შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რა გინდა ქუთაისში?
ორშაბათი, 07 დეკემბერი, 2015

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ რაჭველებზე ამბობენ, რომ დინჯები არიან, ქცევაშიც და საუბარშიც. ეს რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ, რაჭველები რომ სულელები არ არიან, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მათ მიერ მიღებული ქულები. 2012 წელს, მოსწავლეებმა რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული შედეგების საშუალო მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავეს თბილისის შემდეგ (იხ. გრაფიკი #1). ამ შედეგების მიუხედავად, მოსალოდნელზე ნაკლები რაჭველი აბარებს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში (იხ. გრაფიკი #2), რომლებიც, ჩარიცხული სტუდენტების მიერ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული შედეგების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, თავმოყრილია თბილისში (მაია ჩანქსელიანი, 2012). ამდენად, 2012 წელს, რაჭა-ლეჩხუმმა და ქვემო სვანეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული შედეგებით მეორე ადგილზე გავიდნენ, თბილისის უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების მაჩვენებლის მიხედვით, მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავეს. ძალიან ბევრმა რაჭველმა არჩია სწავლა სახლთან ახლოს, კერძოდ კი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ჩანქსელიანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სარეიტინგო სიაში მხოლოდ 43-ე ადგილს იკავებს!

მე-2 ადგილი, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით, თბილისის შემდეგ…

მხოლოდ მე-7 ადგილი, თბილისის უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით…

ჩვენ შეიძლება უგულებელვყოთ ჩანქსელიანის სარეიტინგო სია და რაჭველების საგანმანათლებლო არჩევანი, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები საკმაოდ კარგ ხარისხს სთავაზობს სტუდენტებს, ყოველ შემთხვევაში, ქართული სტანდარტების მიხედვით. ეს სარეიტინგო სია კარგად გვიჩვენებს თანატოლებისა და კავშირების ხარისხის გავლენას განათლებაზე, რასაც, როგორც კვლეევებმა აჩვენა,  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასწავლო შედეგების განსაზღვრასა და მომავალ შემოსავალზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარემოცვის ხარისხს, სადაც სტუდენტები ატარებენ თავიანთი ცხოვრების ადრეულ ეტაპს (მნიშვნელოვანია არა ის, რას სწავლობენ, არამედ ვისთან ერთად სწავლობენ) უდიდესი გავლენა აქვს მათ მომავალ წარმატებაზე. როგორც წესი, რაჭველები, რომლებიც ქუთაისში სწავლას ირჩევენ (ან აიძულებენ), ასამარებენ სოციალურ იერარქიაში წინ წაწევის შესაძლებლობას.

საგანმანათლებლო არჩევანი და რეგიონული უთანასწორობის სისასტიკე

პრინციპში, საქართველოს მიერ 2006 წელს შემოღებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა იყო უდიდესი წინსვლა საგანმანათლებლო მერიტოკრატიისა და სოციალური მობილობის თვალსაზრისით. სტუდენტები, რომლებიც კარგად აბარებენ ამ გამოცდებს, იღებენ სახელმწიფო გრანტს, რაც საშუალებას აძლევს მათ, უფასოდ ან დიდი შეღავათით ისწავლონ ნებისმიერ საჯარო უნივერსიტეტში. მათ შეუძლიათ, მიღებული გრანტი გამოიყენონ ძალიან ბევრ, შედარებით ძვირადღირებულ კერძო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად.

თუმცა, როგორც ზემოთ დავინახეთ, რეგიონული ტალანტების საუნივერსიტეტო განაწილება ჯერ კიდევ მიკერძოებულია, მეორეხარისხოვანი, პროვინციული უნივერსიტეტების სასარგებლოდ.

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განაპირობებს სტუდენტთა საგანმანათლებლო არჩევანს, არის მანძილი. მაგალითად, თბილისის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის (თბილისთან სიახლოვის გამო) სტუდენტების 90% სწავლობს დედაქალაქში. მეორე ფაქტორი არის ადგილობრივი უნივერსიტეტის (არ)არსებობა. შიდა ქართლისა და კახეთის სტუდენტებს, თბილისთან სიახლოვის მიუხედავად, აქვთ არჩევანი, ისწავლონ გორისა და თელავის უნივერსიტეტებში. თბილისიდან საკმაოდ დაშორებული იმერეთი და აჭარა, რომლებიც ადგილობრივ ალტერნატივას სთავაზობენ სტუდენტებს, ყველაზე ცოტა სტუდენტს გზავნიან თბილისში (იმერეთი 54%-ს, აჭარა – 40%-ს).

ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს საგანმანათლებლო არჩევანის გაკეთებისას, რადგან სახელმწიფო გრანტი არ ანაზღაურებს საყოფაცხოვრებო ხარჯებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სხვაგან მიდიან სასწავლებლად. დედაქალაქში ცხოვრება ძვირია, რაც ხელს უშლის სტუდენტებს რაჭიდან და სხვა რეგიონებიდან, ისწავლონ თბილისში, მიუხედავად მათ მიერ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღწეული შედეგებისა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს საგანმანათლებლო არჩევანზე, არის ენა და წარმომავლობა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთი, სადაც სომხები ჭარბობენ, საკმაოდ ახლოსაა თბილისთან და არც ადგილობრივ არჩევანს არ სთავაზობს სტუდენტებს, მაგრამ დედაქალაქის უნივერსიტეტებში გზავნის ცოტა სტუდენტს (59%-ზე ნაკლები). პარადოქსულია, მაგრამ არსებული მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის ყველაზე ნიჭიერი სტუდენტები სასწავლებლად, არც მეტი, არც ნაკლები, სომხეთში მიდიან.

რომ შევაჯამოთ, ზოგიერთი პროვინციული უნივერსიტეტის მათემატიკური ან საინჟინრო განათლების ხარისხი ვერც კი შეედრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისას. სტუდენტებისა და უნივერსიტეტების დაყოფა პრესტიჟულობის მიხედვით უდიდეს გავლენას ახდენს საგანმანათლებლო შედეგებზე, სამსახურსა და, შესაბამისად, სოციალურ მობილობაზე. მანძილისა და ხარჯების ფაქტორები რამდენადაც არღვევს ამ დაყოფას, იმდენად აძლიერებს არსებულ რეგიონულ უთანასწორობას, რადგან იწვევს ადამიანთა და ზოგადად მთელი ეკონომიკის სამომავლო კეთილდღეობის დაკარგვას. აღნიშნული ტენდენციის შეწყვეტის ან შემცირებისთვის საჭიროა, სახელმწიფო გრანტი ანაზღაურებდეს საყოფაცხოვრებო ხარჯებსაც,  რათა დინჯმა, მაგრამ ჭკვიანმა რაჭველებმა შეძლონ სწავლა თბილისის შედარებით პრესტიჟული უნივერსიტეტების უკეთეს ადამიანურ გარემოში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა