ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2017 წლის მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ გაიზარდა და 28.2 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1.2 პუნქტით მაღალია. შემცირებული მოლოდინების მიუხედავად, მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.
მეორე კვარტალში შესამჩნევი ზრდის შემდეგ (11.2 პუნქტით გაუმჯობესება), მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, მეოთხე კვარტალში კიდევ (17.2 პუნქტით) გაიზარდა. სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე დადებითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა.
ბიზნესის ოპტიმიზმი მესამე კვარტალთან შედარებით 10,9 ერთეულით დაეცა, თუმცა 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით მაღალი დონე შეინარჩუნა. ფინანსური და მომსახურების დარგების წარმომადგენლებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ოპტიმიზმის შემცირებაში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში ფასების ყველაზე დიდ ზრდას მოელიან, ამავდროულად, ფასების ყველაზე მეტი შემცირება პროგნოზირებულია გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შედარებით, დიდი ზომის ბიზნესების მოლოდინების ინდექსი უფრო მეტად შემცირდა, ასევე მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მაჩვენებელი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის შედარებით მეტად გაიზარდა, რამაც საბოლოოდ მცირე და საშუალო და დიდი ზომის ბიზნესების განწყობის ინდექსებს შორის განსხვავება შეამცირა.
მიუხედავად ზომისა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.