რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული აქტივობები გაერთიანებულია 7 პრიორიტეტულ მიმართულებაში და მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების საკანონმდელო და ინსტიტუციური ჩარჩოს, ოპერაციული გარემოს, უნარებისა და სამეწარმეო კულტურის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ექსპორტის, გაციფრულებისა და ინოვაციების, ქალთა მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. სტრატეგიის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა.
რეფორმის პროგრესსა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს რეფორმის განმახორციელებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ცისნამი საბაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით განხორციელებული აქტივობები შეაფასა, სააგენტოს :აწარმოე საქართველოში“ ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსმა, თათული დუშუაშვილმა, სააგენტოს პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის და საქმიანობის შედეგები შეაჯამა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ელენე ცხომელიძემ, დამსწრეებს სამთავრობო კვლევის შედეგები გააცნო და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო აქტივობები მიმოიხილა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საჯარ-კერძო დიალოგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმა პრაქტიკაში, რა გავლენა ექნება შემოღებულ პოლიტიკას მცირე და საშუალო სექტორის ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე. შეხვედრა დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.