შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანდემიის შემდეგ: ითამაშე სუფთად ან საერთოდ არ ითამაშო!
ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2020

მთელ მსოფლიოში ქვეყნები ცდილობენ, სწრაფად იმოქმედონ და დაეხმარონ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ მოსახლეობას. ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად მთავრობები ცდილობენ, მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები და განახორციელონ დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები. საქართველოც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროექტი გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების შემოტანას საქართველოში და მის შემდგომ გადამუშავებას. გადამამუშავებელი ქარხანა 400-მდე ადამიანს დაასაქმებს. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია საქართველოსთვის პლასტიკის ნარჩენების გადამუშავებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა? პასუხი დადებითი შეიძლება იყოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური სარგებელი გარემოზე მიყენებულ ზიანს გადაწონის, საქართველო კი არა იმპორტირებულ, არამედ საკუთარ ნარჩენებს გადაამუშავებს.

ნარჩენებით მსოფლიო ვაჭრობა

მთლიანი სურათი რომ დავინახოთ, უნდა დავაკვირდეთ ნარჩენებით ვაჭრობისა და ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი გახდა მსოფლიო ლიდერი პლასტიკის წარმოებასა და გადამუშავებაში. იაფი მუშახელის, რეგულაციების მცირე რაოდენობისა და მზარდი მოთხოვნის წყალობით, ჩინეთი იქცა მსოფლიო გადამამუშავებელი ინდუსტრიის ცენტრად. 2018 წლამდე ჩინეთზე მოდიოდა პლასტიკის ნარჩენის მსოფლიო იმპორტის ორი მესამედი და ევროკავშირის პლასტიკის ნარჩენის ექსპორტის 90%. პირდაპირი ეკონომიკური სარგებელის მიუხედავად, პლასტიკის ნარჩენებით ვაჭრობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩინეთის ეკოლოგიას. ეკოლოგიური მიზეზების გამო, დანარჩენი მსოფლიოს გასაკვირად, 2018 წლის დასაწყისში ჩინეთმა აკრძალა 24 სახის (მათ შორის დაბალი ხარისხის პლასტმასის) ნარჩენის იმპორტი.

ჩინეთის მიერ პლასტიკის იმპორტის აკრძალვამ პლასტიკის ნარჩენების მსოფლიო ბაზარზე ქაოსი გამოიწვია: ნარჩენის ფასები შემცირდა, ექსპორტირების დანახარჯები კი მკვეთრად გაიზარდა; მეტი პლასტიკის ნარჩენი აღმოჩნდა ადგილობრივ ნაგავსაყრელებზე, ვაჭრობა კი მკვეთრად შემცირდა. სულ რამდენიმე თვეში პლასტიკის მსოფლიო ვაჭრობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ კი მალაიზიაში, ტაილანდში, ვიეტნამში, ინდონეზიასა და ინდოეთში გადაინაცვლა, რადგან ამ ქვეყნებს ნაკლები რეგულაცია და იაფი სამუშაო ძალა ჰყავს. ჩინელმა გადამამუშავებლებმა თავიანთი ქარხნები სწორედ ამ ქვეყნებში გადაიტანეს.

იმავე პერიოდში, პარალელურად თურქეთი გახდა ევროპული ნარჩენების „ნაგავსაყრელი“. 2017-2019 წლებში, პლასტიკის ნარჩენების იმპორტი (წონით) თურქეთში გერმანიიდან და ბრიტანეთიდან გასსამაგდა, იტალიიდან რვაჯერ, ნიდერლანდებიდან კი ათჯერ გაიზარდა (გაეროს ვაჭრობის მონაცემები). მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს საკუთარი პლასტიკის ნარჩენებიც საკმარისზე მეტი აქვს, იგი ამჟამად მსოფლიოში აღნიშნული ნედლეულის მეექვსე უმსხვილესი იმპორტიორია. კვლევების თანახმად, რუსეთისა და გერმანიის შემდეგ, თურქეთში ყველაზე მეტი პალსტიკის ნარჩენი იქმნება ევროპაში.

რისკები საქართველოსთვის

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და თურქეთში მსოფლიო ნარჩენებისგან ნაგავსაყრელის შექმნის მაგალითებმა გამოავლინა რისკები, რომელიც შესაძლოა საქართველოსთვის აქტუალური გახდეს მომავალში. ქვეყნის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, შემოსავლების დაბალი დონე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და სწრაფვა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისკენ მხოლოდ ამძაფრებს ამ რისკებს.

2020 წლის აპრილში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) ანგარიში, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 73,000 ტონა იმპორტირებულ პლასტიკის ნარჩენს გადაამუშავებს (2019 წელს საქართველოში იმპორტირებულზე 142-ჯერ მეტი). ნარჩენების იმპორტი ძირითადად აშშ-დან და ევროკავშირიდან მოხდება. დასაქმების თვალსაზრისით, დაგეგმილია, რომ საწყის (საოპერაციო) ეტაპზე ქარხანაში 150 ადამიანი დასაქმდება და აქედან 90 (60%) ადგილობრივი იქნება. ვინაიდან ამგვარი საქმიანობა მეტწილად იაფ მუშახელს მოითხოვს, პლასტიკის ნარჩენის ხელით დახარისხებასა და გადატანაში, სავარაუდოდ, ადგილობრივი მუშახელი ჩაერთვება. მსგავსი სამუშაო ადგილების შექმნა კი ნაკლებად ასოცირდება ღირსეული დასაქმების ხელშეწყობასთან, რომლის უზრუნველყოფასაც ცდილობს მთავრობა.

თუ გავითვალისწინებთ, რა გავლენა მოახდინა პლასტიკის ნარჩენების იმპორტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და თურქეთზე, ვფიქრობთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისას საქართველომ უნდა გამოიყენოს შერჩევითი მიდგომა. სიღრმისეული ანალიზის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ეკონომიკურ სარგებელთან ან დანახარჯთან (გარემოზე ზეგავლენის ჩათვლით) არის დაკავშირებული თითოული ასეთი პროექტი. თუმცა ამ შემთხვევაში სიღრმისეული ანალიზის გარეშეც, ცხადია, რომ უცხოური ინვესტორის მიერ საქართველოს მიწისა და იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, იმპორტირებული ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების ექსპორტზე გატანა, არც ეკონომიკური და არც გარემოზე ზეგავლენის თვალსაზრისით, არ არის ხელსაყრელი საქართველოსთვის. აღსანიშნავია, რომ გადამუშავების პროცესიც კი არ არის ეკოლოგიურად სუფთა და პლასტიკის ნარჩენები სრულად არ გადამუშავდება, რაც საბოლოო ჯამში გარემოს დაბინძურებას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, ”ბინძური” ნარჩენების გადაუმუშავებელი ნაწილები, სავარაუდოდ, დარჩება საქართველოს ნაგავსაყრელებზე, მოხვდება გარემოში და დააზიანებს მას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებული ქვეყნები, როგორც წესი, კრძალავენ ”დაბალი ხარისხის” პლასტიკის ნარჩენების იმპორტს და ჩინეთი, თურქეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ბოლო დროს ასევე კრძალავენ ან ზღუდავენ მას, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს იმპორტირებული ნარჩენების გადამუშავებით გამდიდრების იმედი.

აქვს თუ არა საქართველოს უკეთესი ალტერნატივა?

პლასტიკური ნარჩენების იმპორტისგან თავის შეკავების ერთ-ერთი საფუძველი ისაა, რომ საქართველოში წელიწადში დაახლოებით 900,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი უკვე იქმნება (სამრეწველო ნარჩენებზე მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი) საიდანაც დაახლოებით 10% პლასტიკის ნარჩენია. შესაბამისად, თეორიულად, საქართველოს გადასამუშავებლად უკვე აქვს პლასტიკის ნარჩენების საკუთარი რესურსი. თუმცა, ნარჩენების მართვის არსებული სისტემის პირობებში, ეს შეუძლებელია. ამიტომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მწარმოებლებში კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპის და ნარჩენების დახარისხების სისტემის დანერგვაზე. ცხადია, საზღვარგარეთიდან პლასტიკის იმპორტი გაცილებით უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს ძალისხმევა დადებითად აისახება დასაქმებაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გარემოზე.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა