შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

,,თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ“…
პარასკევი, 27 სექტემბერი, 2013

ეკონომიკის პრინციპების კურსის პირველივე ლექციაზე ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, რომ ვაჭრობა სარგებლიანია. ნებაყოფლობითი გაცვლა (ანუ ვაჭრობა) ზრდის საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას გაცვლაში მონაწილე ორივე მხარის მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. ეკონომისტებისათვის ვაჭრობის სარგებლიანობა ის აქსიომაა, რომელსაც ამ მეცნიერების მრავალი პრინციპი ემყარება. ეს აქსიომა უდევს საფუძვლად იმ მოსაზრებასაც, რომ ბაზრებმა თავისი საქმისა უკეთ იციან ანუ „ბაზრები ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა“…

ზემოაღნიშნულის ფონზე შეიძლება პარადოქსულადაც კი მოგვეჩვენოს, რომ მიუხედავად ნებაყოფლობითი გაცვლისათვის დამახასიათებელი სარგებლიანობისა, პროფესია ვაჭრობა, როგორც წესი, იშვიათად არის დაფასებული საზოგადოებაში. ამის ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ამ პროფესიის ადამიანები ინფორმაციული ასიმეტრიის შემთხვევაში არცთუ იშვიათად მიმართავენ ფარულ ხრიკებს. მაგალითისთვის გამოდგება ცხენებით ვაჭრობა – როცა მეპატრონე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს იმაზე, რასაც ყიდის და აქვს სტიმული, დაუმალოს გასაყიდი ცხენის ნაკლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პოტენციურ მყიდველს. მართლაც, არსებობს რიგი პირობებისა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ ვაჭრობა ნამდვილად იყოს ორმხრივად სარგებლიანი. კერძოდ, როგორც ჰოლი (1986) აღნიშნავს (A Moral Evaluation of Sales Practices. Business & Professional Ethics Journal 5, pp. 3-21), ვაჭრობა აღარ იქნება სასარგებლო ყველა მონაწილე მხარისთვის, თუკი გაცვლა მოხდება ინფორმაციული ასიმეტრიის პირობებში, თუ ეს გაცვლა არ იქნება ნებაყოფლობითი და/ან მხარეთაგან ერთი მაინც არ იქნება რაციონალური.

საზოგადოდ მიღებული მოსაზრების თანახმად (რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სახელის ეტიმოლოგიის ჟან შარდენისეულ თეორიას ემყარება), ჩვენს ქვეყანას გეორგია ძველმა ბერძნებმა იმიტომ უწოდეს, რომ აქ მცხოვრები ხალხი მიწათმოქმედებას მისდევდა. იმის მიუხედავად, რამდენად მართებულია ეს მოსაზრება, სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ვაჭრობის განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდნენ. მეფე დავით IV აღმაშენებელმა საქართველოში ვაჭრობის სტიმულირებისათვის იმ დროისათვის გაწაფულ მოვაჭრეებს მუსლიმანებს, ებრაელებსა და სომხებს საგადასახადო შეღავათებიც კი დაუწესა. ვაჭრებისთვის მიცემული ამგვარი სტიმულების მიუხედავად, ეს პროფესია ქართველების უმრავლესობისათვის მიუღებელი იყო. ამ დამოკიდებულების, რომელმაც, სხვათა შორის, საუკუნეებს გაუძლო, გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს ციტატაც შოთა რუსთაველის პოემიდან: „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ“. ქვეყანაში ვაჭრობის სურვილისა და ნიჭის ნაკლებობის პირობებში ერეკლე მეორესაც უხდებოდა ზომების მიღება უცხოელი ვაჭრების მოსაზიდად.

მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, 21-ე საუკუნეშიც ბერძნული გაგებით ჩვენ ისევ გეორგიად ვრჩებით. საქართველოს „დასაქმებულად“ შერაცხული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კვლავაც სოფლის მეურნეობას ეწევა. თუმცა „კომერციული საზოგადოებისკენ“ (როგორც ადამ სმიტი უწოდებდა საზოგადოებას, რომელშიც ადამიანები გაცვლით ცხოვრობენ) მიმავალ გზაზე ვაჭრობის წილი ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში მაინც ყველაზე დიდია. 2011 წელს ვაჭრობისა და რემონტის სექტორი იყო მეორე უმსხვილესი დამსაქმებელი სოფლის მეურნეობის შემდეგ, ასაქმებდა რა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მეათედს. მეტიც, აღნიშნული ეკონომიკური აქტივობის მზარდი წილი ქვეყნის მთლიან დამატებულ ღირებულებაში აღემატება ყველა დანარჩენი სექტორის შესაბამის მაჩვენებელს.

ერთი შეხედვით, ქართველებმა ისწავლეს ვაჭრობა, თუმცა თუ სხვა ტიპის მონაცემებსაც გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები არსად გამქრალა. გავრცელებული აზრით, რომელსაც ალბათ ბევრი ქართველი დაეთანხმებოდა, არის ის, რომ გლეხი, რომელსაც მძიმე შრომით მოჰყავს პომიდორი, უფრო მეტ ანაზღაურებას იმსახურებს, ვიდრე გადამყიდველი. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელნი მატერიალური ღირებულების შექმნის გარეშე შოულობენ იოლ ფულს. ამგვარი მსჯელობისას, ვაჭრობასთან დაკავშირებული სირთულეები და რისკი, როგორც წესი, უგულებელყოფილია. ეს კი, თავის მხრივ, სავაჭრო საქმიანობით დაკავებული ადამიანების მიერ საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს აკნინებს. ამბის ყველაზე საყურადღებო ნაწილი კი ის არის, რომ თვით ქართველი ვაