შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შრომის ბაზრის რეფორმა: ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?
ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2020

5 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ ცვლილებებმა, რომლებიც, დიდი ალბათობით, მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდება კიდეც უახლოეს დღეებში, უნდა გააძლიეროს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები.

სანამ დაგეგმილ ცვლილებებს შევაფასებდეთ, გადავხედოთ, რა მიმართულებებით შედის კანონში ცვლილები. ესენია:

• სამუშაო კვირის ხანგრძლივობა

• (სავალდებულო) დასვენების ხანგრძლივობა

• ცვლებში მუშაობისას ცვლის ხანგრძლივობა

• სტაჟირების, ნახევარგანაკვეთური შრომის და ღამის ცვლების რეგულირება

• დეკრეტული შვებულების უფლება

• შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და ფუნქციები.

შრომის ბაზრის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ ნაბიჯებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ერთ მხარეს დგანან დასაქმებულთა უფლებების გაძლიერების მხარდამჭერები, რომლებიც თვლიან, რომ წარდგენილი ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ უფრო მეტს მოელოდნენ. მეორე მხარეს კი წარმოადგენენ ბიზნეს-ასოციაციები, რომლებიც იმ უაყოფით გავლენაზე აკეთებენ აქცენტს, რაც წარდგენილ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკაზე.

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა ხდება?

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ქართული შრომის ბაზრის მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ლიბერალური და ბიზნესზე ორიენტირებულია; ეს მეტწილად სააკაშვილის მთავრობის მიერ 2006 წელს გატარებული შრომის ბაზრის რეფორმის დამსახურებაა.

საქართველოს მოქმედი შრომის ბაზრის კოდექსი სწორედ 2006 წელს დამტკიცდა, პარალელურად კი არაერთი კანონი გაუქმდა, მათ შორის:

• დასაქმების შესახებ კანონი

• კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ კანონი

• შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი.

ახალმა კოდექსმა ფაქტობრივად თითქმის ყველა რეგულაცია გააუქმა და აქცენტი დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის შრომით ხელშეკრულებაზე გადაიტანა. კოდექსი ცნობს როგორც ზეპირ, ისე წერილობით შეთანხმებას.

მაშინ რეფორმის ძირითადი დასაბუთება ის იყო, რომ: 1) ძველი მარეგულირებელი ორგანოები კორუმპირებული და არაეფექტური იყო და მათი გაუქმება გარდაუვალი იყო; 2) ბაზარი თავის თავს დაარეგულირებდა, შედეგად, ვრცელი კანონებისა და რეგლამენტების საჭიროება აღარ იქნებოდა, რაც სააგენტოებს მხოლოდ ტვირთად აწვათ და რეალური ეფექტი არ ჰქონდა.

ეს ძალიან პრაგმატული (განსაკუთრებით პირველ პუნქტთან მიმართებაში), თუმცა იდეოლოგიურად მოტივირებული (მეორე პუნქტთან მიმართებაში) გადაწყვეტილება იყო. რეფორმა მოიწონეს ბიზნეს-სექტორმაც და ლიბერტარიანელებმაც. არც არის გასაკვირი, რადგან ქვეყანამ შედეგად არაერთ ცნობილ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისა და ბიზნესის ინდექსებში პოზიციების გაუმჯობესება მიიღო. თუმცა კოდექსს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ: ქვეყნის შიგნით დასაქმებულებისა და პროფკავშირების, ქვეყნის გარეთ კი, მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ევროკავშირისა და აშშ-ის სახით.

ყველა კრიტიკოსი ერთხმად თანხმდებოდა, რომ ახალმა შრომის კოდექსმა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს კი არ გაუზარდა შრომითი ურთიერთობების მოლაპარაკების თავისუფლება, არამედ, პირიქით, დაარღვია შრომის ბაზარზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული თანასწორობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ დამსაქმებელი ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, დასაქმებულის უფლებები კი შესუსტდა. ეს არ არის უმნიშვნელო პრობლემა, რადგან ბაზარი, რომელზეც ძალთა ბალანსი დარღვეულია, ვერ ახერხებს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვას. ბაზარზე ‘გაძლიერებული’ აგენტები საკუთარ ძალაუფლებას იმისთვის იყენებენ, რომ მეტი სარგებელი მიიღონ, რაც მეორე მხარის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს, შედეგი კი ისაა, რომ ეკონომიკის ეფექტიანობა ეცემა.

გარდა მნიშვნელოვანი და ლოგიკური საკითხების წინ წამოწევისა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პრაქტიკური და ხელშესახები შედეგებიც მოჰყვა. მაგალითად, ევროკავშირმა შრომის ბაზრის რეფორმა საქართველოსთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ინტეგრაციის წინაპირობად დაასახელა, შრომითი უფლებების შესახებ დებულებები კი პირდაპირ შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. მართლაც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განხილვის პროცესში მყოფი ცვლილებების დამტკიცების მიზანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილია.

და რა ხდება ახლა?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშს, რომელშიც, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს შრომის ბაზარი 37-ე ადგილზეა. ეს მეტწილად იმან განაპირობა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო პრინციპულად ბიზნესზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. ანგარიშში ხაზგასმულია არაერთი მნიშნველოვანი პუნქტი, რომელთა შორის აღსანიშნავია „შრომითი ურთერთობის შეწყვეტის ხარჯი“ (რამდენი კვირის განმავლობაში უხდის დამსაქმებელი დასაქმებულს კომპენსაციას დათხოვნის შემდეგ), დაქირავებისა და დათხოვნის სიმარტივე, უცხოელი მუშახელის დაქირავების სიმარტივე და დაბალი საშემოსავლო გადასახადი. დადებითად შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა დასაქმებულთა უფლებების გაძლიერების მიმართულებით. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ინდიკატორები, როგორც წესი, უფრო მეტად ასახავს რეალობას, მაშინ როდესაც დასაქმებულთა უფლებების შეფასებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. შრომითი უფლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში და დამოკიდებულია დასაქმებული საჯარო სექტორში მუშაობს თუ კერძოში, ფორმალურადაა დასაქმებული თუ არაფორმალურად და ა.შ. დასაქმებულთა უფლებების ინდექსში კი როგორც წესი მეტადაა წარმოდგენილი უფრო მაღალი ხარისხის (და უფრო დაცულ) სამსახურებში დასაქმებულთა პირობები.

თუ ქართული შრომის ბაზარი კარგ შედეგებს აჩვენებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის რიგი ინდიკატორების მიხედვით, არცთუ სახარბიელო შედეგები აქვს სხვა ინდიკატორებში, რაც საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს. მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშს თუ დავეყრდნობით, საქართველოში დამსაქმებელი და დასაქმებული მხარეები ნაკლებად თანამშრომლობენ; შრომის ბაზრის განვითარების სტრატეგიები ნაკლებად ეხმარება უმუშევარ ადამიანებს გადამზადებასა თუ ახალი სამსახურის მოძიებაში; შიდა შრომითი მობილობა საკმაოდ შეზღუდულია, ქალების ხელფასისა და დასაქმების მაჩვენებელი მამაკაცებთან შედარებით კვლავ დაბალია, ისევე, როგორც პროფესიონალი მენეჯმენტისადმი ნდობა და ანაზღაურებასა და პროდუქტიულობას შორის კავშირი. ეს ქვეინდექსები აჩვენებს, რომ შრომის ბაზარი არაეფექტურად ფუნქციონირებს და ძალებიც არათანაბრად არის გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარს საზოგადოებისთვის სახარბიელო შედეგი ვერ მოაქვს. ამ დასკვნას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტიც, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი არ მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, რომლებიც შეაფასებდა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე, არაფორმალური დასაქმების წილი, თვითდასაქმების წილი. ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შრომის ბაზარი არაეფექტურად მუშაობს და ნაკლები სარგებელი მოაქვს საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, როცა გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს.

ახლა დავუბრუნდეთ ბლოგის სათაურს: ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ სავსე? პასუხი რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ნამდვილად არსებობს ჭიქის პირთამდე გავსების პოტენციალი.

ამ ეტაპზე სიმართლე ისაა, რომ უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობა არსებობს. მიმდინარე რეფორმას შეუძლია გაზარდოს როგორც შრომის ბაზრის ეფექტიანობა, ისე ბაზარზე ძალთა სამართლიანი განაწილება, რაც გრძელვადიან პერიოდში სარგებელს მოუტანს კომპანიებსაც და საზოგადოებასაც, რადგან ეკონომიკა ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი, ეფექტური და ინკლუზიური გახდება. ბიზნესებიცა და ქვეყანაც იხეირებს, თუ მუშახელს სტიმულირების უკეთეს მოდელს შევთავაზებთ. წარდგენილ ცვლილებათა ერთი ნაწილი ნამდვილად იძლევა იმედს, გვყავდეს უფრო ბედნიერი, უფრო ჯანმრთელი, უფრო განათლებული და ნაკლებად დასტრესილი სამუშაო ძალა.

ცხადია, ინიციატივას არაერთი ხარვეზიც აქვს, რაც უნდა გამოსწორდეს (ეხლა სასწორი დაბალანსების ნაცვლად, სხვადასხვა მიმართულებით იხრება), შესწორება ხარჯებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით, მოკლევადიან პერიოდში, რაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, თუმცა ისიც დასაფასებელია, რომ დამტკიცებული მიდგომა ამ ხარჯებსაც ითვალისწინებს.

კანონპროექტის ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ შედეგად ის მოიტანა, რომ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, თან ისეთი, რომლებიც აბალანსებს ცვლილების საჭიროებასა და  იმ მტკივნეულ (მოკლევადიან) ზემოქმედებას, რაც ამ ცვლილებებმა ბიზნესსა და ეკონომიკაზე იქონია. ამან, ერთი მხრივ, იმედგაცრუებული დატოვა ცვლილების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები, თუმცა, მეორე მხრივ, რეფორმისადმი დადებითად განაწყო არაერთი დაინტერესებული მხარე, რომლებიც მანამდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ წარდგენილ ცვლილებებს. ეს კარგია, რადგან რეფორმის პრაქტიკული პროცესი არ უნდა იყოს ნაჩქარევი და თან უნდა ახლდეს კონსტრუქციული დისკუსია ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა ისიც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია ეფუძნებოდეს არა წმინდა იდეოლოგიურ პაექრობას, არამედ არსებულ მტკიცებულებებს და იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც მსგავსი რეგულაციები უკვე დანერგეს.

დაბოლოს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეფორმის შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არცერთი დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფი არ იქნება, ამიტომ უნდა განეიტრალდეს სხვადასხვა პოზიციები, თუ ჩვენი მიზანი უფრო დაბალანსებული და ყველასათვის სარგებლის მომტანი შედეგის მიღწევაა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას სწორედ ახლა აქვს რეალური შანსი, ამ პროცესიდან უფრო ძლიერი, უფრო სამართლიანი, უფრო ერთიანი გამოვიდეს და, რაც მთავარია, ჰქონდეს უკეთ ფუნქციონირებადი შრომის ბაზარი.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა