შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა: კორუფცია გაქრა, მაგრამ სადაა ხარისხი?
ორშაბათი, 13 მაისი, 2013

ქვეყანას, რომელიც ნავთობის სიუხვით არ გამოირჩევა,ჭკვიანი და საზრიანი ხალხი ესაჭიროება. ბუნებრივი რესურსებით არცთუ მდიდარი საქართველოც მთლიანად მის ადამიანურ რესურსზეა დამოკიდებული. თუმცა საკითხავია, რამდენად ხარისხიანია ქართველების ინტელექტუალური აღჭურვილობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.

ეკონომიკურ აქტივობებში პირდაპირ გამოყენებად ცოდნასთან დაკავშირებით საკმაოდ უიმედო სურათია. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, საქართველოში უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს. თუმცა, როგორც ადრე დავწერეთ (“ეკონომიკური ზრდა დასაქმების გარეშე საქართველოში”), ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა შრომის ბაზრისთვის გამოსადეგ განათლებას არ იძლევა.

ჩვენი აზრით, იგივეს უფრო ნათლად გამოხატავს, საქართველოს დაბალი რეიტინგი (93-ე ადგილი) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის უმაღლესი განათლებისა და გადამზადების ნაწილში, რომელიც ზომავს განათლების ხარისხს და არა გაცემული დიპლომების რაოდენობას. დაბალი ხარისხის განათლება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მთავარი სისუსტეა. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს იმავე ორგანიზაციის დაფინანსებით ახლახანს ჩატარებული აღმასრულებლების მოსაზრების კვლევა, რომლის მიხედვითაც მშრომელთა არაადექვატური კვალიფიკაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს მეორე ყველაზე პრობლემატური საკითხია სარგებლის მაღალი განაკვეთის შემდეგ. ცხადია, რომ საშუალო განათლების მქონეთა უმეტესობის პრობლემა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა კი არა, მისაღები და ხარისხიანი პროფესიული ტრენინგების არარსებობაა.

საქართველოს მაღალი უმუშევრობის დონე, რომელსაც ოფიციალური მონაცემები მთლიანად ვერც ასახავს, ნაწილობრივ მაღალპროდუქტული სამუშაო ადგილების ნაკლებობითა და უნარების შეუსაბამობითაა გამოწვეული.მაშინ, როცა შრომის ბაზარზე საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე მუშახელი ჭარბადაა, ტექნიკური უნარების მქონე ხალხის დეფიციტი აღინიშნება. ბევრ უმუშევარს აქვს დიპლომი, მაგრამ მაინც ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.


შორსმიმავალი რეფორმები

აღნიშნული რეალობა იმედგაცრუებას იწვევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლის მერე განათლებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ ახალი ქართული კანონები (2004-2005 წლებში) მიზნად ისახავდა სისტემის გათავისუფლებას ენდემური კორუფციისაგან, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდას. პირველი ორი მიზანი ძალიან მოკლე დროში მიიღწა, ხარისხი კი კვლავ გამოწვევად რჩება. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ჩატარებულმა „სწრაფმა და ბინძურმა“ აკრედიტაციის პროცესმა უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების რაოდენობა 240-დან 43-მდე შეამცირა. დახურული „სასწავლებლებიდან“ ბევრი სოფლად არსებული დიპლომების სამჭედლო, ე.წ. „ორღობის უნივერსიტეტი“ იყო.

უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების სისტემაში გავრცელებული კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ 2005 წელს ამ სისტემის რეფორმაც განახორციელა. ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დაარსება იყო. ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო ცენტრალიზებული, სანდო და გამჭვირვალე მისაღები გამოცდების ჩატარება. 2009 წლიდან ცენტრს სამაგისტრო გამოცდის ორგანიზებაც დაევალა. ამ ძალზედ წარმატებულმა რეფორმამ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა 2005 წლის პიკური მაჩვენებელი 46.6% 2011 წლისთვის 28.2%-მდე შეამცირა.


