16 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა სელიმ ჩაქირმა, IMF-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა. ბატონმა ჩაქირმა პრეზენტაციაზე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრა.
ბატონმა ჩაქირმა მიმოიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ომით გამოწვეული მაღალი გაურკვევლობა რეგიონში. ბატონი ჩაქირის განმარტებით, რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია რჩება, რომელიც ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიის დროის დაიწყო და ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. ბატონი ჩაქირის შეფასებით, იმ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის წნეხი მაღალია, უნდა შენარჩუნდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. შესაბამისად, IMF-მა დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა.
რაც შეეხება ეკონომიკას, მოულოდნელი იყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომს დადებითი გავლენა ჰქონდა და ჯერჯერობით აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, მისი ზრდის ტემპზე, შედეგად, IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა. თუმცა მომავალ წელს IMF მხოლოდ 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
ზოგადად, რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში წარმოდგენილია IMF-ის პროგნოზები და ძირითადი პრიორიტეტები, რაც ეხმარება რეგიონის ქვეყნებს არამხოლოდ მოკლევადიან რისკებთან გამკლავებაში, არამედ ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ზომების მიღებაში. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი და პროგნოზები ეკონომიკური განვითარებისა და წევრი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.