როდესაც პირველად დავიწყე კითხვა ჩემი შვილისთვის, ქართული ზღაპრების კრებულის შეძენა გადავწყვიტე. თუმცა მათი კითხვისას შევნიშნე, რომ ბევრი რამ იყო მათში ისეთი, რასაც არ ვეთანხმებოდი. უამრავი რამის გადაკეთება მიწევდა. შევამჩნიე, რომ ჩვენს ზღაპრებში ღარიბები ყოველთვის კარგ გმირებს განასახიერებენ და მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამდიდრდებიან (ვინმეს გაქურდვით; გაცურებით თუ „ბოროტი დევის“, არც მეტი არც ნაკლები, მოკვლით), სოციალური სამართლიანობა აღსრულებულად ითვლება და ზღაპარიც მთავრდება ცნობილი ფრაზით „ჭირი იქა, ლხინი აქა“. ყოველთვის მაინტერესებდა, რა უნდა ასწავლოს ჩვენს ბავშვებს ზარმაცმა ნაცარქექიამ. ზღაპრის გმირმა, რომელიც მისი სიზარმაცის გათვალისწინებით ალბათ დევის სიმდიდრის მითვისების შემდეგაც ნაცრის ქექვას განაგრძობდა. რატომ უნდა იყოს ზარმაცი ბიჭი ეროვნული ზღაპრების ყველაზე ცნობილი გმირი?
შესაძლოა ნაცარქექიას ქვეცნობიერი გავლენა იყოს იმის მიზეზი, რომ ქართველების უმრავლესობას ურჩევნია იწოდებოდეს „ნიჭიერად, მაგრამ ზარმაცად“, ვიდრე ბეჯითად. მაშინ როცა პირველს კომპლიმენტის ქვეტექსტი აქვს, მეორე რატომღაც უნიჭობაზე მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში. ბევრ ქართველს საერთოდაც არ ეუხერხულება იყოს „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“, სრულიად დარწმუნებულს იმაში, რომ ზედმეტად ნიჭიერია იმისთვის, რომ ბეჯითად იმუშაოს. მსოფლიოს ამ ნაწილში სამუშაო ეთიკის ჩამოყალიბებაში საბჭოთა გამოცდილებასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. რაკი ქართველები განსაკუთრებით ყოჩაღები არიან რეგულაციებისათვის გვერდის ავლის მეთოდების გამოგონებაში, ჩვენს მენტალიტეტზე საბჭოთა წარსულმაც დიდად იმოქმედა. თუმცა საბჭოთა კავშირი ერთადერთი დამნაშავე არ უნდა იყოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ქართველების დამოკიდებულებებს უფრო შორეულ წარსულში ჰქონდეს ღრმა ფესვები.
დღესდღეობით, ქართველთა მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ სიბეჯითე მნიშვნელოვანია კარგი სამუშაოს მისაღებად. უფრო მეტი (9%) პროფესიული წარმატების მისაღწევად ბედს უფრო მიენდობოდა, ვიდრე სიბეჯითეს. ისეთი ღვთის ბოძებული მახასიათებლები კი, როგორიცაა, მაგალითად ასაკი და ნიჭიერება; რომელთა შეცვლაც ინდივიდის სურვილისამებრ შეუძლებელია, ისევე მნიშვნელოვნად მიიჩნევა, როგორც სიბეჯითე (კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრი, კავკასიის ბარომეტრი 2011). ცუდი არაფერია რესურსების მინიმალური გამოყენებით მაქსიმალური შედეგის მიღწევის სურვილში, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შრომის ეთიკა ერთია იმ მცირე რაოდენობის მახასიათებელთაგან, რომელთა შეცვლაც ინდივიდის სურვილზეა დამოკიდებული და რომელიც ეხმარება მას საზოგადოების უფრო მაღალი საფეხურის მიღწევაში. თუკი არ დავიჯერებთ, რომ საკუთარ ძალისხმევას ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ძალუძს, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ სასწაულს შეუძლია ღარიბის მდიდრად ქცევა.
შესაძლოა ქართველების სიბეჯითისადმი დამოკიდებულება იყოს გადანაწილებაზე მიმართული პოლიტიკისა და პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის მიზეზიც. თუ ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს კარგად დავაკვირდებით, გადანაწილების მზარდ მხარდაჭერას აუცილებლად შევამჩნევთ. ამის პირველი ნიშანი ახალი პოლიტიკური ძალის არჩევა იყო. კოალიცია „ქართული ოცნება“ აშკარად უფრო მეტად არის ორიენტირებული თანასწორობაზე, ვიდრე მისი წინამორბედი. კოალიციის წევრები წინასაარჩევნო პერიოდიდანვე ხაზგასმით აღნიშნევდნენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა იყო და ჰპირდებოდნენ ამომრჩევლებს გაზრდილ საარსებო შემწეობებს, პენსიებს, განათლებისა და ჯანდაცვისათვის გამოყოფილ თანხებს... არჩევნებამდეც, მაგალითად, 2010 წელს ქართველთა უმრავლესობა ადამიანთა უმწეობის მიზეზად სოციალურ უსამართლობას მიიჩნევდა და 66.7% პირადად იყო მზად დახმარებოდა მათ (ცხოვრება გარდამავალ პერიოდში II, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და მსოფლიო ბანკი, 2010).
რაღა თქმა უნდა, გადანაწილების მხარდაჭერისთვის უფრო პირდაპირი მიზეზებიც არსებობს. საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ოფიციალური სიღარიბე 2007 წლიდან 2012 წლამდე 6.4%-დან 9.7%-მდე გაიზარდა (საქსტატი). გარდა ამისა, სუბიექტური სიღარიბე (სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვი) 4-ჯერ აღემატება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას. საქართველოს მოსახლეობის 36.9% და ოჯახების 45% რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ანუ სურს მთავრობისგან ფინანსური შემწეობის მიღება.
რაც შეეხება არაპირდაპირ მიზეზებს, როგორც ალესინასა და სხვების (2011) კვლევამ უჩვენა, სოციალური მობილობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ამ საზოგადოების მიერ გადანაწილებისთვის მხარდაჭერისა. აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო კვლევის მიხედვით კი, ევროპელები უფრო მეტად უჭერენ მხარს გადანაწილებას, ვიდრე ამერიკელები. ალესინასა და სხვების (2011) ახსნა ასეთია: აშშ-ში სოციალური მობილობის დონე მაღალია და ყველაზე ღარიბ ამერიკელებსაც სწამთ ამერიკული ოცნების, რომ ყველას შეუძლია საკუთარი შრომით წარმატების მიღწევა, ანუ ყველას, განურჩევლად საწყისი პირობებისა, აქვს პოტენციალი იცხოვროს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებით. შედეგად, სიღარიბე იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს ტიპიური ამერიკელის მომავალ შემოსავალზე. ამისგან განსხვავებული სიტუაციაა ევროპაში, სადაც სოციალური მობილობის დონე დაბალია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადანაწილების მოთხოვნა უფრო მაღალია ევროპულ ქვეყნებში, ვიდრე აშშ-ში.
გადანაწილების მხარდაჭერის საკითხში საქართველო ევროპულ ქვეყნებს უფრო ჰგავს, ვიდრე აშშ-ს. იქნებ ქართულმა ზღაპრებმა იმოქმედა ჩვენს ქვეცნობიერზე ისე, რომ ყველაფერს ღარიბების გადმოსახედიდან ვაფასებთ და საკუთარ თავსაც ღარიბებად აღვიქვამთ. ჩვენთან ხომ სიღარიბე ინდივიდის უნიათობის შედეგად კი არა სისტემურ ჩავარდნადაა მიჩნეული. აშშ-ში კი სიღარიბე ადამიანის უნიათობის შედეგია, რადგან ვინც ბეჯითია, წარმატებასაც აღწევს. საქართველოში მეზობლები ერთმანეთს საკუთარ სიღარიბეს შესჩივიან, აშშ-ში კი მეზობლები ერთმანეთს სიმდიდრეში ეჯიბრებიან. საქართველოში შენ ხარ წარუმატებული, იმიტომ რომ საკუთარი ტალანტის გამოვლენის საშუალება არ მოგეცა, რაშიც შენ დამნაშავე არ ხარ, მთავრობა კი პასუხისმგებელია იზრუნოს შენზე. აი, რა განასხვავებს ქართულ ოცნებას ამერიკული ოცნებისაგან!