შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

სიახლე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორისთვის: SME ტესტის დანერგვა
ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2023

28 ნოემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კონფერენციაზე დაინტერესებული მხარეები ახალი ინიციატივის განსახილველად შეიკრიბნენ, რომლის მიზანიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მარეგულირებელი პროცესის დახვეწა და ეფექტიანობის გაზრდაა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა წარადგინეს SME ტესტი – ახალი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საკანონმდებლო ინიციატივები კონკრეტულად ქართულ SME სექტორზეა მორგებული.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს თამარ სულუხიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ცისნამი საბაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, და გიორგი ნანობაშვილმა, UNDP-ის ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელთაც მიმართვისას აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა SME სექტორის მდგრადი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის.

ღონისძიების გახსნის შემდეგ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ნორბერტო პინიატიმ და allio|rodrigo consulting-ის წარმომადგენელმა, ლორენცო ალიომ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ერთობლივი პრეზენტაცია SME ტესტის მიგნებებზე. ნორბერტო პინიატიმ დეტალურად ისაუბრა SME ტესტირების პროცესის თანხმლებ გამოწვევებსა თუ საკანონმდებლო ინიციატივების კონტექსტში მექანიზმის დადებით მხარეებზე. ბატონმა პინიატიმ განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ex-ante რეგულირების ზეგავლენის შეფასებისა (RIA) თუ საჯარო კონსულტაციების პროცესში SME ტესტის მექანიზმის გამოყენება SME სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგებული კანონმდებლობის შემოღების პროცესში.

კონფერენციის მეორე ნაწილი დათმო საქართველოს წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის SME ტესტის პრაქტიკული გამოყენებით მიღებული შედეგების წარდგენასა და განხილვას. ბატონმა პინიატიმ წარადგინა SME ტესტირების მეთოდოლოგიის გამოყენებით მიღებული დასკვნები და მიგნებები. კონფერენციის მონაწილეთათვის საინტერესო აღმოჩნდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი ხარჯების კალკულატორიც, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს პოლიტიკის შემუშავების პროცესი.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ღია დისკუსიას, რომელსაც მოდერატორობას უწევდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, დავით კეშელავა. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაესვათ კითხვები გამომსვლელებისთვის და გამოეხატათ მოსაზრებები და შენიშვნები ქართულ კონტექსტში ამ ახალი მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით.

ღონისძიება დასრულდა დავით კეშელავას შემაჯამებელი გამოსვლით, რომელმაც შეაჯამა ღონისძიების მნიშვნელოვანი მიგნებები და იმედი გამოთქვა, რომ SME ტესტირების მეთოდოლოგიას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქართული SME სექტორის გარდაქმნის პროცესში.

შეავსე ფორმა