შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ბატონ ფრანსუა პაშუს უმასპინძლა
ორშაბათი, 22 მაისი, 2017

22 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) უმასპინძლა ფრანსუა პაშუს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენელს საქართველოში, რომელმაც წარმოადგინა IMF-ის 2017 წლის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა. პრეზენტაციაზე გამოყოფილი იყო მსოფლიო და რეგიონული გარემოს სამი ძირითადი სფერო: მიმოხილვა, პოლიტიკის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები.

პრეზენტაციის დასაწყისში ბატონმა პაშუმ მიმოიხილა მსოფლიო და რეგიონული გარემოს ძირითადი ტენდენციები. მისი თქმით, IMF-ის პროგნოზით, 2017 წლის რეალური მშპ-ის ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება, ძირითადად აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთისა და განვითარებადი ბაზრების მაღალი ზრდის ხარჯზე.

როგორც ითქვა, მსოფლიო მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებული რისკები შემცირდა, მსოფლიო ფინანსურ სტაბილურობას კი ძირითადად განაპირობებს გამარტივებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული საკრედიტო რისკები. IMF-ის პროგნოზით, ნავთობის ფასები მცირედით გაიზრდება, თუმცა უახლოეს მომავალში არ დაუბრუნდება წინა მაჩვენებელს. მეტიც, გასული წლის შემოდგომაზე დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, სასაქონლო ფასები თანდათანობით შემცირდება.

პრეზენტაციის მეორე ნაწილში, ბატონმა პაშუმ განიხილა რეგიონის ზოგადი ვითარება და პოლიტიკის ქმედებები. როგორც მან განაცხადა, ექსპორტი, ფულადი გადარიცხვები და ტურიზმი კვლავ საქართველოს ძირითადი არხებია, რომელთა მეშვეობითაც გარე პირობებმა დადებითი გავლენა მოახდინეს 2017 წლის ზრდაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლადების გაუარესება დაფიქსირდა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში, მაშინ, როდესაც ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა უფრო მეტი ნეგატიური შოკი მიიღეს, ვიდრე ნავთობის იმპორტიორმა ქვეყნებმა.

გარდა ამისა, ბატონმა პაშუმ შეაფასა ფინანსური სექტორის მოწყვლადობა. მიუხედავად იმისა, რომ მერყეობა ამ სექტორში ბოლო წელს გაიზარდა, საქართველო კვლავ რჩება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფინანსურ სექტორად. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის დონე მაღალია და ლარიც აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ქვეყნის საბანკო სექტორი კვლავ ჯანსაღია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ გაცვლითი კურსის რყევები საქართველოში შედარებით უმტკივნეულო იყო, რადგან ეროვნულმა ბანკმა მოახერცა გარეგანი შოკების კონტროლი.

მეორე ნაწილის დასასრულს, ბატონმა პაშუმ ისაუბრა მიმდინარე რისკებზე, როგორიცაა სავაჭრო პარტნიორების შემცირებული ზრდა, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება, გლობალური რისკებისა და ფინანსური ხარჯების, გლობალური პროტექციონიზმის ზრდა და/ან შიდა რეფორმების შენელება.

პრეზენტაციის მესამე ნაწილში ბატონმა პაშუმ წარმოადგინა შემდეგი პოლიტიკის რეკომენდაციები:

  • ფისკალური კონსოლიდაციის გზით ბიუჯეტში სივრცისა და ბუფერის შექმნა
  • მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, სანდო საშუალოვადიანი კონსოლიდაციის გეგმის შედგენა
  • მონეტარული და გაცვლითი კურსის ჩარჩოს გაძლიერება
  • ზედამხედველობის, მაკროპრუდენციური პოლიტიკისა და კრიზისის მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება
  • საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების წახალისების, საცხოვრებელი სტანდარტების გაუმჯობესებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სტრუქტურული რეფორმების გატარება.

IMF-ის 2017 წლის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.

შეავსე ფორმა