„ნუ იჩქარებთ საქართველოს შეფასებას“ – ასე ჰქვია მაიკლ სესაიერის უახლეს სტატიას საერთაშორისო ჟურნალში „საგარეო პოლიტიკა“ (FP), სადაც ავტორი ცხადად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ორი სხვა სტატიის მიმართ „ქართული ოცნება თავის ბნელ მხარეს გვიჩვენებს“ (FP, 29 ნოემბერი) და „საქართველოს მთავრობა არასწორი კურსით მიდის“ (Washington Post, 28 ნოემბერი). ამ სამი სტატიიდან კი სიტუაციის შედარებით ობიექტურ შეფასებას სესაიერის თემა იძლევა. ავტორის მიხედვით, „დასავლეთის აღშფოთება ჯერ ნაადრევია. საბოლოო ჯამში, ახალი მთავრობის დემოკრატიული იდეალებისადმი მისწრაფების საზომი კანონის უზენაესობა და [ენმ-ის ოფიციალური პირების] დაპატიმრებები იმდენად არაა, რამდენადაც ქართული სასამართლოს მისწრაფება გამჭვირვალობისა და თანმდევი პროცესებისადმი. ამიტომ, ჯერჯერობით ნაადრევია მკაცრი შეფასებების გაკეთება, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს ისედაც დაძაბული სოციო–პოლიტიკური ფონი თბილისში, სადაც ბევრი გრძნობს, რომ დასავლეთი ძალიან ახლოს იყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ხშირად პასიურიც კი მათ მიერ ჩადენილ ექსცესებზე რეაგირებაში“.
მსგავსი შენიშვნა არის გამოხატული ანა დოლიძისა და თომას დე ვაალის სტატიაში „სიმართლის დამდგენი კომისია საქართველოსთვის“ (საერთაშორისო მშვიდობის კარგენის ფონდი, 5 დეკემბერი), რომელშიც ისინი მახვილგონივრულად აღნიშნავენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გარშემო ატეხილი აურზაური „ასახავს, როგორც მათივე სასარგებლოდ, ასევე მათ საწინააღმდეგოდ, რეალობას იმის შესახებ რომ კანონის უზენაესობა დღევანდელი საქართველოს ყველაზე კრიტიკული პრობლემაა. სინამდვილეში, კანონის უზენაესობის სისუსტეს შეიძლება ეწოდოს საქართველოს 2003 წლის ვარდების რევოლუციის „ბნელი მხარე“, რომელსაც, სამწუხაროდ, უფრო ნაკლები ყურადღება დაეთმო მთავრობის მხრიდან, ვიდრე ანტიკორუფციულ და ეკონომიკურ რეფორმებს (მიუხედავად ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევისა, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანთა უფლებების დამცველი (Human Rights Watch). დოლიძე და დე ვაალი კანონის უზენაესობის ხელშეწყობას საქართველოში პრიორიტეტად მიიჩნევენ და წარსული ხარვეზების გამოსასწორებლად ახალ ხელისუფლებას ურჩევენ „გარდამავალი სამართლიანობის“ მიდგომით ხელმძვანელობას რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ობიექტური „სიმართლის კომისიის“ ფორმირებას.
არსებობს უამრავი მიზეზი,რომელთა გამოც საქართველოსა და მსგავსი ტიპის ქვეყნები თავიანთი ახალბედა დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის დონით შეშფოთებულნი უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლება თავისუფალი დემოკრატიული პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია. თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არსებობს ასევე მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზეზები, თუ რატომ უნდა აწუხებდეს საქართველოს კანონის უზენაესობისა და საკუთრების უფლებების საკითხი. კერძოდ, როგორც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ (მაიკლ ფიუნფციგი და იაროსლავა ბაბიჩი, ივნისი 2012) გამოავლინა, საკუთრების უფლებების დაუცველობა ინვესტიციებისა და საქართველოს მომავალი ეკონომიკური ზრდის შემზღუდავი ფაქტორია. სხვათა შორის, ამ კვლევის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის მსგავი ტიპის დოკუმენტის „შეზღუდვების ანალიზის“ ძირითად მიგნებებთან, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის ინიციატივით ადრე ჩატარდა.
ფიუნფციგი და ბაბიჩი თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა „ბიზნესის კეთების“ თითქმის ყველა იმ ფორმალურ ასპექტთან დაკავშირებულ მაჩვენებლებში, როგორებიცაა ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო დღეების რაოდენობა, საგადასახადო და საბაჟო პროცედურები, კორუფციის ნაკლებობა და ა.შ. გამონაკლისს წარმოადგენს ის ინდექსები, რომლებიც საკუთრების უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ სტაბილურობას ზომავენ. როგორც ავტორები განმარტავენ, „საკუთრების უფლებები და პოლიტიკური სტაბილურობა არა მარტო იმ კანონებს გულისხმობს, რომლებიც განკუთვნილია გარანტიისა და საკუთრების უფლების დაცვისათვის, არამედ იგი მოიცავს სახელმწიფოსა და ინსტიტუტების სტაბილურობას, ხელისუფლების უნარსა და სურვილს, თანაბრად აღასრულოს და პატივი სცეს ამ კანონებს, აგრეთვე შიდა და გარე პოტენციური კონფლიქტების არარსებობას“.
საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული რისკები ასახულია საქართველოს ფინანსური სექტორის მონაცემებში. მაგალითად, ქვემოთ მოცემული დიაგრამა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, 2000-2011 წლების საშუალო რეალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით ადარებს. ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებს შორის საქართველოს ერთი-ერთი უმაღლესი სესხების რეალური საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა. 2010 წლის 14.4%-თან შედარებით, 2011 წელს სესხების რეალური საპროცენტო განაკვეთი 15.3%–მდე გაიზარდა.
საქართველოს სესხების რეალური საპროცენტო განაკვეთი მაღალი იყო არა მხოლოდ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნასთან შედარებითაც. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011 წელს საქართველო სესხების რეალური საპროცენტო განაკვეთის სიდიდით მსოფლიოში მე-8 ადგილზე იყო (7 სახელმწიფოს – უგანდას, პაპუა ახალი გვინეას, გამბიას, ყირგიზეთის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ბრაზილიისა და მადაგასკარის – შემდეგ). ასეთი სტატისტიკა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, როცა სესხების რეალური საპროცენტო განაკვეთები წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში რეკორდულად დაბალ დონეს აჩვენებენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებით, რომ უკვე 2007 წელს საქართველო მე-18 ადგილს იკავებდა მსოფლიოში ამ მაჩვენებლის მიხედვით, მაშინ 2011 წლის სტატისტიკა დიდად გასაკვირი აღარ მოგვეჩვენება.
როგორც გრაფიკზეა მოცემული, მთლიანი რეგიონული ჯგუფის საშუალოსთან შედარებით, საქართველოში კერძო სექტორისთვის შიდა კრედიტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო. მაშინ როცა საქართველოში კერძო სექტორისადმი მიმართული შიდა კრედიტის მშპ-სთან ფარდობის წილი 2011 წელს მხოლოდ 32.8% იყო, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ჯგუფისათვის ეს ინდიკატორი 47.4%-ს შეადგენდა. ზოგადად, 2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს კერძო სექტორისადმი მიმართული შიდა კრედიტის მშპ-სთან ფარდობის წილი ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ამ ზრდის შეჩერება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის შემდგომ პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი სწრაფადვე აღსდგა, კერძო სექტორისადმი მიმართული შიდა კრედიტის მშპ-სთან ფარდობის წილი მაინც უცვლელი დარჩა.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სავსებით დასაშვებია, რომ ბოლო პერიოდის საქართველოში მომხდარი უარყოფითი პოლიტიკური მოვლენები საზოგადოებისათვის მისაღები ყოფილიყო. იმის მიუხედავად ეს ყოველივე სიმართლეა თუ არა, საქართველოს რეფორმები რომ კურსის შეცვლას საჭიროებენ და საკუთრების უფლებები სუსტადაა დაცული, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ძირითად დაბრკოლებას ნამდვილად წარმოადგენენ. როგორც ბაბიჩი და ფუენფციგი გვარწმუნებენ, თუკი არაფერი შეიცვლება „ფირმები და მეწარმეები ინვესტირების ნაკლებ მოსურნენი იქნებიან, და თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ ფინანსური დაბანდებების განხორციელებას, მაშინ ეს უკანასკელი „მაღალი რისკი - მაღალი უკუგების“ ტიპის ინვესტიცია იქნება. ასეთ შემთხვევაში, ბანკები სესხების მაღალ რეალურ განაკვეთებს შესთავაზებენ, უფრო მეტ გირაოს მოითხოვენ და სესხის ვადის ხანგრძლივობას შეამცირებენ“.
მაშასადამე, ახალ მთავრობას აკისრია ამოცანები, რომლებიც შესასრულებაც ერდროულად მარტივიცაა და რთულიც. იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა წახალისდეს, მდგრადობის უზრუნველყოფაა საჭირო; იმისათვის, რომ კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლებები არ დაირღვეს, წარსულ ტენდენციასთან კავშირის გაწყვეტაა საჭირო. შიდა და უცხოელმა ინვესტორებმა უნდა იგრძნონ, რომ ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს კანონის უზენაესობის დასაცავად. უფრო მეტიც, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მთავრობა ამ საკითხს სამომავლოდ განსახორციელებელი რეფორმების სიის სათავეში აყენებს.
„ზრდის დიაგნოსტიკის კვლევა საქართველოში“ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ხელმისაწვდომი გახადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). კვლევაში წარმოდგენილი თვალსაზრისი არ გამოხატავს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან EWMI-ის ხედვას და მასზე სრულიად პასუხისმგებელია ერიკ ლივნი.