ხარისხი კვლავაც პრობლემაა

ხარისხის ამაღლებაზე მიმართული ზომები მოიცავდა: 1) ზემოხსენებული დაბალი ხარისხის სასწავლებლების გაუქმებაზე მიმართულ აკრედიტაციის პროცესს, 2) „ფული მიყვება სტუდენტს“ პრინციპით უნივერსიტეტებს შორის კონკურენციის ხელშეწყობას და 3) სტუდენტებისთვის ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის საშუალების მიცემას.

მიუხედავად კორუფციის აღმოფხვრისა და გამჭვირვალე მისაღები გამოცდების სისტემის დანერგვის საკითხში წარმატებისა, სწავლების ხარისხის შეცვლა ადვილი არ აღმოჩნდა. როგორც მსოფლიო ბანკში აღნიშნავდნენ, აკრედიტაციის ახალ პირობებს შეეძლო მინიმალური სტანდარტების, მაგრამ არა ხარისხის უზრუნველყოფა. ლიბერალურმა შრომის კოდექსმა კი უნივერსიტეტების მმართველებს საშუალება მისცა 2006-2007 წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად გაეთავისუფლებინათ და თავიდან დაექირავებინათ მთელი აკადემიური პერსონალი. უკანასკნელს შედეგად პერსონალის შეკვეცა და სახალხო მღელვარება მოჰყვა. ზოგიერთმა კარგმა სპეციალისტმა, ისეთი დარგებიდან, როგორიცაა მათემატიკა, გადაწყვიტა საერთოდ აღარ გაევლო თავიდან არჩევის დამამცირებელი პროცედურა. ამ ფონზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკეთესი კადრების მოზიდვა დიფერენცირებული სახელფასო სტრუქტურით სცადა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.


უნარების შეუსაბამობა

ხარისხთან დაკავშირებულ ზოგად პრობლემებს ართულებს ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მოთხოვნა-მიწოდების განმსაზღვრელი სიგნალი, რომელიც დასაქმების ბაზრიდან უნდა მოდიოდეს, მნიშვნელოვნად იგვიანებს. დღემდე უნივერსიტეტები აგრძელებენ დიპლომების უზომოდ დიდი რაოდენობით გაცემას, ბიზნესში, სამართალში, ეკონომიკაში,მედიცინაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.შედეგად, ეს ყოველივე იწვევს ერთის მხრივ უნივერსიტეტდამთავრებულთა შორის უმუშევრობის მაღალ დონეს, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკის არაეფექტიან მუშაობას.

2010-11 წლებში მთავრობამ არსებული რეალობის საპასუხოდ უმაღლესი განათლებისთვის სახელმწიფო დაფინანსება ტექნიკური საგნებისკენ მიმართა, მოახდინა აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაცია და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მიაღწია შეთანხმებას ტექნიკური განათლების ხარისხისა და პროფესიული ტრენინგების სისტემის გაუმჯობების გრანტთან დაკავშირებით. ამ ბოლო რეფორმების ნაყოფს ალბათ ცოტა ხანი ჯერ კიდევ ვერ მოვიმკით.

ტექნიკური განათლებისა და ტრენინგების დაბალი ხარისხი იწვევს იმას, რომ მოწინავე ბიზნესებს უწევთ გადამზადების დიდი დანახარჯების გაწევა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ნაკლებად მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორების თვალში. მრავლისმთქმელია ISET-ის მკვლევარების ინტერვიუ გია ღვალაძესთან (ბრიტიშ პეტროლიუმიდან): „BP იძულებულია მასიურად გადაამზადოს თავისი თანამშრომლები.“ ღვალაძის თქმით, „ქართველებს ნამდვილად არ უჭირთ აუცილებელი უნარების ათვისება, თუმცა ტრენინგები ძვირი ჯდება, რადგან ტექნიკოსის ხელობის სრულად დაუფლებისთვისაც კი, ორი წელია საჭირო“.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა