წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) გაუმჯობესება ბოლო 15 წლის განმავლობაში. იგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ ანალიზს. ფოკუს ჯგუფების, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ეკონომეტრიკული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორები, რომელთაც განაპირობეს დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობის გაუმჯობესება: ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, მომსახურების სექტორის წილის ზრდა (ქალებისათვის ახალი სამუშაო შესაძლებლობების შექმნა საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სხვა საოფისე საქმიანობების სფეროებში), ქალების დასაქმების ზრდა (სოფლის მეურნეობის სექტორის მიღმა), კაცების განათლების დონის ზრდა, სოციალურ-კულტურული და გენდერული ღირებულებების ტრანსფორმაცია. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებამ, მნიშვნელოვნად შეამცირა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა (GBSS).
საქართველოში, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი (SRB) მნიშვნელოვნად გადაიხარა ბიჭების სასარგებლოდ. საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს იმ თორმეტ ქვეყნას, სადაც შეინიშნება SRB-ს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადახრა ბუნებრივი დონიდან (ზოგადად მიღებულია რომ, დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ბიოლოგიური ნორმა 105 ვაჟია 100 გოგონაზე). ამ ქვეყნებს შორისაა: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ჰონკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), ინდოეთი, კორეის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ტაივანი (ჩინეთის პროვინცია), ტუნისი და ვიეტნამი.