შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი: არის კი ეს სასარგებლო ქართველი ქალებისთვის?
პარასკევი, 15 მარტი, 2013

8 მარტს საქართველოში მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის აღნიშვნა საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველი ქალების დაფასებისა და პატივისცემის ტრადიცია უახლესი ისტორიის მიღწევა ნამდვილად არ ყოფილა. ქალები ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებასა და პოლიტიკაში. საქართველოს ისტორიიდან ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალებიდან აღსანიშნავია კოლხი მედეა, ქვეყნის განმანათლებელი წმინდა ნინო და  თამარ მეფე. სწორედ ამ უკანასკნელის „ოქროს ხანად“ წოდებული მეფობის ჟამს, ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში შოთა რუსთაველი წერდა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

ადრეული ფემინისტური ტენდენციების გვერდით პარტრიარქალური ტრადიციები ქართულ საზოგადოებაში მაინც ღრმადაა ფესვებგადგმული. კერძოდ, ქართველებს დღესდღეობითაც მიიჩნევენ, რომ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა მამაკაცის მოვალეობაა. კავკასიის ბარომეტრის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, გამოკითხული ქართველების 83% დარწმუნებულია, რომ ოჯახისთვის პურის ფული კაცმა უნდა იშოვოს. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა მხოლოდ 36% ადასტურებს, რომ ეს რეალურად ხდება. მეტიც, 39%-ს შთაბეჭდილება რჩება, რომ მარჩენალის ფუნქციას ქართული ოჯახების უმრავლესობაში რეალურად ქართველი ქალები (და არა კაცები) ასრულებენ.

მსოფლიოში გენდერული თანასწორობა ადამიანის ძირითად უფლებადაა მიჩნეულია. აღქმულია რა განვითარების მნიშვნელოვან ინდიკატორად, გენდერული თანასწორობა 2015 წლისთვის გაეროს ათასწლეულის განვითარების გაცხადებული მიზნებიდან ერთ-ერთია. თუმცა ჩნდება კითხვა: ნამდვილად უწყობს ხელს თუ არა გენდერული თანასწორობა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას? და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა მექანიზმით?

გენდერული თანასწორობა და ეკონომიკური ზრდა: რატომ არის მიჩნეული ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი ქალებისათვის სასარგებლოდ?

გენდერული თანასწორობა, როგორც გაერო განმარტავს, არის „ქალებისა და მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების თანაბარი უფლებები, მოვალეობები და შესაძლებლობები“. ეს ცნება მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ რთულად გასაზომ ასპექტს: წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს. ამ სტატიაში მე ყურადღებას გავამახვილებ ეკონომისტების მიერ გენდერული თანასწორობის ოპერაციონალიზაციისთვის ფართოდ გამოყენებულ კონკრეტულ მაჩვენებელზე – ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობაზე (LFP-Labor Force Participation).

გენდერულ თანასწორობასა (სამუშაო ძალაში ჩართულობის თვალსაზრისით) და კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირის შემსწავლელი ვრცელი ეკონომიკური ლიტერატურა არსებობს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მიზეზობრივი კავშირის მიმართულებასთან დაკავშირებით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ „ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი, როგორც წესი, სასარგებლოა ქალებისთვის“ (Dollar & Gatti, 1999). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აღმავლობისა და კეთილდღეობის მაჩვენებლები ხელიხელჩაკიდებული მოძრაობს ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელთან.

გალორმა და უაილმა (1996) შემოგვთავაზეს საკმაოდ მარტივი (თუ არა უმარტივესი) თეორიული ახსნა იმ ემპირიული დაკვირვებისა, რომ ქალების ფარდობითი ხელფასი ზრდადია ქვეყანის ინდუსტრიალიზაციის მაჩვენებლის მატებასთან ერთად. მათი შეხედულებით, ინდუსტრიალიზაციის პროცესი ზრდის კაპიტალს ერთ დასაქმებულზე, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ქალების შედარებითი ხელფასების მატებასაც. ეს პროცესი ხდება იმიტომ, რომ მანქანა-დანადგარები ადვილად ანაცვლებენ მამაკაცის ფიზიკურ ძალას და ამავე დროს ქმნიან სამუშაო შესაძლებლობებს ნაზი და მოთმინების უნარის მქონე ქალი ოპერატორებისათვის. სხვა სიტყვებით, ინდუსტრიალიზაციის პროცესი უფრო აჯოლდოვებს იმ უნარებს, რომელშიც ქალებს შედარებითი უპირატესობა გააჩნიათ, მაგალითად, საკმაოდ კარგი მოტორული უნარ-ჩვევები ტექსტილის ინდუსტრიაში (აშშ და დიდი ბრიტანეთი მე-19 საუკუნეში) ან ელექტრონიკაში (დღევანდელი აზია). ვინაიდან მუშაობაზე უარის თქმის ალტერნატიული დანახარჯი თანამედროვე ინდუსტრიულ სექტორში ზრდადია, ქალები უფრო მეტად ერთვებიან სამუშაო ძალაში. შედეგად, შობადობა მცირდება (რადგან ქალებს ნაკლები დრო რჩებათ ბავშვების მოსავლელად) და კაპიტალის ერთ დასაქმებულთან თანაფარდობა კიდევ უფრო იზრდება, ასტიმულირებს რა დამატებით ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობას. ამ გზით ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს განამტკიცებს.

ემპირიული კავშირი სამუშაო ძალაში ჩართულობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის, თეორიულისგან განსხვავებით, ყოველთვის დადებითი არ არის. ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე,  ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ-ს ზრდასთან ერთად კლების ტენდენცია აქვს. გოლდინის (1990 და 1994) დაკვირვებების მიხედვით, ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელი მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრდას, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ გარკვეულ დონეს მიაღწევს.

დაკვირვების შედეგების ახსნა რამდენიმენაირად შეიძლება. ერთი შესაძლო ახსნა უკავშირდება შემოსავალის დაბალ დონეზე ქვეყნებში არსებულ შობადობასა და ჩვილთა სიკვდილიანობის დინამიკას. ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალი დონე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ოჯახებში ქმნის სტიმულს გააჩინონ „სასურველზე“ (რაც უნდა იყოს ეს რიცხვი) მეტი შვილი. შემოსავლების დონისა და კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ჯანდაცვის მომსახურების ხარისხიც სწრაფად უმჯობესდება. შესაბამისად, ოჯახები აღმოაჩენენ, რომ იმაზე უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე გეგმავდნენ. ამდენად, შემოსავლის გარკვეულ ზღვრულ დონემდე, ეკონომიკის საწყისი განვითარება და მასთან დაკავშირებული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება დედებს  უფრო და უფრო ნაკლებ დროს უტოვებს სამუშაო ძალაში ჩასართავად.

კიდევ ერთი ახსნა არის ის, რომ შემოსავალის დაბალ დონეზე ეკონომიკური განვითარება ძირითადად ისეთი ტრადიციული ინდუსტრიების გაფართოებით მიიღწევა, როგორიცაა მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება და ხალხური რეწვა. ამგვარი საქმიანობა, როგორც წესი, შეთავსებადია ბავშვთა აღზრდასთან და შესაბამისად, ტრადიციულ სექტორში არაოფიციალური ჩართულობის გამო დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მონაცემები ქალების დასაქმებაზე ფორმალური სამუშაო ძალის სტატისტიკის მიღმა რჩება.

არის კი ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი სასარგებლო ქართველი ქალებისათვის?

საქართველო 2010 წელს ერთ სულ მოსახლეზე $5,036 შემოსავალის დონით გოლდინის მრუდის შემოსავლის ზღვრულ მაჩვენებელთან ($6,667) საკმაოდ ახლოს მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვა მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებისგან ძალიან არ გამოირჩევა, მას მაინც აქვს გენდერული თანასწორობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ამას გოლდინის მრუდი წინასწარმეტყველებს. თავის მხრივ, ეს გულისხმობს, რომ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობა მამაკაცებთან შედარებით საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ სხვა მსგავსი შემოსავალის მქონე ქვეყნებში.

საქართველოში გენდერული გათანაბრებისა და ქალთა გაძლიერების ეს პროცესი დროთა განმავლობაში შესამჩნევი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის ფარდობითი მაჩვენებელი დაახლოებით უცვლელია გასული ათწლეულის განმავლობაში (75%), ქართველი კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის სხვაობა ნელა, მაგრამ სტაბილურად იკლებს 2005 წლიდან. უკვე 2011 წელს კი მდედრობითი სქესის საშუალო ხელფასი მამაკაცთა საშუალო ხელფასის 60%-ს შეადგენდა. ამგვარი განვითარება ეთანხმება და ამყარებს გალორისა და უაილის მოდელის ლოგიკას. უფრო მეტიც, ბევრი ქართველი ქალი საზღვარგარეთ (ხშირად არალეგალურად) ბავშვის მომვლელად ან ოჯახის დიასახლისად მუშაობით ახერხებს, რომ ბავშვის აღზრდისა და საოჯახო მომსახურების უნარები შრომის ბაზარზე „გაყიდოს“. ლაბაძისა და ტუხაშვილის (2012) შეფასებით, ქალთა წილი ქართველ შრომით მიგრანტებში 2002 წელს 40%-დან 2008 წელს 43.4%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, როგორც დუშუაშვილი (2012) აღნიშნავს, რუსეთთან საზღვრის დახურვის გამო, ქართველი ქალები აქტიურად მიგრირებენ საბერძნეთსა და თურქეთში, ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილი კი 2007 წელს 3%-დან 2012 წელს 14%-მდე გაიზარდა.

თუ ქალები მართლაც იძენენ ეკონომიკურ ძალაუფლებას შემოსავლის თვალსაზრისით, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათი ეკონომიკური ძალაუფლება ოჯახშიც იზრდება. ამის ერთ-ერთ დადასტურებად საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განქორწინების დონის დრამატული მატება გვევლინება. ათას მოსახლეზე განქორწინებების რიცხვი 2005 და 2011 წლებს შორის 4-დან 9-მდე გაიზარდა.

ამ ფონზე, შეგვიძლია კი დამაჯერებლად ვამტკიცოთ, რომ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი სარგებლის მომტანია ქართველი ქალებისათვის? ამ საკითხზე დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიმინდვია…

თეგები: #გენდერი,
The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა