საქართველოს ტერიტორიის 54% მთებს უკავია. მთის მოსახლეობა ქართველი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მიიჩნევა. მთაში ფართოდ არის გავრცელებული მიწის ეროზია და კლიმატის ცვლილება. ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით ტყეების) არამდგრადი გამოყენება და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთის მოსახლეობის სიცოცხლეს.
საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის 2015 წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი მიიღო, 2018 წელს კი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ამ კანონის თანახმად, მთაში მუდმივად მაცხოვრებელ პირებსა და იქ მომუშავე საწარმოებს სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. ეს არის შედარებით მაღალი პენსიები ხანდაზმული მოსახლეობისთვის, გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებისა და სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის, ზამთარში ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი დაფარვა და ბავშვიანი ოჯახებისთვის ფულადი დახმარება. სოციალური შეღავათების გარდა, მაღალმთიანი რეგიონების რეზიდენტებისთვის არსებობს საგადასახადო და საშემოსავლო შეღავათები. კანონში განსაზღვრულია იმ საწარმოთა სახეობებიც, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს ექვემდებარებიან.
სტრატეგია აფასებს მთებში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, აანალიზებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს (SWOT) და აღწერს სახელმწიფო პოლიტიკის მიერ დასახულ ძირითად მიზნებსა და ამოცანებს. სტრატეგიას თან ერთვის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს შეიცავს.
ცხადია, რეგულაციების მხრივ, სახელმწიფომ უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა. თუმცა მაინც საკითხავია, საკმარისია კი ეს წამახალისებელი მექანიზმები და დაგეგმილი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების მისაღწევად?
გასავლელი გზა გრძელია
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მთებში ყველა ტიპის რესურსის მნიშვნელოვანი ნაკლებობაა. ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა ბუნებრივი რესურსები იყოს, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობად მიიჩნევა. საძოვრების ხელმისაწვდომობა მთიანი რეგიონების კიდევ ერთი ძლიერი მხარეა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მთავარი გზები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, თუმცა სოფლის გზები და საძოვრებამდე მისასვლელი გზები რეაბილიტაციას საჭიროებს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეზღუდულია ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არ არის ბუნებრივი აირი და რამდენიმე სოფელი წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობას განიცდის. დღეს ელექტროენერგია 88 მაღალმთიან დასახლებას არ აქვს და დასახლებული 1,730 პუნქტიდან 1,460-ს არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების უმეტესობას არ აქვს წვდომა ფართოზოლოვან ინტერნეტ კავშირზე, ზოგიერთ რაიონში მობილური ქსელის დაფარვაც კი არ არის. რაც შეეხება კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. თუმცა კომერციულ ფინანსურ რესურსებზე წვდომა კვლავ შეზღუდულია. იპოთეკური სესხის მოთხოვნები და სამომხმარებლო სესხზე მაღალი სარგებლის განაკვეთი ადგილობრივ მწარმოებლებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მთიანი მუნიციპალიტეტის (მაგ. ყაზბეგი, ბორჯომი და მესტია) მიმართ ინვესტორთა ინტერესი საკმაოდ მაღალია, რაც დადებითად მოქმედებს კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე. ამჟამად, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში (მაგ. აჭარა) არაერთი საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. საინტერესოა, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდულობის მიუხედავად, ბევრი მთიანი რეგიონი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სრულ ათვისებას მაინც ვერ ახერხებს. შეზღუდულია ასევე ტექნოლოგიები და ინოვაციები და მათ მთაში ძირითადად ენერგეტიკის სფეროში გამოიყენებენ (იგულსიხმება ენერგიის წარმოებისთვის მზის პანელების გამოყენება), მაშინ როცა, სხვა სექტორებში წარმოება უფრო ექსტენსიურია, ვიდრე ინტენსიური. საერთო ჯამში, მთაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა და მათი გამოყენების დონე საკმაოდ დაბალია.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის ზემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, გასათვალისწინებელია სხვა კრიტიკული მხარეებიც. ესენია: მთიანი რეგიონების გეოგრაფიული მდებარეობა და ადამიანური რესურსები. მთის მუნიციპალიტეტების უმეტესობა სასაზღვრო რეგიონებია (ონი, ლენტეხი, დმანისი, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა). ადამიანური რესურსების მხრივ, ძირითადი ტენდენცია სამუშაო ძალის სხვა რეგიონებში მიგრაციაა. ეს განსაკუთრებით ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში იგრძნობა. აქ მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა (60-70%) საპენსიო ასაკისაა. ამ რეგიონში ფიქსირდება ბევრი მიტოვებული სოფელი, ზოგ შემთხვევაში კი ზამთარს სოფელში მხოლოდ რამდენიმე პირი ატარებს. არსებული ტენდენციები მთიანი რეგიონების დეპოპულაციას იწვევს, საქართველოს საზღვარზე მიმდინარე დეპოპულაცია კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
სად მიდის ხალხი?
როგორც ზემოთ აღინიშნა, რესურსების შეზღუდულობა ადგილობრივი მოსახლეობის მთებიდან საქართველოს ეკონომიკურად უფრო განვითარებულ დაბალმთიან რაიონებში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინებას იწვევს. მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტები არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ ე.წ. მიზიდულობის ცენტრების როლი შეასრულოს. მიზიდულობის ცენტრები – ეს არის შედარებით დიდი, ეკონომიკურად განვითარებული ტერიტორია, რომელიც ხალხს სხვა ადგილებიდან იზიდავს. ISET-ის კვლევითი ისნტიტუტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამჟამად საქართველოში მიზიდულობის ცენტრებად დიდი ქალაქები ითვლება. ამგვარად, ყაზბეგის, დუშეთის, ცაგერისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისთვის მიზიდულობის ცენტრად თბილისი მოიაზრება. ქუთაისს ეკუთვნის ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები, მესტიის მუნიციპალიტეტი კი ზუგდიდს ეკუთვნის. ბათუმი წარმოადგენს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ცენტრს, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას კი ახალციხე იზიდავს. მარნეული მიზიდულობის ცენტრია წალკისა და დმანისის მოსახლეობისთვის, თელავი კი – ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის.
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები დამოკიდებული არიან ასეთ მიზიდულობის ცენტრებზე. როგორც წესი, ეს დამოკიდებულება ცალმხრივია. აღნიშნული ტენდენცია მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, რადგან ადამიანები (განსაკუთრებით კი ახალგაზრდები) ეკონომიკურად განვითარებული ადგილებისკენ მიილტვიან, იქ, სადაც დასაქმებისა და გართობის მეტი შესაძლებლობაა. აქედან გამომდინარე, მთიან რეგიონებს უჭირთ, კონკურენცია გაუწიონ მიზიდულობის ცენტრებს. თუმცა ეს იმას არ ნიშავს, რომ შეუძლებელია, მთაში ცხოვრება გახადო უფრო მიმზიდველი მოსახლეობისთვის (მათ შორის, ახალგაზრდებისთვის).
ამ მიზნის მისაღწევად, რეკომენდებულია არა ერთი რომელიმე სექტორის განვითარებაზე ფოკუსირება, არამედ ე.წ. ტერიტორიეულ მიდგომებზე ყურადღების გამახვილება. აუცილებელია მაღალმთიან რეგიონებსა და მიზიდულობის ცენტრებს შორის არსებული კავშირების უფრო დეტალურად შესწავლა, რათა მთაში განვითარდეს მიზიდულობის ცენტრების მხარდამჭერი დარგები და შეიქმნას კლასტრები.
პოლიტიკის შემუშავების პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანია, თავიდანვე მოხდეს მაღალმთიანი რეგიონების მრავალფეროვნების გათვალისწინება, რათა სახელმწიფო პოლიტიკა და სუბსიდირების პროგრამები ადგილობრივ კონტექსტს მოერგოს. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამების მოთხოვნებში ხშირად გათვალისწინებული არ არის მთიან რეგიონებში არსებული გარკვეული რესურსის შეზღუდული ხელმისაწვდომობა (მაგ. სანოტარო და იურიდიული მომსახურებები), რაც მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ეფექტურ ჩართულობას აფერხებს.
ზოგადად, სახელმწიფო პროგრამების დანერგვისა და რეალური (არა ფორმალური) დეცენტრალიზაციის შემთხვევაში, ე.წ. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომის გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობა საქართველოს მთიან რეგიონებში და იქ ცხოვრება უფრო მიმზიდველი გახადოს.