შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ სემინარზე შეაფასა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი, 2022

21 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძებას „რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე?“. სემინარი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იაროსლავა ბაბიჩმა,  წაიყვანა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომს ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე. ღონისძიება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა.

ქალბატონმა ბაბიჩმა პრეზენტაცია საწყისი მოლოდინების მიმოხილვით დაიწყო. ომის დაწყებისას არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა შენელდებოდა, ვაჭრობა შემცირდებოდა, რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდებოდა ან გაჩერდებოდა, ტურიზმის აღდგენა შეფერხდებოდა, მიგრაცია გაიზრდებოდა, ლარი გაუფასურდებოდა, ინფლაციაზე წნეხი გაიზრდებოდა, ხოლო მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებები იქნებოდა.

 ქალბატონმა ბაბიჩმა შეაფასა, რამდენად იყო საქართველო ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე და წარმოადგინა სხვადასხვა სექტორის სტატისტიკური მონაცემები. ისაუბრა იმ მოკლე და გრძელვადიან ზემოქმედებაზე, რაც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქალბატონი ბაბიჩის პრეზენტაცია დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის პიველი 9 თვის მონაცემების შეფასებით, რამაც რუსეთიდან საქართველოში მიგრაციის ზრდა გამოიწვია, რასაც მოჰყვა რუსული ბიზნესების რეგისტრაცია.

სემინარის მეორე ნაწილში დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, მიმოიხილა, რა გამოწვევების წინაშეა ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სექტორი საქართველოსა და ზოგადად რეგიონში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ბატონმა კეშელავამ ისაუბრა საქართველოს ახალშეძენილ როლზე, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების გამტარი კორიდორი შეიძლება გახდეს, რაც მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებების თავიდან არიდების პროცესში.

შეავსე ფორმა