შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ფულადი გზავნილები და შინამეურნეობების მოხმარება საქართველოში: შინამეურნეობების გამოკითხვის მონაცემების ანალიზი
პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025

კვლევის კონტექსტი

დიდი ხანია ითვლება, რომ ინოვაციებზე დაფუძნებული ზრდა მუდმივი და არათანაბარი პროცესია. შუმპეტერისეული ტრადიციის თანახმად – რომელსაც კარგად წარმოაჩენს აჟიონისა და ჰოუიტის კრეატიული დესტრუქციის მოდელი – ეკონომიკები ვითარდებიან, მაშინ, როდესაც ახალი, უფრო მაღალი ტექნოლოგიები ანაცვლებენ ძველს და პროდუქტიულობის ზღვარს აფართოვებენ. ზრდის ეს დინამიური ხედვა, რომელიც საფუძვლად უდევს თანამედროვე ენდოგენური ზრდის თეორიას, რომლის წვლილიც ნობელის პრემიებით აღინიშნა, აჩვენებს, რომ გრძელვადიანი კეთილდღეობა დამოკიდებულია არა მეტი რესურსების დაგროვებაზე, არამედ იდეების, როდუქტის და ორგანიზაციული პრაქტიკის მუდმივ განახლებაზე. ამ მექანიზმის ქვაკუთხედს კონკურენცია წარმოადგენს. მეტოქეობა აიძულებს კომპანიებს იყვნენ ინოვაციურები, რათა „თავი დააღწიონ კონკურენციას“, თუმცა იმავე ინოვაციურმა გარღვევებმა შეიძლება დროებითი საბაზრო ძალაუფლება მისცეს მოქმედ კომპანიებს, რომელთაც ის შეიძლება მომავალი კონკურენტებისგან თავის დასაცავად გამოიყენონ. დარჩება ეკონომიკა ინოვაციური და მოქნილი თუ გახდება ინერტული და გაქვავებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამ ძალთა ბალანსი დროთა განმავლობაში.

ფულადი გზავნილები საქართველოს შინამეურნეობებისთვის გარე შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა და ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10 პროცენტზე მეტს შეადგენს. ფართომასშტაბიანმა ემიგრაციამ რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულადი გზავნილების ნაკადები შინამეურნეობების საარსებო წყაროს ცენტრალურ კომპონენტად აქცია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გარდა მაკროეკონომიკური როლისა, ფულადი გზავნილები გავლენას ახდენს შინამეურნეობების კეთილდღეობასა და სამომხმარებლო ქცევაზე, რადგან ზრდის შემოსავლებს და ამსუბუქებს ლიკვიდობის შეზღუდვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფულადი გზავნილების მნიშვნელობა მზარდია, ემპირიული მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა კავშირია საქართველოში ფულად გზავნილებსა და შინამეურნეობების დონეზე მოხმარების სტრუქტურას შორის, კვლავ ძალიან მწირია. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, ფულადი გზავნილები მეტწილად იხარჯება საბაზისო სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მოწყვლადობის შემცირებაზე, თუ ხმარდება ჯანმრთელობის, განათლების, საცხოვრებელი პირობებისა თუ სხვა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ხარჯებსაც. სათანადოდ არ არის შესწავლილი არც ის, რამდენად სისტემურად განსხვავდებიან ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები არამიმღები მეურნეობებისგან დემოგრაფიული შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების თვალსაზრისით.

ეს ნაშრომი მიკროდონეზე იკვლევს კავშირს საქართველოში ფულადი გზავნილების მიღებასა და შინამეურნეობების კეთილდღეობას შორის და აქცენტს აკეთებს შინამეურნეობების მოხმარების დონეებსა და ხარჯების სტრუქტურაზე. ქვეყნის შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიზი იკვლევს, ხარჯავენ თუ არა ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები უფრო მეტს ვიდრე არამიმღები შინამეურნეობები და რა განსხვავებაა მათ მხარჯველობით სტრუქტურას შორის; ასევე, იცვლება თუ არა ეს კავშირები შინამეურნეობის მახასიათებლებისა და რეგიონული განსხვავებების გათვალისწინების შემთხვევაში. ანალიზი ეფუძნება შემდეგ კვლევით კითხვებს:

  • გამოირჩევიან თუ არა ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები მოხმარების უფრო მაღალი დონით არამიმღებ შინამეურნეობებთან შედარებით? 
  • როგორ უკავშირდება გზავნილების მიღება შინამეურნეობის ხარჯვით სტრუქტურას, განსაკუთრებით სურსათზე, ჯანმრთელობაზე, განათლებასა და სხვა ძირითად კატეგორიებზე გაწეულ ხარჯებს? 
  • ნარჩუნდება თუ არა შინამეურნეობების მოხმარებას შორის დაფიქსირებული განსხვავებების კავშირი ფულად გზავნილებთან შინამეურნეობების დემოგრაფიული მახასიათებლებისა და რეგიონული განსხვავებების გათვალისწინების პირობებში?

სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).

შეავსე ფორმა