
ISET ეკონომისტი

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონენტიდან ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტების ეკონომიკური ხედვაა. პარტიების ეკონომიკური პოლიტიკით მსგავსი დაინტერესება არსებითად ზრდის ქართული ელექტორატის ამ მიმართულებით ინფორმირების მნიშვნელობას.
მოცემულ სტატიაში, "საარჩევნო კომპასი საქართველოზე" დაყრდნობით, სწორედ ქართული პარტიების ეკონომიკურ პლატფორმებს მიმოვიხილავთ და წარმოგიდგენთ, რამდენად მემარჯვენე თუ მემარცხენე ხედვებს გვთავაზობენ ისინი.
საარჩევნო კომპასი პარტიების დამოკიდებულებებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური საკითხების სამი თემატური ჯგუფის მიხედვით განსაზღვრავს. ეს ჯგუფებია:
საარჩევნო კომპასის ფარგლებში შერჩეულმა საარჩევნო სუბიექტებმა ეკონომიკური პოლიტიკის ზემოთ ხსენებულ მიმართულებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეკითხვაზე თავიანთი პოზიცია პასუხის ხუთი შესაძლო ვერსიის1 მიხედვით დააფიქსირეს. მათი პასუხების თანახმად, ქართული პოლიტიკური პარტიების ხუთი იდეოლოგიური კატეგორია გამოიკვეთა:
ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს, თუ რომელ იდეოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება კონკრეტული პარტია ეკონომიკის კონკრეტულ მიმართულებებზე მათი პოზიციებისა და საერთო ეკონომიკური პლატფორმის მიხედვით.
ცხრილი 1. პარტიების იდეოლოგიური ჯგუფები ეკონომიკური თემატიკის შესაბამისად
შენიშვნა: ცხრილში მოცემულია საარჩევნო სუბიექტები მათთვის მინიჭებული საარჩევნო ნომრების მიხედვით (პარტიებისა და მათი საარჩევნო ნომრების მიმართებას სტატიის ზემოთა ბლოკი ასახავს, სრული სია მოცემულია ცესკო-ს ვებგვერდზეც.
მოცემული იდეოლოგიური განაწილება გვიჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ რუკაზე ყველაზე უხვად ცენტრისტი, ხოლო ყველაზე იშვიათად გამოკვეთილი მემარჯვენე ეკონომიკური ხედვის მქონე პარტიები გვხვდება.
მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, დამატებით გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური პარტიები ეკონომიკური საკითხებიდან ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკასთან მიმართებით ყველაზე მეტად აფიქსირებენ მემარცხენე ხედვებს, ნაკლებად მემარცხენე დამოკიდებულება აქვთ გადასახადებთან დაკავშირებით, შრომის ბაზრის მოწყობაზე საერთო განწყობა კი მეტწილად ცენტრისტულია.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული განაწილება მხოლოდ პარტიების საშუალო იდეოლოგიურ პოზიციას გვიჩვენებს საარჩევნო კომპასში მოცემულ ეკონომიკურ თემებზე. დამატებით, საინტერესოა, თუ რამდენად მაღალია სხვადასხვა საკითხებზე პარტიების მიერ არჩეულ პოზიციებს შორის იდეოლოგიური ვარიაცია. შესაბამისად, მე-2 ცხრილში მოცემულია როგორც პარტიების საშუალო იდეოლოგიური ქულა (-2 შეესაბამება მკაფიოდ მემარცხენე მიდგომას, ხოლო 2 – მკვეთრად მემარჯვენე პოზიციას), ისე მათ მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს შორის ვარიაცია (წარმოდგენილი სტანდარტული გადახრის სახით).
ცხრილი 2. პარტიების საშუალო იდეოლოგიური კოეფიციენტი და სტანდარტული გადახრა
საარჩევნო სუბიექტი | საშუალო იდეოლოგიური ქულა | სტანდარტული გადახრა |
#2-ევროპული საქართველო | 1,8 | 0,4 |
#3-ერთიანი საქართველო | -0,4 | 1,7 |
#5-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია | 0,9 | 1,3 |
#8-პატრიოტთა ალიანსი | -1,3 | 1,2 |
#10-ლეიბორისტული პარტია | -1,0 | 1,1 |
#19-სოლიდარობის ალიანსი | -1,5 | 0,7 |
#21-თავისუფალი საქართველო | 0,1 | 2 |
#24-მოქალაქეები | 0,8 | 1,1 |
#25-თავისუფალი დემოკრატები | -1,0 | 1,5 |
#26-პარტია სამართლიანობისთვის | -1,6 | 0,5 |
#27-სტრატეგია აღმაშენებელი | 0,2 | 1,7 |
#36-გირჩი | 2 | 0 |
#41-ქართული ოცნება | -0,7 | 1,3 |
#46-სოციალ-დემოკრატები | -1,8 | 0,4 |
#47-კონსერვატიული პარტია | -0,2 | 1,3 |
#56-ლელო | 0,3 | 1,5 |
წყარო: ავტორების გამოთვლა ("საარჩევნო კომპასი საქართველო")
როგორც მოსალოდნელი იყო, გამოკვეთილად მემარჯვენე და მემარცხენე საარჩევნო სუბიექტების სტანდარტული გადახრა დაბალია, ცენტრთან ახლოს მდებარე პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში ვარიაცია კი იზრდება, რადგან ისინი რიგ საკითხებზე მემარჯვენე, ხოლო სხვა საკითხებზე მემარცხენე პოზიციებს წარმოგვიდენენ.
დაბოლოს, 31 ოქტომბერს ელექტორატის გათვიცნობიერებულმა არჩევანმა ქართული დემოკრატიის ხარისხი და ქვეყნის მომავალი ხელისუფლების ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრული პლატფორმა დაგეხმარებათ, რომელშიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქართული პარტიების ეკონომიკური ხედვების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.