შენიშვნა: რეფორმეტრის ფარგლებში სამჯერ ჩატარდა RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასება: I ფაზა – 2023 წლის მარტი, II ფაზა – 2023 წლის ნოემბერი, III ფაზა – 2024 წლის აპრილი.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს გონივრული რეგულირების პრინციპების დანერგვას და ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმია. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამრიგად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მიზანია დანერგოს ეს მექანიზმი საქართველოში პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში. ინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს პროცედურების, წესებისა და ლოგიკური ნაბიჯების განსაზღვრას, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტები და რეგულაციები. რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესი პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, ქმნის მტკიცებულებებს პოტენციური პოლიტიკის გატარების ეფექტების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების გზით. მიღებული შედეგები შეჯამებული და წარმოდგენილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში. საქართველოში კანონპროექტების დიდი რაოდენობის, არსებული შეზღუდული შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით, რეფორმის საწყისი ეტაპი გულისხმობს სავალდებულო რეგულირების ზეგავლენის შეფასებას მხოლოდ ისეთი კანონპროექტების შემთხვევაში, რომლებსაც სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება. რეფორმა აგრეთვე მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებს – ძირითადად, ეს არის საჯარო მოხელეების გადამზადება რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების საკითხებში, ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება და კამპანიების ორგანიზება საჯარო კონსულტაციებსა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის წახალისების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებობს რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან და მის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მეთოდოლოგია მოიცავს გონივრული რეგულირების პრინციპებს და რეგულირების ზეგავლენის შეფასების შინაარსსა და პროცესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ხარისხის კონტროლის მექანიზმის სახით შემუშავდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების შინაარსთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლითაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ როგორც რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშების შექმნის, ასევე მათი შემოწმების პროცესში ჩართულ პირებს, მათ შორის მთავრობის საპარლამენტო მდივანს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.