადამიანები პოლიციის მიერ გამოყენებული ინდიკატორები
შეუსაბამო დროებით/არატრადიციულ ნაგებობებში მცხოვრები ადამიანები მობილური სახლი; არატრადიციული ნაგებობა; დროებითი ნაგებობა
  საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლებში მცხოვრები ადამიანები საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლები
  უკიდურესად გადატვირთულ გარემოში მცხოვრები ადამიანები გადატვირთვის უმაღლესი ეროვნული დონე

წყარო: ETHOS

არსებული ლიტერატურის თანახმად, არასტაბილურმა განსახლებამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს როგორც ადამიანების, ისე ოჯახების კეთილდღეობაზე. არასტაბილურმა განსახლებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს დასაქმებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, სუბიექტურ კეთილდღეობასა და ბავშვთა საგანმანათლებლო გარემოზე. მეტიც, საცხოვრებლის ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხებმა (საცხოვრებლის ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან ერთად, ეს არასტაბილური განსახლების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია) შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს საზოგადოების ქცევებზე დანაზოგებთან დაკავშირებით, რაც დაბალ ადგილობრივ ინვესტიციებს (სტრატეგიულად მიმზიდველ და მომგებიან ეკონომიკურ სექტორებშიც კი) და უფრო მაღალ საგარეო ვალს განაპირობებს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჯანმრთელობისა და განათლების მაჩვენებლები საზოგადოებაში ადამიანური კაპიტალის დონეს განსაზღვრავს და ფიზიკურ კაპიტალთან ერთად ეკონომიკურ საქმიანობაზეც ახდენს გავლენას, არასტაბილურმა განსახლებამ შესაძლოა ამ არხების მეშვეობით სოციალურ-ეკონომიკური განვითარება შეანელოს.

არასტაბილურ განსახლებას სხვა ნეგატიური (არამხოლოდ მკაცრად ეკონომიკური) ეფექტებიც აქვს, რადგან ის საზოგადოების ყველაზე ღარიბ და ყველაზე შეძლებულ ფენებს ასიმეტრიულად აზარალებს და, შესაბამისად, სოციალურ ერთობასა და კავშირებს საფრთხის წინაშე აყენებს. თავის მხრივ, ეს ზრდის კრიმინალის დონესა და ანტი-სოციალურ ქცევას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს.

დაბოლოს, არასტაბილური განსახლების პრობლემა ეკოლოგიურად მდგრადი საცხოვრებლისა და მწვანე საზოგადოებისკენ სწრაფვასაც აფერხებს, რასაც გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს. მაგალითად, თუ ფინანსური ხელმისაწვდომობა დროთა განმავლობაში მცირდება, სამშენებლო ინდუსტრია და ის ოჯახები, რომელთაც საკუთარი საცხოვრებელი აქვთ, შესაძლოა არ იყვნენ მონდომებულნი, ეკოლოგიური მდგრადობისთვის საჭირო ისეთი ინოვაციები დანერგონ, რომლებიც უფრო მაღალ ფასებსა და ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნის შემცირებას ემსახურება (მაგ.  ე.წ. „ნაცრისფერი წყლის“ ხელახალი გამოყენება, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისა და დანადგარების გამოყენება, უფრო ეფექტიანი იზოლაცია, უკეთ განლაგებული, მაგრამ შედარებით ძვირი უძრავი ქონება, რომელიც მზის ენერგიის ოპტიმიზაციას აკეთებს, მრავალერთეულიანი შენობების სიხშირე).

არასტაბილური განსახლების საკითხი საქართველოში

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ არასტაბილური განსახლების რაოდენობრივი შეფასება ყველა სახელმწიფოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით2 შეისწავლა საქართველოში არასტაბილური განსახლების ფენომენი. ჩვენმა წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მხრივ უკანასკნელი წლების განმავლობაში იმედისმომცემი ტენდენციები გვაქვს, თუმცა პრობლემური საკითხებიც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ არასტაბილური განსახლების  საზომი მაჩვენებლები დროთა განმავლობაში უმჯობესდება. მაგალითად, საგრძნობლად იკლებს იმ ოჯახთა რიცხვი, რომლებსაც საცხოვრისის ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვთ (მიიჩნევა, რომ [ქირა + კომუნალური გადასახადები]/შემოსავალი შეფარდება 30%-ს არ უნდა აჭარბებდეს, რომ საცხოვრებელი ხელმისაწვდომად ჩაითვალოს). ეს ინდიკატორი ურბანულ ზონებში 14%-დან 6.7%-მდე შემცირდა, სოფლებში კი – 8.1%-დან 3.6%-მდე (იხ. მე-2 გრაფიკი). ეს გაუმჯობესება საშუალო ხელფასების ერთდროულმა მატებამ და საცხოვრებლებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის შედარებით ნელმა ტემპებმა განაპირობა.

გრაფიკი #1: ოჯახები, რომლებიც ურბანულ ზონებსა და სოფლებში მიუწვდომლობის ბარიერს ((ქირა + კომუნალური გადასახადები)შემოსავალი) აჭარბებენ

მცირდება იმ ოჯახების წილიც, რომლებიც საცხოვრებლად უვარგის სახლებში ცხოვრობენ (იხ. მე-2 გრაფიკი). თუმცა ამ შემთხვევაში სურათი ასეთი ოპტიმისტური არ გახლავთ. დადებითი ტენდენციის მიუხედავად, იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც საცხოვრებლად უვარგის სახლებში ცხოვრებენ, მაღალი რჩება (2018 წლის მონაცემებით, ურბანულ ზომებში – 44.3%, სოფლებში – 51.7%).

გრაფიკი #2: ვარგისიანობის სტატუსის თვითშეფასება (კაპიტალური განახლების საჭიროება ან / და ჩამონგრევის რისკი) ურბანულ ზონებსა და სოფლებში

კიდევ უფრო პრობლემატურია სიტუაცია, თუ დავაკვირდებით იმ ოჯახებს, რომლებიც დანგრევის პირას მყოფ სახლებში ცხოვრობენ. მე-3 გრაფიკზე ნაჩვენებია, რომ იმ ოჯახების წილი, რომლებიც სახლის დანგრევის არსებითი რისკის ქვეშ ცხოვრობენ, შედარებით ნელი ტემპით მცირდება (2.2% – ურბანულ ზონებში, 5.1% – სოფლებში).

გრაფიკი #3: ურბანულ ზონებსა და სოფლებში ჩამონგრევის რისკის ქვეშ მყოფი სახლების თვითშეფასება

ჩვენი კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ არასტაბილური განსახლების შედეგად მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს მოსახლეობის ქვეჯგუფებს შორის. მაგალითად, თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შემთხვევაში საცხოვრებლის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, მოსახლეობის ღარიბი ნაწილის შემთხვევაში ეს საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია: ურბანულ ზონებში მცხოვრები ოჯახებიდან ყოველი მეშვიდე მოსახლეობის ღარიბ 25%-ს მიეკუთვნება და ისინი შემოსავლის 30%-ზე მეტს საცხოვრებელს ახმარენ (იხ. მე-4 გრაფიკი).

გრაფიკი #4: ოჯახები, რომლებიც ურბანულ ზონებსა და სოფლებში მიუწვდომლობის ბარიერს ((ქირა + კომუნალური გადასახადები)შემოსავალი) აჭარბებენ

სახლების ვარგისიანობას თუ დავაკვირდებით, მე-5 გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ღარიბი ოჯახების მოწყვლადობა (და განსაკუთრებით მათი სახლების ჩამონგრევის რისკები) გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის. სოფლებში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

გრაფიკი #5: ჩამონგრევის რისკის შემცველი სახლების თვითშეფასება ურბანულ ზონებსა და სოფლებში – შემოსავლის კვარტლების მიხედვით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი ანალიზის მიხედვით, ბოლო წლებში ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი (განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბი) ნაწილისთვის არასტაბილური განსახლება სერიოზულ პრობლემად რჩება.

არასტაბილურ განსახლებას არაერთი მიზეზი განაპირობებს, ბევრი მათგანი საბაზრო ჩავარდნებსა (მაგ.: ასიმეტრიული ინფორმაცია, გარე ფაქტორები ან საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა) ან/და სახელმწიფოს შეცდომებთანაა (არაეფექტური და არაეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო) დაკავშირებული და შესაბამისი ზომების მიღების გარეშე თავისთავად ვერ მოგვარდება.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, მთავრობამ სათანადოდ აღიქვას არასტაბილური განსახლების პრობლემა და ახალი ნაბიჯები გადადგას უფრო ინკლუზიური, შეძლებული და მდგრადი საზოგადოების შექმნისკენ. მონაცემების რაოდენობისა და ხარისხის ზრდასთან ერთად, ანალიზი კიდევ უფრო ზუსტი და გამოსადეგი გახდება პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რაც ქვეყანაში არასტაბილური განსახლების პრობლემის მასშტაბის, მისი მიზეზებისა და აღმოფხვრის სტრატეგიების შემუშავებას გაამარტივებს.


1 ETHOS-ის თანახმად, მოკლევადიანია ბინადრობა, რომელიც ერთ წელზე ნაკლები ხანი გრძელდება, ხოლო გრძელვადიანია ბინადრობა, თუ ის ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება.
2 ამ ეტაპზე ინფორმაციის მთავარ წყაროს მუნიციპალიტეტები და სფეროთი დაინტერესებული ინსტიტუციები წარმოადგენს: ბავშვთა თავშესაფრები, ქალები, მოხუცები, ძალადობისა და ბუნებრივი სტიქიების მსხვერპლი მოსახლეობა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112 და ისეთი სახელმწიფო ფონდები, როგორიცაა „ATIPFund“. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები იყენებენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ შეგროვებულ და გავრცელებულ მონაცემებს შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევიდან.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა