შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ
ორშაბათი, 31 მაისი, 2021

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (189) მიზნად ისახავს, ყველასათვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ოჯახში დასაქმებულთა წვლილი მნიშვნელოვანია ეკონომიკაში, რადგან ისინი კრიტიკული მნიშვნელობის სერვისებს სთავაზობენ შინამეურნეობებს, საშუალებას აძლევენ მათ წევრებს, სახლის გარეთ იმუშაონ, ჩაერთონ როგორც შრომის ბაზარზე, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში. თუმცა ოჯახში დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა აქამდე არ ყოფილა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. ILO-ის 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. მან უნდა განიხილოს არსებული პერსპექტივები და ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის ოჯახში დასაქმებულების კონვენციის (189) რატიფიცირებასთან დაკავშირებით.

ამ პროცესის განმავლობაში RIA-ის გუნდმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გამოავლინა და დაუკავშირდა მათ. ანგარიშის შემუშავების პროცესში მათი მოსაზრებები გულდასმითაა გათვალისწინებული. პროცედურული საკითხების შეჯამება და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის პოზიციები ანგარიშის VIII ნაწილშია წარმოდგენილი სათაურით „საჯარო კონსულტაციების პროცესი“.

საქართველოს შრომის კოდექსი ოჯახში დასაქმებულებს არ მოიცავს და თუ მათ დასაქმების სააგენტოებთან ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული, კოდექსით გათვალისწინებულ დაცვის ინსტრუმენტებს მიღმა რჩებიან. აქედან გამომდინარე, ამ დასაქმებულ პირებს სხვა დასაქმებულთა მსგავსი სამუშაო პირობები არ აქვთ და ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. RIA-ის გუნდმა გააანალიზა საქართველოში ოჯახში დასაქმებულთა არასათანადო ან/და საფრთხის შემცველი სამუშაო პირობები, რომელთა აღმოფხვრის უმთავრესი გზაც ამ კატეგორიის დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა. როდესაც ოჯახში დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო პირობები არ აქვთ, მათი კეთილდღეობა და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგება და მძიმე უარყოფით შედეგებში აისახება, კერძოდ: ექსპლუატაციისა და ძალადობის მაღალი ალბათობა, არასამართლიანი და არასაკმარისი ანაზღაურება, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, საფრთხის შემცველი სამუშაო პირობები, კონტრაქტის გაურკვეველი პირობები და შემოსავლის სხვა წყაროს ძებნის მუდმივი სტრესი; ასევე, კრიზისის, სიღარიბის, ხანდაზმულობისა და ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მაღალი მოწყვლადობა.

შეავსე ფორმა