შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრა: რა როლი აქვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას?
ორშაბათი, 21 დეკემბერი, 2020

საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ1. ამან შეიძლება ნაწილობრივ ახსნას ის, თუ რატომ რჩება PISA-ს ქულები საქართველოში დაბალი. 78 ქვეყანას შორის საქართველო მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე, მეცნიერებაში კი 74-ე ადგილზეა. თუმცა ეს მაინც ვერ ხსნის მთლიან სურათს, რადგან ირლანდია2, რომლის განათლების დანახარჯები თითქმის იგივეა, 21-ე (მათემატიკა), მე-8 (კითხვა) და 22-ე (მეცნიერება) ადგილზეა.

PISA-ს დაბალი ქულები საქართველოს განათლების სექტორში არსებული სერიოზული პრობლემების მხოლოდ ერთი მახასიათებელია. მაგალითად, უმაღლესი განათლება, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფართოდაა გავრცელებული და საერთაშორისო მასშტაბებზეც გადის, დაბალი ეკონომიკური შემოსავლების მომტანია. Galt & Taggart-ის 2020 წლის კვლევაში პრობლემის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს:

• კურსდამთავრებულთა გადაჭარბებული რაოდენობა, მაშინ როდესაც სამუშაო ადგილები, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ, დაბალანაზღაურებად სექტორებშია კონცენტრირებული;

• კურსდამთავრებულთა ნაკლებად ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებები; და

• საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ვერ უვითარებენ სტუდენტებს ადეკვატურ ტექნიკურ, შემეცნებით და სოციალურ უნარ-ჩვევებს.

პროფესიული და ტექნიკური განათლების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ახალგაზრდებს არ სურთ დარეგისტრირდნენ განათლების ისეთ პროგრამებზე, რომელიც არ მიიჩნევა პრესტიჟულად და რომელიც მათთვის არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია. Galt & Taggart-ის მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების პროცენტული წილი საქართველოში 3-დან 6%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი  48%-ს შეადგენს.

ამდენად, როგორც ჩანს, PISA-ს დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ სიმპტომია და განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა. რა ხდება შრომის ბაზარზე? რიგმა დონორებმა შეისწავლეს ეს საკითხი და მთავრობას დახმარება შესთავაზეს. სექტორში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ დანერგა „ადამიანური კაპიტალის პროექტი“. ცოტა ხნის წინ, მთავრობამ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან სასესხო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკთან. პროექტი მრავალმხრივია და განათლების სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს.

ამ მიმართულებებს შორისაა მსოფლიო ბანკის პროექტი, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) სუსტი მხარეების მიმოხილვას გვთავაზობს. ეს სისტემა, უამრავ ქვეყანაში დაინერგა, საქართველოში კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება (2012 წლიდან პროექტი სამინისტროს ექვემდებარება, თუმცა როგორც ცალკე მდგომი იურიდიული პირი).

EMIS-ს რამდენიმე მიზანი აქვს. მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახდეს საგანმანათლებლო პოლიტიკის ინფორმირებისთვის ყველა საჭირო მონაცემი. სისტემა ფართო სპექტრის საგანმანათლებლო მონაცემებს ცენტრალიზებულად უყრის თავს ერთ პლატფორმაზე, რომელზედაც წვდომა აქვთ კანონმდებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. საქართველოში EMIS აგროვებს მონაცემებს ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე, ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან – სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) თუ პროფესიული სასწავლებლებიდან. EMIS-ის კიდევ ერთი მიზანია განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, საგანმანათლებლო პროცესების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ (IT) მხარდაჭერა და, ზოგადად, განათლების სექტორის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

შეასრულა თუ არა EMIS-მა თავისი მიზნები საქართველოში დანერგვიდან 8 წლის შემდეგ? საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშს თუ დავეყრდნობით, „არც ისე სრულყოფილად“. ანგარიში მოიცავს 2015-2018 წლების პერიოდს და მასში მოცემულია სისტემის ზოგადი, მათ შორის, მისი მართვის და არსებული უსაფრთხოების პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ EMIS-მა დაარსების დღიდან გრძელი გზა გაიარა და წარმატებით შეუწყო ხელი ელექტრონული სკოლის (eSchool) სისტემის დანერგვას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა ამ სექტორში მთელი რიგი ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება. თუმცა ანგარიშში იმაზეცაა საუბარი, რომ შესაძლებელია შედეგების მრავალმხრივ გაუმჯობესება. ცალკეა გამოყოფილი რამდენიმე სერიოზულ საკითხი, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს:

• შეგროვდა მონაცემები ადმინისტრაციული და დასაქმებული ადამიანური რესურსების შესახებ, თუმცა სისტემამ ვერ მოიპოვა რიგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, მოსწავლეების შედეგების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის (იმუნიზაცია და დაავადების ისტორია) და მოსწრების შესახებ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სისტემა სკოლების მხოლოდ ნაწილში ფუნქციონირებდა;

• ინფორმაცია უნდა გაერთიანდეს ან დაჯგუფდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმირებული სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

• სისტემამ ვერ შეძლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან შეგროვებული ინფორმაცია სხვა უწყებებისთვის გადაეცა; და

