საქართველოს წყლის რესურსების მართვის არაერთი კანონი და რეგულაცია აქვს, რომლებიც 1990-იან წლებში დაიწერა და 2003 წელს ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა ცვლილებები ყოველთვის ცხადი და თანმიმდევრული სტრატეგიის ნაწილი არ ყოფილა. შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ევროპის ეკონომიკურ კომისიას (United Nations Economic Commission for Europe – UNECE) თუ დავესესხებით, მოქმედი კანონმდებლობა არის „გამოუსადეგარი და დანაწევრებული სისტემა“. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ქართული წყლის რესურსების მართვის კანონმდებლობის შეცვლა, რათა დააკმაყოფილოს 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (Association Agreement – AA) ნაკისრი ვალდებულებები. ითვლება, რომ ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესრულება იქნება საქართველოს წყლის რესურსების მართვის სექტორში არსებული პრობლემების შესაძლო გადაწყვეტა, რომელთა შორის უმთავრესია წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესასრულებლად 9 წელი აქვს.
ეკონომიკური ინსტრუმენტები წყალმოსარგებლეებს აძლევს სწორ სტიმულს, რაც ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის ოპტიმალური სისტემის შექმნას და ეხმარება წყალმოსარგებლეებს წყალაღებასა და/ან ჩამდინარე წყლების ჩაშვებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ხარჯისა და სარგებლის გათავისებაში. ეკონომიკური ლიტერატურის თანახმად, რამდენიმე პრინციპი უნდა ეხებოდეს გარემოსდაცვით პოლიტიკასა და ეკონომიკური ინსტრუმენტების განხორციელებას. აღნიშნულ ნაშრომში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სამ ძირითად პრინციპზე, რომლებიც ავსებს ერთმანეთს. პირველია „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, დაბინძურების კონტროლის ხარჯები უნდა გადანაწილდეს დამბინძურებლებზე, მათ მიერ მიყენებული ზარალის ოდენობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში დამბინძურებელი „გაითავისებს“ მის მიერ დანარჩენი საზოგადოებისთვის დაკისრებულ ხარჯს და შეცვლის საკუთარ ქცევას კოლექტიური ინტერესის გათვალისწინებით. ასეთივე დასაბუთება აქვს მეორე, „მომხმარებელი იხდის“ პრინციპს. OECD ამ პრინციპს ასე განმარტავს: „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის ვარიაცია, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეს აკისრებს ბუნებრივი კაპიტალის გახარჯვის ხარჯს“. ამ პრინციპის მთავარი არსი ის არის, რომ (მწირი) რესურსებით მოსარგებლეებმა სრულად უნდა გადაიხადონ რესურსით სარგებლობის ალტერნატიული დანახარჯი. მესამე არის „ბენეფიციარი იხდის“ პრინციპი. ზოგადი განმარტების თანახმად, ეს პრინციპი გულისხმობს გადარიცხვებს ბენეფიციარებსა და აგენტებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დადებითი გარეგანი ეფექტებისა და/ან საზოგადოებრივი საქონლის შექმნაზე, რათა მოხდეს მათი (ბენეფიციარებისა და აგენტების) კომპენსირება საზოგადოებისთვის გაწეული სარგებლისთვის.