შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება
ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024

შემაჯამებელი მიმოხილვა

საქართველოს მეწარმეობის სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე წამოიწყონ და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული საკანონმდებლო მცდელობებისა და შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების მიუხედავად, ქალები კვლავ აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას წამოიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI), EBRD-სა და ინვესტორთა საბჭოსთან (IC) თანამშრომლობით, ჩაატარა მეწარმეთა შესახებ კანონის გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA). გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) მიზანი მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის გენდერულ ჭრილში შეფასებაა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება მიზნად ისახავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას ბიზნეს და საინვესტიციო სფეროში, რაც გულისხმობს არსებული კანონმდებლობის ზეგავლენის შესწავლას სხვადსხვა სამიზნე ჯგუფზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალების ჩართულობისა და წარმომადგენლობის შესწავლას. ანალიზში ასევე მოცემულია რეკომენდაციები კანონმდებლობაში განსახორციელებელი პოტენციური ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეობის დარგში ქალთა მეტად დაბალანსებულ წარმომადგენლობას.

წინამდებარე დოკუმენტი არის ექს-ანტე გენდერული ზეგავლენის შეფასება, რომელიც ჩატარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ადრეულ ეტაპზე და საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე. ამ გენდერული ზეგავლენის შეფასებას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ისეთი საკანონმდებლო დოკუმენტის შემუშავების მხარდასაჭერად, რომელიც აღიარებს და ითვალისწინებს როგორც მეწარმე ქალთა, ისე მეწარმე კაცთა განსხვავებულ საჭიროებებს, ამცირებს გაუთვალისწინებელ ნეგატიურ ზეგავლენას და ხელს უწყობს არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას. ამავდროულად, ამახვილებს ყურადღებას: (1) გენდერულ კვოტებზე სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლობაში და (2) გენდერული ნიშნით დაყოფილ მონაცემებზე.

ამგვარად, შეფასებისას ყურადღება დაეთმო მეწარმეობის დარგში არსებულ გენდერულ განსხვავებებსა და უთანასწორობას, აგრეთვე, ისეთი ძირითადი ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც განაპირობებს მეწარმე ქალთა დაბალ წარმომადგენლობას, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: კაპიტალზე შეზღუდულ წვდომას; ბიზნესის განსხვავებულ ფინანსირებას; სესხის უზრუნველყოფის კაბალურ მოთხოვნებს; მეწარმეობის დარგში ცოდნის ნაკლებობას; სესხთან დაკავშირებულ უფრო დიდ ხარჯებს; ნაკლებ კონტაქტებს ინვესტორების წრეებში; ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით სარგებლობის დაბალ მაჩვენებელს; ვენჩურული კაპიტალისა და ანგელოზი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ნაკლებობას; ფინანსურ რესურსებზე შეზღუდულ წვდომას; ბაზრებზე წვდომისა და კავშირების შექმნის ჩამოყალიბების არათანაბარ მაჩვენებელს; ზეგავლენას შემოსავლის მიღებისა და მდგრადობის მაჩვენებელზე; აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებზე შეზღუდულ წვდომას; არასათანადო სწავლის პირობებს და საზოგადოებრივ ნორმებს; გენდერულ სტერეოტიპებსა და არაფორმალურ ფაქტორებს ქალების მიერ დომინირებულ სექტორებში.

მეწარმეებს შორის მეწარმე ქალების დაბალი წარმომადგენლობა შესაძლოა აღმოჩნდეს შემდეგი პრობლემების გამომწვევი ფაქტორი: ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებული სირთულეების, ქალების ცოდნისა და უნარების არასათანადო რეალიზაციის, ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა დაბალი წარმომადგენლობის, გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს არარსებობის, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სირთულეების, ოჯახური ძალადობის მიმართ მოწყვლადობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში - უთანასწორობის, მზარდ სექტორებში ქალთა დაბალი წარმომადგენლობის, ქალთა და მამაკაცთა ანაზღაურებებს შორის განსხვავების ზრდის, შრომითი მიგრაციის, სამეწარმეო საქმიანობაში პირად ფინანსურ რესურსებზე დამოკიდებულების და აუცილებლობით გამოწვეული მეწარმეობის შემთხვევათა მატების.

მეწარმეობის დარგში სხვადასხვა გენდერული ხარვეზების დასაძლევად კვლევითმა ჯგუფმა, IC-თან და EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობით, შემოგვთავაზა ორი პოლიტიკური ინიციატივა:

პრობლემის გადაჭრის გზა 1: გენდერული კვოტები სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლობაში - სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლობაში გენდერული კვოტების შემოღება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მსხვილ საფონდო ბირჟებზე წარმოდგენილ კომპანიებში, სააქციო საზოგადოებებში (სს), ასევე, სახელმწიფო საწარმოებში. თავდაპირველად შემოთავაზებულია 30%-იანი კვოტის დაწესება და აღსრულება 2026 წლამდე, შემდგომ კი თანმიმდევრული ზრდა 40%-მდე.

პრობლემის გადაჭრის გზა 1-ის რაოდენობრივი ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება გამახვილებულია შემდეგ ასპექტებზე: (1) პრობლემის გადაჭრის გზის პოტენციური ზეგავლენის გაზომვა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ საბჭოებში (ასევე, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებზე) წარმომადგენლობის მაჩვენებელზე; (2) კომპანიის საქმიანობასა და კორპორაციულ მართვაზე პოტენციური ზეგავლენის შეფასება; (3) არათანაბარი ანაზღაურებისა და დასაქმებისას გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელზე პოტენციური ზეგავლენის შეფასება; (4) საინვესტიციო ხარჯების შეფასება; და (5) ადმინისტრაციული დატვირთვის შეფასება.

სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული კვოტების შემოღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქალების წარმომადგენლობის მაჩვენებელი, მაგრამ არა აღმასრულებელ პოზიციებზე, მაგ., კომპანიის დირექტორობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობებზე შეინიშნებოდა ქალთა ყოფნის მხრივ გარკვეული გაუმჯობესება, სამეთვალყურეო საბჭოებში კვოტირებასა და აღმასრულებელ ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდას შორის კავშირი არც თუ დიდად გაზრდილა. გარდა ამისა, მცირედით გაიზარდა დირექტორთა საბჭოების შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ, ასევე, მოულოდნელად შემცირდა ქალთა აღმასრულებელი დირექტორების რაოდენობა კომერციულ ბანკებში, რაც ხაზს უსვამს ამ ტენდენციის უფრო სიღრმისეულად შესწავლის აუცილებლობას.

ევროპისა და ამერიკის 18 ქვეყნის განვითარებულ ბაზრებზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა დადგენილი კვოტირების ზღვართან შესაბამისობის განსხვავებული მაჩვენებლები სხვადასხვა სექტორებსა და ინდუსტრიებში. მაგ., საბაზისო მასალების სექტორში საკმაოდ დიდი შეუსაბამობაა დირექტორთა საბჭოში ქალთა წარმომადგენლობის დადგენილ ზღვარსა და რეალობას შორის - შესაბამისობის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა კონტეინერებისა და შესაფუთი მასალების ინდუსტრია. ამის საპირისპიროდ, საკომუნიკაციო მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით, დივერსიფიცირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ხასიათდებიან შესაბამისობის გაცილებით მაღალი მაჩვენებლით. სხვადასხვა სექტორის ეს მაგალითები ხაზს უსვამს გენდერული კვოტების მრავალფეროვან ეფექტს სხვადასხვა ინდუსტრიაზე.

დირექტორთა საბჭოში გენდერული დივერსიფიკაცია პირდაპირ არ არის დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესებასთან. მიუხედავად ამისა, შეინიშნება ტენდენცია, რომ იმ კომპანიებს, რომელთა დირექტორთა საბჭოებიც დაკომპლექტებულია გენდერული ბალანსის დაცვით, უკეთესი გარე შეფასება აქვთ. ეს, განსაკუთრებით, მკაფიოდ ჩანს რეგიონებში, სადაც გენდერული თანასწორობისა და აქციონერთა ინტერესების დაცვის ხარისხი უფრო მაღალია, სადაც გენდერულად დივერსიფიცირებული დირექტორთა საბჭოები, გარკვეულწილად, განაპირობებენ კომპანიის კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხს და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. გარდა ამისა, გენდერული კვოტების შემოღება ხელს უწყობს არათანაბარი ანაზღაურებისა და დასაქმების მაჩვენებლებს შორის სხვაობის შემცირებას, აგრეთვე, დირექტორთა საბჭოს კომიტეტის მიერ ყურადღების მიმართვას გაცილებით სპეციალიზებულ კომიტეტებზე, რაც პოტენციურად ზრდის წევრ ქალთა ზეგავლენას. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტების დანერგვისა და მოქმედების ხარჯები საკმაოდ დაბალია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კვოტების დანერგვით მიღებული გრძელვადიანი სარგებელი კორპორაციული მმართველობისა და სოციალური თანასწორობის დარგში. 

პრობლემის გადაჭრის გზა 2: გენდერული ნიშნით დაყოფილი ანგარიშგება - კომპანიებისთვის დაწესებული მოთხოვნაა, წარადგინონ ყოველწლიური გენდერული ანგარიშგება, რომელიც მოიცავს დასაქმებულთა ძირითადი გენდერული მახასიათებლების მონაცემებს. ანგარიშგება უნდა დაეფუძნოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ქალების პროცენტული წილი მაღალ და საშუალო მმართველ პოზიციებზე; დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა ასაკობრივი გადანაწილება; დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა პროცენტული გადანაწილება, რომელთაც გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი და თითოეული დასაქმებულის გადამზადების საშუალო ღირებულება; გენდერული ნიშნით კადრების გადინების მაჩვენებელი; დეკრეტული შვებულებით სარგებლობის მქონე ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა და შვებულების ხანგრძლივობა; გენდერული ნიშნით დასაქმებულთა საჩივრები პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის თაობაზე; გენდერული ნიშნით მონაცემები ინფორმაციის გაჟონვის, გამჟღავნების ან დაკარგვის შესახებ; გენდერული ნიშნით დაყოფილი მონაცემები (წარმოდგენილი, განხილული ან გადაწყვეტილი) ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ; ეს შესაძლოა განხორციელდეს ორი სცენარის მიხედვით: სცენარი 1-ის შემთხვევაში, გენდერული ნიშნით დაყოფილ ანგარიშებს წარმოადგენენ მხოლოდ მსხვილი სააქციო საზოგადოებები, ხოლო სცენარი 2-ის შემთხვევაში, გენდერული ნიშნით დაყოფილი მონაცემები თითოეულმა მსხვილმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს.  

პრობლემის გადაჭრის გზა 2-ის რაოდენობრივი შეფასებისას ყურადღება გამახვილებულია შემდეგ ასპექტებზე: (1) გენდერული ნიშნით დაყოფილი ანგარიშგების სარგებლის რაოდენობრივი შეფასება - ზეგავლენა არათანაბარ ანაზღაურებასა და უმუშევრობის მაჩვენებელზე ქალებში; და (2) გენდერული ნიშნით დაყოფილი ანგარიშგების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების შეფასება - შესაბამისობისა და ადმინისტრაციული ხარჯები.

საერთო ჯამში, მოსალოდნელია, რომ პრობლემის გადაწყვეტის მე-2 გზა ხელს შეუწყობს არათანაბარი ანაზღაურების შემცირებას კომპანიებში უფრო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დანერგვის გზით. გარდა ამისა, გენდერული ნიშნით დაყოფილი ანგარიშგება ხელს შეუწყობს ქალების მოზიდვას ცნობილ სააქციო საზოგადოებებსა და მსხვილ საწარმოებში სამუშაოდ, რაც იქნება დემონსტრაცია იმისა, თუ აღნიშნული მიდგომით როგორ არის შესაძლებელი გენდერული თანასწორობის მიღწევა შრომით ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დანერგვის შედეგად საჯარო ადმინისტრაციასა და საწარმოებს შესაძლოა წარმოეშვათ მინიმალური ხარჯები, პოტენციური სარგებელი გენდერული თანასწორობისა და ორგანიზაციული გამჭვირვალობის დარგში, ცხადყოფს ამგვარი ზომების გატარების მნიშვნელობას.

GIA-ს გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს ,,მეწარმეთა შესახებ'' კანონის საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ეხება შემდეგ საკითხებს: 1) სამართლებრივი აღსრულება; 2) ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება; და 3) მონაცემების შეგროვება ზეგავლენის მონიტორინგის მიზნით.

შეავსე ფორმა