შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული სამთომომპოვებელი მრეწველობის ფესვები
პარასკევი, 06 სექტემბერი, 2013

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ინჟინრებმა ოქროს მოსაპოვებლად პატარა ქალაქ კაზრეთის მიმდებარე საყდრისის გორაკზე (თბილისის სამხრეთით, 50 კილომეტრის მოშორებით) გვირაბი გაიყვანეს. მათდაგასაოცრად ინჟინრები მთის ქვეშ უკვე არსებულ, როგორც მალევე გახდა ცნობილი, ადამიანის ხელით შექმნილი გვირაბების ლაბირინთს წააწყდნენ. მოკლედ, საბჭოთა ინჟინრებმა ძველი ოქროს საბადო აღმოაჩინეს.

25 წლის შემდეგ ქართულ-გერმანულმა არქეოლოგთა ჯგუფმა საყდრისში არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო და ხელახლა გახსნა სამთომომპოვებელი კომპლექსის ანტიკური შესასვლელი. არქეოლოგებმა გვირაბებში და შესასვლელების გარშემო უამრავი ანტიკური არტეფაქტი აღმოაჩინეს: ქვის წერაქვი, ქვის ჩაქუჩი, მინერალებისა და ქვანახშირის გასაწმენდად განკუთვნილი ცხოველთა ძვლებისგან დამზადებული ხელსაწყოები და მრავალი სხვა. C14 მეთოდით ქვანახშირის ანალიზმა კი შესაძლებელი გახადა სტრუქტურის ზუსტი ასაკის განსაზღვრა—ოქროს საბადო 5000 წლის წინანდელი აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საყდრისი უბრალოდ ძველი ოქროს საბადო კი არა, კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ოქროს საბადოა! სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველებს აქამდე უძველეს ოქროს მომპოვებლებად ცნობილ ეგვიპტელებზე დაახლოებით 1000 წლით ადრე დაუწყიათ ამ მადნის მოპოვება.

ანტიკური მაღაროელები

ოქროს ლეგენდარული სიუხვე კოლხეთის სამეფოში იასონსა და არგონავტებზე ლეგენდის შთაგონების წყაროდ იქცა. მრავალი მეცნიერი ოქროს საწმისს ძვირფასი ლითონის მოპოვების ისეთი სპეციალური სახეობის ალეგორიად განიხილავს, როგორიცაა მყინვარებიდან მონადენ წყალში არსებული ოქროს გასაფილტრად ბეწვის გამოყენება. ამ ჰიპოთეზას ძველბერძენი ისტორიკოსის ტრაბონიც (ძვ.წ. 64-ჩვ.წ. 24) იზიარებდა. თავის „გეოგრაფიაში“ იგი წინარეისტორიულ ქართველებზე წერდა: ,,ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში ზამთრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლო ბარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით. აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე... ისინი თავიანთ თავს იბერიელებს უწოდებენ, ზუსტად იმავე სახელს, რასაც დასავლეთ იბერიელები ატარებენ.“

გასაკვირი არცაა, რომ 5000 წლის წინპირველად ქართველებმა დაიწყეს ოქროს მოპოვება, თანაც იმ დროისათვის მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით. გვირაბების სიღრმეში აღმოჩენილი ქვანახშირი ადასტურებს, რომ წინარეისტორიული მაღაროელები მადნის კლდისგან გამოსაცალკევებლად იყენებდნენ ტექნოლოგიას, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გახდა. გეორგ აგრიკოლა (1494-1555) თავის წიგნში ,,De Re Metallica“ აღწერს მის თანამედროვე სამთომომპოვებელ ტექნოლოგიას. ის პირველად აღწერს მაღაროელების მიერ ცეცხლის დანთებას, როგორც კლდისგან მადნის გამოცალკევების ტექნოლოგიას. მოქმედების მექანიზმი იყო შემდეგი: გახურება მადანს მყიფეს ხდიდა და ადვილად აშორებდა კლდეს. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტექნოლოგია ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგონებასთან ერთად გაუჩინარდა.

ქვანახშირისა და გვირაბების სპეციფიკამ დაადასტურა, რომ აგრიკოლას თანამედროვე (XV-XVI საუკუნეები) ტექნოლოგია დიდი ხნით ადრე გამოიყენებოდა საყდრისში. არქეოლოგებმა ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მაღაროს ერთ-ერთ გვირაბში ცეცხლი დაანთეს და საკმაო რაოდენობის მადანიც მოიპოვეს. თუმცა ადრეულ პერიოდში ეს მეთოდი ძალიან სარისკო და ხშირად ფატალურიც კი უნდა ყოფილიყო, რადგან ვიწრო გვირაბები კვამლით გაივსებოდა და ძველ მაღაროელებს სასუნთქად მცირე ჰაერს დაუტოვებდა. შესაბამისად, არქეოლოგებს აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ ანტიკური სამთომომპოვებლები საყდრისის გვირაბების შესასვლელში ვენტილაციისთვის კიდევ ერთ ტექნოლოგიურ გამოგონებას — ხელის საბერველს იყენებდნენ.

