შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა ტურიზმის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
პარასკევი, 07 ივლისი, 2023

7 ივლისს რეფორმეტრმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ტურიზმის ინსტიტუტმა ერთობლივ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ბათუმში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

შეხვედრა მოიცავდა ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, რაც მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარებას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის განვითარებას.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მერმა, ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ზოიძემ, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მაია ომიაძემ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, და თამილა შაბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსმა.

შეხვედრის პირველ ნაწილში „რეფორმეტრის“ გუნდმა ტურიზმის რეფორმის პირველადი შეფასების შედეგები წარადგინა, მეორე ნაწილში კი განხილული იქნა ორი თემა: (1) ტურიზმის ადგილობრივ მოსაკრებელზე ჩატარებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შედეგები და (2) ბათუმის და ქობულეთის განთავსების ობიექტების დამოკიდებულებების კვლევა ტურიზმის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი უწყებების, ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში იმსჯელეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე.

შეავსე ფორმა