შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ჰარისი VS ტრამპი: რა გავლენებია მოსალოდნელი საქართველოს ეკონომიკაზე?
კვირა, 29 სექტემბერი, 2024

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა სრული ნაშრომი რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი . აქ წარმოდგენილია მისი მოკლე მიმოხილვა:

2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხებით. გარდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კურსის გლობალური და რეგიონალური გავლენებისა, არსებობს უფრო კონკრეტული ეკონომიკური ასპექტები, როგორიცაა ვაჭრობა, მიგრაცია, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები (FDI) და გაცვლითი კურსი. კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის სრულიად განსხვავებულმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ შესაძლოა საგრძნობლად  განსხვავებული  გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიაზე.

სავაჭრო ურთიერთობები: ტრამპისა და ჰარისის საგარეო სავაჭრო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია. ტრამპის პროტექციონისტული პოზიცია ფოკუსირებულია სავაჭრო შეთანხმებების გადახედვასა და ტარიფების გაზრდაზე, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ. მისი პოლიტიკა მიზნად ისახავს სავაჭრო დეფიციტის შემცირებასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რაც ხშირად ხდება მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე. ამის საპირისპიროდ, ჰარისი თანამშრომლობით მიდგომას ემხრობა, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას და ამავდროულად ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას. საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ასახულია სტატისტიკურ მონაცემებშიც. 2024 წელს აშშ საქართველოდან ექსპორტის მიხედვით მერვე უმსხვილესი ბაზარი იყო. ტრამპის მეორედ არჩევის შემთხვევაში, გამკაცრებულმა სავაჭრო ტარიფებმა შესაძლოა შეაფერხოს ქართული ექსპორტი, ხოლო ჰარისის მრავალმხრივი თანამშრომლობის აქცენტი ვაჭრობის სტაბილურობას უზრუნველყოფს და სავარადოდ ექსპორტის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

მიგრაცია: მიგრაციის პოლიტიკა ორი კანდიდატის შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ჰარისი მხარს უჭერს ინკლუზიურ მიგრაციულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობებს და მიგრაციის კომპლექსურ რეფორმას. ეს გაზრდის შესაძლებლობებს ქართველი პროფესიონალებისთვის, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან დასაქამების მიზნით და შეინარჩუნებს ფულადი გზავნილების ნაკადს, რაც 2023 წელს საქართველოსთვის მთლიან ფულად გადარიცხვათა 11%-ს შეადგენდა. ტრამპის შემზღუდველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კი, რომლის პრიორიტეტი ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკური პროტექციონიზმია, შესაძლოა შეზღუდოს მიგრანტთა და მათ შორის ქართველ ემიგრანტთა შესაძლებლობები. ფულადი გზავნილების მონაცემი აჩვენებს, რომ აშშ-დან საქართველოში გადმორიცხვები ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაიზარდა, მაგრამ ბაიდენ-ჰარისის მმართველობისას უფრო დააჩქარა ზრდა, რაც გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ჰარისის პრეზიდენტობა კიდევ უფრო გაზრდის ფულად ტრანსფერებს საქართველოში.

FDI: ჰარისის მრავალმხრივმა მიდგომამ შეიძლება გააძლიეროს ინვესტორების ნდობა და შექმნას უფრო სტაბილური საინვესტიციო კლიმატი, რამაც შეიძლება გაზარდოს აშშ-ის ინვესტიციები საქართველოში. ტრამპის პროტექციონისტულმა პოლიტიკამ, მიუხედავად 2017-2019 წლებში ინვესტიციების ზრდის ისტორიული ტენდენციისა, შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა გლობალურ ბაზრებზე და  შეაფერხოს FDI-ის ზრდა.

გაცვლითი კურსი: მოსალოდნელია, რომ ორივე კანდიდატის პოლიტიკა  გავლენას მოახდენს საქართველოში დოლარისა და ლარის გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე. ჰარისის პოლიტიკა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს ლარის გამყარებას და ინფლაციური ზეწოლის შემცირებას FDI-ისა და ვაჭრობის ზრდის მეშვეობით. ტრამპის პროტექციონისტულმა პოლიტიკამ კი შესაძლოა გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა, ხელი შეუწყოს კაპიტალის გადინებას, რაც ზეწოლას მოახდენს ლარზე და სავარაუდოდ, საქართველოში ინფლაციის წნეხს გაზრდის.

დონორები

შეავსე ფორმა