„ქვეყნებს, რომლებსაც მაკდონალდსი აქვთ, ერთმანეთთან არ უომიათ“, – წერდა ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი თომას ფრიდმანი 1996 წელს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიო მრავალი ომის მომსწრე გახდა იმ ქვეყნების თანამონაწილეობით, სადაც მაკდონალდსია. თუმცა ფრიდმანის ეს ფრაზა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაკდონალდსი ეკონომიკური გლობალიზაციის სიმბოლოა. ეკონომიკური გლობალიზაცია კი ნამდვილად არის ომიანობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. ასე რომ, გაუმარჯოს გლობალიზაციას!
მაგრამ სწორედ ამ ნაქები გლობალიზაციის გამო, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. კორონავირუსის მსგავსი ვირუსული აფეთქებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა და მეცნიერები სამომავლოდ მათ კიდევ უფრო გახშირებას ვარაუდობენ. მსოფლიო ქვეყნები და მათ შორის ჩინეთი დღეს ხომ ბევრად უფრო მობილურია, ვიდრე, მაგალითად, 2003 წლის სარსის ეპიდემიის დროს იყო. ეს კი ვირუსულ ინფექციებს გზას მთელი მსოფლიოსკენ უხსნის.
უარესი კიდევ ის არის, რომ ახალი გლობალური მტერი ისე შეიძლება დაგესხას თავს, რომ რეაგირება ვერც მოასწრო. წარმოიდგინეთ, წყლის ლილია, რომელიც ყოველდღიურად ორჯერ მრავლდება ტბაზე. თუ ლილიები ტბას სრულად მე-60 დღეს დაფარავენ, მაშინ მეოთხედი როდის დაიფარება? 58-ე დღეს. აი, მე-40 დღეს ძლივს თუ შეამჩნევ ლილიებს ტბაში. კორონავირუსის შემთხვევაშიც იგივე ლოგიკა მუშაობს, რადგან ინფექციის გადადების კოეფიციენტი 2-დან 4-მდე მერყეობს, ანუ ერთ ადამიანს, საშუალოდ, ორზე მეტი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია.
ახალი ვირუსული ინფექცია მალე რომც აღმოაჩინო, გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ პათოგენის გენეტიკა, მუტაცია თუ გადაცემის გზები შეისწავლო და, შესაბამისად, განსაზღვრო, რა ტემპით გავრცელდება იგი და რამდენი ადამიანის დასნებოვნებას შეძლებს. ასე რომ, მანამდე, სანამ პრობლემის მასშტაბურობა დადგინდებოდეს, ცალკეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, მსოფლიოს ახალი ვირუსის შესახებ არც კი ამცნონ, რადგან რეპორტინგი ეკონომიკურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 2003 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძროხის ცოფის გავრცელების შესახებ საწყის ეტაპზევე შეატყობინა მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის შეკავება მალევე მოხერხდა, იაპონიამ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული ხორცის იმპორტი მთელი ერთი წლის განმავლობაში შეაჩერა.
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ქვეყნები აღარ მალავენ ინფორმაციას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, აშშ, შვედეთი, ბელარუსი) ახლა იმაზე ორჭოფობს, მიიღოს თუ არა მკვეთრი ზომები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორჭოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი, ისევ და ისევ, ეკონომიკაა.
“შექმნილი მდგომარეობა საფრთხის ქვეშ, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობას აყენებს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კოორდინირებული მოქმედებაა. მაგრამ, რაც უფრო მეტად ეცდები, რომ პრობლემა მოაგვარო, მით უფრო მეტად მიაყენებ ზიანს ეკონომიკას“, – წერს გაერთიანებული სამეფოს ექს-პრემიერი გორდონ ბრაუნი.
ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის მაგნიტუდა დღითიდღე იზრდება მსოფლიოში. მსოფლიო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი შეიძლება უფრო მძიმე იყოს ვიდრე 2008-2009 წლების რეცესია.
ასე თუ ისე, ცნობილია, რა იქნება მსხვერპლი, თუ, მაგალითად, მოსახლეობის 10% დაინფიცირდება. მაგრამ თითქმის შეუძლებელია, შევაფასოთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიო დოვლათის 10%-ით შემცირების შემთხვევაში. 2008-2009 წლის დიდი რეცესიის შემდეგ 54 ქვეყანაზე ჩატარებულმა კვლევამ1 დაადგინა, რომ მარტო თვითმკვლელობას 2009 წელს დამატებით 5000 ადამიანი შეეწირა2.
