25 იანვარს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დავით კეშელავამ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ თემატურ მოკვლევაში მიიღო მონაწილეობა. თემატური მოკვლევა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით განხორციელდა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიიების მოზიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლასა და გააზრებას ემსახურებოდა.
შეხვედრის უმთავრესი მიზანი იმ პრობლემების განხილვა იყო, რაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვეტიციების მოზიდვას ახლავს თან. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურად უსაფრთხო გარემოს, სასამართლო რეფორმის, პროფესიული განათლებისა და მაღალკვალიფიციური მუშახელის გადამზადების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი, ხელმძღვანელობდა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის, საქართველოს ტურიზმისა და საბანკო ასოციაციების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომიტეტი ფორმალური კვლევისა და ერთობლივი დისკუსიის ძირითადი დასკვენბის საფუძველზე მოამზადებს საბოლოო ანგარიშს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგენს საბოლოო დასკვნებს, რომელშიც ყველა მოსაზრება იქნება შეჯერებული.