7 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ენტონი დე ლანოიმ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც 15 სხვა ქვეყანასთან ერთად წარმოადგენს საქართველოს IMF-ის დირექტორთა საბჭოში, ISET-ის მკვლევრების, სტუდენტების, მენეჯერებისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა IMF-სა და მის თანამშრომლობაზე საქართველოსთან.
ბატონმა დელანოიმ ისაუბრა IMF-ზე, როგორც ინსტიტუტზე, მის ისტორიაზე, სტრუქტურაზე, ფუნქციებზე, ინსტრუმენტებსა და განვითარებაზე.
როგორც ბატონმა დე ლანოიმ ახსნა, IMF-ის საქმიანობა გულისხმობს მეთვალყურეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ IMF ასრულებს მისი წევრების ეკონომიკური, ფინანსური და გაცვლითი კურსის პოლიტიკის გლობალური მონიტორინგისა და ქვეყნების ეკონომიკური განვითარების კატალიზატორის ფუნქციას. IMF ტექნიკური მხარდაჭერით ხელს უწყობს ბენეფიციართა კომპეტენციის გაძლიერებასა და კვლევით ანალიზს. IMF, ასევე, გასცემს სესხებს საკუთარ ვალუტაში, რომელსაც Special Drawing Rights (SDR) ეწოდება და შეესაბამება 1.36 აშშ დოლარს. აღნიშნული სესხები გაიცემა სხვადასხვა ფინანსური დახმარებებისა თუ სხვა ფორმებით, როგორიცაა, მაგალითად, „პრევენციული და ლიკვიდური საკრედიტო ხაზები“, „გახანგრძლივებული საფონდო საშუალებები“, „სარეზერვო შეთანხმებები“, „სწრაფი საკრედიტო საშუალებები“ და სხვ. სესხის ტიპი დამოკიდებულია IMF-ის წევრების საჭიროებებზე, როგორ ფარავენ საგადახდო ბალანსს და რა კვოტა აქვთ ფონდში (მაგ. წევრების ხმის მიცემის უფლება და დაფინანსების კვოტები შეესაბამება მათ წვლილსა და ეკონომიკურ ვითარებას).
საქართველო IMF-ის წევრი გახდა 1992 წელს და იყენებს ფონდის სამ საკრედიტო ხაზს (რომლებიც 2012, 2014 და 2017 წლებში დამტკიცდა), რათა განახორციელოს რეფორმები. საქართველოსთვის გაცემული SDR-ის ჯამურმა ოდენობამ 435.40 მლნ. შეადგინა (რაც 592.144 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს). ქვეყანა ვალდებულია, აღნიშნული სესხები 2021 წლამდე გადაიხადოს. ბატონმა დე ლანოიმ აღნიშნა, რომ გონივრული და პროაქტიული ფინანსური პოლიტიკის წყალობით, საქართველო მტკიცედ მიჰყვება პროგრამებისა და საკრედიტო გადასახადების გრაფიკს.
გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, IMF არაერთხელ გახდა ცხარე დებატების თემა, მაშინ, როდესაც, როგორც დე ლანოიმ აღნიშნა, ფონდი ასრულებს მეხანძრის როლს, რომელიც არ უნდა დავადანაშაულოთ იმაში, რომ ზედმეტად ბევრ წყალს იყენებს ცეცხლის ჩასაქრობად.
ბატონი დე ლანოის გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, დამსწრეები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა კრიპტოვალუტა, ფონდის პოლიტიკის მოქნილობა და მისი ურთიერთობა და თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან.
მომავალ კვირას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბატონ ტაო ზანგს.