• ინფორმაციის დამუშავებისა და, შესაბამისად, სრულად გამოყენებისთვის არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი, ხოლო მონაცემთა უსაფრთხოება კვლავ პრობლემად რჩებოდა. სისტემას აკლია მონაცემებზე დაფუძნებული სამუშაო კულტურაც.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გაუჭირდა EMIS-ის დანერგვა. იგივე პრობლემის წინაშე არაერთი სხვა ქვეყანაც დადგა. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ მიმოიხილა ამ ქვეყნების გამოწვევები და წარმატებები3. რეგიონიდან შერჩეული საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს:

• სომხეთი, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მეზობელ ქვეყნებს შორის, რომელთა შედეგებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში წარმატების მაგალითად არის აღიარებული. სომხეთში EMIS თავს უყრის დიდი რაოდენობის ინფორმაციას და დეცენტრალიზებულია რეგიონულ დონეზე, სადაც ხდება სისტემაში მონაცემთა შეყვანის ხარისხის კონტროლი.

• აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ EMIS-ის სისტემა ტექნიკურად გამართულია და ხარისხიანი მონაცემები მოიპოვება, პრობლემაა მომხმარებლების მხრიდან მონაცემებზე დაფუძნებული სამუშაო კულტურა და, შესაბამისად, არსებული ინფორმაცია არ არის სათანადოდ გაანალიზებული.

• ბულგარეთში EMIS-ის შექმნის მთელი პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე მოთხოვნის სიმცირის გამო.

• თურქეთს არ ჰქონდა საჭირო რესურსები რეგიონულ დონეზე (მსოფლიო ბანკის ანგარიშში განხილული ბევრი ქვეყნის საერთო პრობლემა), აქ ინსტიტუციებსა და საზოგადოებას შორის კოორდინაციაც პრობლემაა. საბოლოოდ, პროექტი ამოღებულ იქნა მთავრობის დღის წესრიგიდან.

• დაბოლოს, უკრაინას არ ჰქონდა EMIS-ისთვის საჭირო აღჭურვილობა, სირთულეები შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის კუთხითაც. შედეგი კი ისაა, რომ EMIS-ის მიერ მოპოვებული მონაცემები ნაკლებად გამოიყენება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია (მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშზე დაყრდნობით) EMIS-ის სხვადასხვა მახასიათებლები, როგორც ჩვენ მიერ განხილულ ქვეყნების, ისე საქართველოსთვის. საქართველოს მონაცემები აღებულია 2019 წლის აუდიტის დასკვნიდან.

ქვეყნები სომხეთი აზერბაიჯანი ბულგარეთი საქართველო თურქეთი უკრაინა
EMIS-ის დანერგვა 1998-2002 2003-2010 2000-2004 2012 1999-2003 2014
ნედლი მონაცემები (შეყვანილი) სათანადო რესურსები რეგიონულ დონეზე კი       არა  
EMIS-ის ინფორმაციის ადეკვატური დაფარვის არეალი კი კი არა არა    
ხარისხიანი მონაცემების მიღება კი კი არა      
მონაცემთა გადაცემა და EMIS პროცესი სისტემური და ტექნოლოგიური საიმედოობა   კი   არა   არა
დაინტერესებულ მხარეებს შორის სათანადო კომუნიკაცია       არა არა  
მონაცემთა უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა       არა    
მონაცემებზე დაფუძნებული კულტურის არსებობა   არა   არა   არა
EMIS-ის შედეგები საჭირო ანალიზის ჩატარება   არა   არა    
მოთხოვნა EMIS-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე   მცირედი არა   არა  
EMIS-ის მონაცემების გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი არა     არა არა

ეფექტურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებადი EMIS-ის მნიშვნელობა დიდია: ის უნდა აგროვებდეს ამომწურავ და ზუსტ მონაცემებს განათლების სექტორის პოლიტიკის სწორად დასაგეგმად. ამიტომ სამწუხაროა, რომ EMIS-ს საქართველოში (და უამრავ სხვა ქვეყანაშიც) უჭირს თავისი მიზნების მიღწევა. ახლა ნამდვილად სწორი დროა, სისტემა საჭირო რესურსებით (ადამიანური თუ ტექნიკური) აღიჭურვოს, რათა განვითარდეს და სარგებელი მოუტანოს ყველას. რაც მთავარია, ეს ხელს შეუწყობს განათლების სისტემასა და შრომის ბაზარზე არსებულ საჭიროებებს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრას. ზემოაღნიშნული დონორი ორგანიზაციების მხრიდან ინვესტიციას, EMIS-ის მხრიდან კი უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება მონაცემებზე დაფუძნებული სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებასაც, რაც ამ ეტაპისთვის ნაკლებად განვითარებულია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ ეხება მხოლოდ EMIS-ის თანამშრომლებს: ეს ყველას პასუხისმგებლობაა.


[1] OECD (2019), “Education Spending”, in Society at a Glance 2019: OECD Social Indicators, OECD Publishing, Paris.
[2] მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დაახლოებით მშპ-ის 3.5%.
[3] World Bank, 2017. Lessons Learned from World Bank Education Management Information System Operations: Portfolio Review, 1998-2014.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა