2021 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.7 პუნქტით შემცირდა და 1.7-ს გაუტოლდა, წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობის და მშენებლობის სექტორები. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2021 წლის II კვარტლისთვის პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით 25.0 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის II კვარტლისთვის -4.1-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება საფინანსო სექტორში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2021 წლის I კვარტლის გაუმჯობესების შემდეგ გაუარესდა და 9.0 პუნქტი შეადგინა. 2021 წლის II კვარტლისთვის მოლოდინების შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირდა 12.4-ით და 17.2 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო ნაკლები წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. მხოლოდ სამშენებლო და მომსახურების სექტორებში ელოდება ბიზნესების უფრო მეტი წილი ფასების გაზრდას.
2021 წლის II კვარტლისთვის, მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნეს საქმიანობისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად რჩება. ამასთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ვიდრე დიდი კომპანიებისთვის.