ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2017 წლის მეორე კვარტალში და 29.0 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 11.5 პუნქტით მაღალია. ინდექსის ზრდა ძირითადად მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდნების ინდექსების მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ განაპირობა.
პირველ კვარტალში შესამჩნევი ვარდნის შემდეგ (20.8 პუნქტით შემცირება), მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი (რომელიც გასული სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს) მნიშვნელოვნად, 12.3 პუნქტით გაუმჯობესდა. სხვა სექტორებთან შედარებით, სოფლის მეურნეობის დარგმა ყველაზე დადებითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა.
აღნიშნული კვლევის ყველაზე გასაოცარ შედეგს წარმოადგენს ბიზნესის ოპტიმიზმის მკვეთრი ზრდა: მოლოდინების ინდექსი თითქმის გაორმაგდა და 63.0 პუნქტს მიაღწია, რაც ქართული BCI-ის ინდექსის ისტორიაში ყველაზე დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა მოელის საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მომდევნო კვარტალში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული განწყობის მაღალი მაჩვენებელი ძლიერი მიმდინარე მდგომარეობის შედეგია, რომელსაც თან ერთვის დადებითი მაკროეკონომიკური მოვლენები, როგორც საქართველოში (სტაბილურობა და ადგილობრივი ვალუტის გამყარება), ისე მის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა. სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ბიზნესები, მომდევნო კვარტალისთვის, საკუთარი პროდუქციის გასაყიდი ფასების ყველაზე დიდ ვარდნას პროგნოზირებენ.
დიდი ბიზნესები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები, ვიდრე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები.
მიუხედავად ზომისა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებენ.