თამბაქოს მოხმარება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოდელირებული შეფასებებით, 2019 წელს საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 32 პროცენტი ეწეოდა თამბაქოს.
2017 წლის იანვარში სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარტში კი საქართველოს პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2003 წელს შევიდა ძალაში და მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. თუმცა ამჟამად დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე რადიკალური ნაბიჯებია საქართველოს თამბაქოსგან თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევისკენ. ახალი კანონპროექტი სრულად ფარავს თამბაქოს წარმოებას, შეფუთვას, მარკეტინგს, რეკლამას, გაყიდვას, მოხმარებას და თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც მთავრობა ცდილობს, სიგარტზე ფასის გაზრდით დაარეგულიროს მასზე მოთხოვნა, საზოგადოებისგან ძალზე არაერთგვაროვან რეაქციას იღებს. ერთნი (უმეტესად არამწეველები) მიესალმებიან ამ ნაბიჯებს, მეორენი კი ხელისუფლებას სიხარბეში ადანაშაულებენ და არაეფექტუად თვლიან ამგვარ პოლიტიკას. ვინ არის მართალი და ვინ ცდება ამ ცხარე კამათში? მოდით, ახლოდან შევისწავლოთ ფაქტები.
ყველამ კარგად ვიცით თამბაქოს უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში საშუალოდ 443,000 ადამიანი კვდება ნაადრევად სიგარეტის კვამლით. აშშ-ში 46 მილიონი მწეველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს „ნაადრევი სიკვდილის“ ალბათობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ეწევა, თითქმის 1%-ია (თუ დავუშვებთ, რომ ეს რიცხვები გრძელვადიან პერსპექტივაში უცვლელია).