რამდენად გამართლებულია დღევანდელი სიცოცხლის გადარჩენისათვის მსოფლიო ეკონომიკის შეწირვა? ან იქნებ, სულაც, საკითხის ამ ფორმით დასმა არასწორია? არის კი ამ ორს შორის არჩევანი გასაკეთებელი? თუ სამხრეთ კორეასა და ბრიტანეთის გამოცდილებას შევხედავთ, ამგვარი არჩევანი არც დამდგარა მათთვის დღის წესრიგში. თუმცა ამ ორი ქვეყნის მიდგომები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
გაერთიანებული სამეფოს პესიმიზმი
12 მარტის პრეს-კონფერენციაზე ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და რომ სიკვდილიანობის მაღალი დონე გარდაუვალი იქნებოდა. „უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მრავალი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანს უდროოდ“, – აი, ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელებს 12 მარტს. სკეპტიციზმის მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ადამიანები შეზღუდვებით ადრე თუ გვიან დაიღლებოდნენ და რეგულაციებისათვის გვერდის ასავლელად გზებს მაინც იპოვიდნენ.
ჯონსონის ამ მოლოდინს ბიჰევიორისტული კვლევები უმაგრებდა ზურგს, რომელთა მიხედვით საზოგადოება სოციალური საკითხების მიმართ სენსიტიურობას კარგავს, თუ მედიის მხრიდან აქტიურად და ხანგრძლივად მოხდება მათი გაშუქება. კვლევები ადასტურებს, რომ მსგავს ფენომენს ადგილი მაშინაც აქვს, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. ადამიანები ვირუსზე მოწოდებულ ინფორმაციაზე უფრო მეტი სიფრთხილით საწყის ეტაპზე რეაგირებენ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ამ ინფორმაციის მიმართ მგრძნობელობა იკლებს, რაც მათ ქცევაზეც აისახება.
ერთადერთ გამოსავლად ბრიტანელ მაღალჩინოსნებს ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის გამომუშავება ესახებოდათ3. ხოლო წესები სოციალური დისტანცირებისათვის მხოლოდ იმიტომ იყო საჭირო, რომ ავადობის დონე ემართათ და ამით ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა მინიმუმამდე დაეყვანათ, რაც, თავის მხრივ, გარდაცვალების რისკებს შეამცირებდა. რეგულაციების გამკაცრებას კი მაშინ შეუდგებოდნენ, როდესაც ქვეყანა ეპიდემიის პიკს მიუახლოვდებოდა. მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც დაინფიცირებულთა რიცხვი 10,000-ს აღწევს, გაორმაგებით მხოლოდ 10,000 ახალი შემთხვევა ემატება, ხოლო ორჯერ 100,000, დამატებით 100,000 ინფიცირებულს ნიშნავს, რაც ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთს მნიშვნელოვნად ზრდის.
თუმცა ეს ნარატივი ბრიტანელი საზოგადოებისათვის რთულად მისაღები აღმოჩნდა, რადგან არც ისე მარტივია, შეეგუო იმას, რომ შესაძლოა დაავადდე და გარდაიცვალო. ამგვარი ფატალისტური მიდგომისათვის მხარდამჭერების მოპოვება განსაკუთრებით რთული იმ პირობებში იყო, როცა ევროპის სხვა ქვეყნები ვირუსის დასამარცხებლად აგრესიულ ზომებს მიმართავდნენ. ზეწოლა ქვეყნის გარედანაც წამოვიდა: საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი გააფრთხილა, რომ საფრანგეთი ბრიტანეთთან საზღვარს ჩაკეტავდა, თუ ეს უკანასკნელი კორონავირუსის წინააღმდეგ ზომებს არ გაამკაცრებდა. 24 მარტს, პრემიერ მინისტრმა გამოსცა ბრძანება ბრიტანეთის ე.წ. დაკეტვის (lockdown) შესახებ.
სამხრეთ კორეა: კონტროლი საზოგადოებაზე
სამხრეთ კორეა არის მაგალითი ქვეყნისა, რომელმაც ვირუსის გავრცელება ისე შეაჩერა, რომ ეკონომიკური ცხოვრება არ შეუფერხებია. თუმცა კორეის გამოცდილების განხილვისას ყურადღება უმეტესად აგრესიულ ტესტირებაზე მახვილდება. რაზეც ნაკლებად საუბრობენ, არის ის, რომ ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანა აქტიურად იყენებს საზოგადოების კონტროლის მექანიზმებს. კონტროლი მიმდინარეობს სათვალთვალო კამერების4, საბანკო ბარათების5, მობილური ტელეფონების6 მეშვეობით. სწორედ ამ გზებით ხდება ინფიცირებული პაციენტებისა და მათი კონტაქტების გამოვლენა და, შესაბამისად, იმის დადგენა, თუ ვისი ტესტირება უნდა მოხდეს პირველ რიგში. რომ არა ეს ტექნოლოგია, გაჭირდებოდა, აღმოეჩინათ ის დაინფიცირებულები, რომელთაც სიმპტომები ან საერთოდ არ აქვთ, ან მსუბუქად აქვთ გამოხატული. ასევე, როდესაც დაინფიცირებულების რიცხვი სწრაფად იზრდება, კონტაქტების იდენტიფიცირება ჯანდაცვის სპეციალისტების ძალებს აღემატება.
როგორც გამოცემა Business Insider-მა ახლახან დაწერა, არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა მიბაძეს სამხრეთ კორეას და ვირუსის შესაკავებლად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს. თუმცა არსებობს შიში, რომ საზოგადოების გაკონტროლების მიზნით ამ ტექნოლოგიების გამოყენება პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიას შეუქმნის საფრთხეს, ავტორიტარულ რეჟიმებს კი კიდევ უფრო გააძლიერებს.
ეს შიშები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგია, რომელიც ლოკაციის იდენტიფიცირებას ახდენს, არახალია და უკვე წლებია, რაც კერძო სექტორი აქტიურად ავითარებს მას. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფალთ მანამდეც ჰქონოდათ წვდომა მოქალაქეების ლოკაციაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გუშინაც და დღესაც, სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ქვეყანა ხელისუფალთა მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობების აღკვეთას.
საქართველო დღევანდელი სიცოცხლის გადასარჩენად
30 მარტს, საქართველომ მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. სამხრეთ კორეისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლას ეკონომიკა ეწირება.
თუ დღეს საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას პირველ რიგში ვირუსი აშინებს, ღარიბები ულუკმაპუროდ და თავშესაფრის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვები ამოძრავებთ, როდესაც სახლში დარჩენისაკენ მოგვიწოდებენ, თუმცა ეს მოწოდება შესაძლოა საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს უგულებელყოფდეს.
ასე რომ, იმედია, საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება და ქვეყანა ვირუსს სხვა მეთოდებით დაამარცხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბრიტანეთის ხელისუფალთა მოლოდინები არ გამართლდება: ადამიანები არ დაიღლებიან და რეგულაციებისათვის გვერდის ავლას არ ეცდებიან მაშინ, როცა ქვეყანას უფრო მეტი ინფიცირებული ეყოლება.
* * *
დასასრულს, თუ მზარდი გლობალიზაციის პირობებში პანდემიები კიდევ უფრო გახშირდება, ქვეყნებს მუდმივი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლა და ამ მიზნით „მუდმივი არმიის“ შექმნა მოუწევთ, ისევე როგორც ეს, ერთ დროს, ხილულ მტრებთან თუ კიბერდანაშაულთან საბრძოლველად მოუწიათ.
1 Chang, S.S., Stuckler, D., Yip, P. and Gunnell, D. (2013). Impact of 2008 global economic crisis on suicide: time trend study in 54 countries. Bmj, 347, p.f5239.u7y
2 კვლევა უმეტესად საშუალო და მაღალშემოსავლიან ქვეყნებს ფარავს, მაშინ როდესაც მსოფლიო თვითმკვლელობების 79% დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.
3 ჯოგური იმუნიტეტი ქვეყანაში მიიღწევა მაშინ, როდესაც საზოგადოების კონკრეტული ნაწილი დაინფიცირდება და, შესაბამისად, ინფექციის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.
4 სათვალთვალო კამერები ხელისუფლებას იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში ეხმარება, რომლებიც COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებთან იყვნენ კონტაქტში. 2014 წელს, სამხრეთ კორეის ქალაქებში 8 მილიონზე მეტი სათვალთვალო კამერა იყო განთავსებული, ყოველ 6,3 ადამიანზე – თითო კამერა.
5 მობილური ტელეფონების გამოყენება ამავე მიზნით არის შესაძლებელი. 2019 წლისათვის, სამხრეთ კორეას მობილური ტელეფონის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მსოფლიოს მასშტაბით (ადამიანზე მეტი ქვეყანაში ტელეფონია).
6 საბანკო ტრანზაქციების აღრიცხვით შესაძლებელია დადგინდეს, როგორ გადაადგილდება ბარათის მფლობელი. სამხრეთ კორეას ონლაინ გადახდებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.