თანამედროვე მაღაროელები

მიუხედავად ზემოთქმულისა, საყდრისის საბადო წელს უეჭველი განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. 2013 წელს კულტურის სამინისტრომ მას 2006 წელს უდიდესი არქეოლოგიური მნიშვნელობის გამო მინიჭებული დაცული ტერიტორიის სტატუსი ჩამოართვა და RMG Gold-ს საექსპლუატაციოდ გადასცა. კომპანიას უფლება მიეცა გააგრძელოს ღია კარიერული წესით საყდრისის მადნის მოპოვება. ქართულ-გერმანული არქეოლოგთა გუნდის მეთაური, პროფესორი თომას შტოლნერი წერილში (ხელმისაწვდომია ამ ბმულზე), რომელშიც შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავს და აანალიზებს, აცხადებს: „ამით საქართველო დაკარგავს მისი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან არქეოლოგიას და მეცნიერებას ამ საოცარ ძეგლთან წვდომა აღარასოდეს ექნება.“

რთულია არაა იმის წარმოდგენა, რომ საყდრისის საბადოს ტურისტების მოზიდვის სერიოზული პოტენციალი გააჩნია. გრძელვადიან პერიოდში აქ ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბება და გიდის მომსახურების შეთავაზებაც შეიძლებოდა. ალბათ, განსაკუთრებით ბავშვებს აღაფრთოვანებდათ ისეთი მუზეუმი, რომელიც უბრალოდ კი არ მოუთხრობდა წინარეისტორიული საქართველოს ცხოვრებაზე, არამედ საშუალებას მისცემდა მათ ევლოთ იმ გვირაბებში, რომლებიც 5000 წლის წინ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა გაიყვანეს. საყდრისმა უკვე გარკვეული წვლილიც შეიტანა საქართველოში ტურიზმის განვითარებაში: გერმანიის მთავარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცა დოკუმენტური ფილმი საბადოს შესახებ (ფილმის ნახვა შესაძლებელია გერმანულად ქართული სუბტიტრებით ამ ბმულზე). ასეთი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები ქვეყანას საინტერესო ტურისტული დანიშნულების რეპუტაციას უქმნის. საქართველოს, რომელიც არცთუ სახელგანთქმულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და შესაბამისად, არც ტურისტების მოზღვავებას განიცდის, ჰაერივით სჭირდება მსგავსი  ტიპის პოპულარიზაცია.

რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში მე და მაკა ჭითანავა ვწერდით დავით IV-ს ეკონომიკურ რეფორმებზე.  შუა საუკუნეების მეფის ეკონომიკური პოლიტიკა მეოცე საუკუნის ეკონომისტებისათვის დამახასიათებელი ხედვით იყო შემუშავებული. ზემოაღნიშნულის მსგავსად, საყდრისის აღმოჩენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის დასალიერში მდებარე ღარიბი და  პრობლემებით აღსავსე დღევანდელი საქართველოსგან მკვეთრად განსხვავებული საქართველოს არსებობას. ვერავინ უარყოფს, რომ მსოფლიოში პირველები ოქროს ქართველები მოიპოვებდნენ და თანაც ამას იმ დროისათვის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით აკეთებდნენ. ეს ის მიღწევაა, რომლითაც დღევანდელმა სიძნელეებთან მებრძოლმა ქართველებმა, უნდა იამაყონ. მაგრამ თუკი საყდრისი განადგურდება, პირველი ოქროს მომპოვებელთა სახელი კვლავ ეგვიპტელებს დარჩებათ. სამართლიანადაც, რადგან, ჩემი აზრით, ქვეყანა, რომელიც საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს, არც მისი წარსული დიდებისთვის პატივს იმსახურებს.

საყდრისის შესანარჩუნებლად ინტერნეტში შექმნილია ონლაინ პეტიცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე). ასე რომ, ვისაც გაწუხებთ მსოფლიოს პირველი ოქროს საბადოს ბედი და არ გსურთ მისი განადგურება, შეგიძლია მოაწეროთ ხელი აქ: http://www.petitions24.com/sakdrisi.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა