შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასება
სამშაბათი, 30 აპრილი, 2024

შენიშვნა: რეფორმეტრის ფარგლებში სამჯერ ჩატარდა RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასება: I ფაზა – 2023 წლის მარტი, II ფაზა – 2023 წლის ნოემბერი, III ფაზა – 2024 წლის აპრილი.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი რეგულაციების გატარებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ქმნის მტკიცებულებებს პოტენციური პოლიტიკის ცვლილების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების გზით. მიღებული შედეგები შეჯამებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის მიზანია, დანერგოს ეს მექანიზმი საქართველოში პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ინსტიტუციონალიზაციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული მექანიზმი უნდა იყოს პოლიტიკის შემუშავების ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი ყველა დონეზე, მათ შორის, სამინისტროებში, სააგენტოებსა თუ საპარლამენტო კომიტეტებში. გარდა ამისა, აღნიშნული პროცესი მოიაზრებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებისას საჭირო პროცედურების, წესებისა და ლოგიკური ნაბიჯების განსაზღვრას, რომელთა საფუძველზეც უნდა შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტები და რეგულაციები.

საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებობს რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან და მის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილებით „რეგულირების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულია გონივრული რეგულირების პრინციპები და შეფასების შინაარსსა და პროცესთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოში კანონპროექტების დიდი რაოდენობის, არსებული შეზღუდული შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით, მეთოდოლოგია სავალდებულო რეგულირების ზეგავლენის შეფასებას მხოლოდ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოცი ისეთი კანონის ცვლილებისას აწესებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნებათ.

ზემოხსენებული დადგენილება RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის საკანონმდებლო ჩარჩოს მთავარი კომპონენტია. რეფორმა აგრეთვე მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების, ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს, რომლებსაც უფრო დეტალურად წინამდებარე ანგარიშის შესაბამის ნაწილებში მიმოვიხილავთ.

შეავსე ფორმა