რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
რეფორმის პროგრესსა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს რეფორმის განმახორციელებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბატონმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა თეა ლოლაძემ და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა შორენა კახიძემ.
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასების ობიექტური ინდიკატორები წარადგინა ლევან თევდორაძემ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, დავით კეშელავამ კი ისაუბრა SME RIA ტესტირების მეთოდოლოგიასა და საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.