ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა. საჯარო სამსახურები, სადაც ქალები ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ, გენდერულად უფრო დაბალანსებულია და მათში ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისა და ეფექტიანი მომსახურებების მიწოდების მეტი შესაძლებლობაა შექმნილი, მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის.
წინამდებარე დოკუმენტი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ ინიციატივას. კვლევა ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევა ეფუძნება ევროკავშირის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ISET-ის მიერ იქნა ადაპტირებული 2021 წელს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება მიზნად ისახავს დაეხმაროს საჯარო სამსახურის ბიუროს გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში – გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჯარო სამსახურში.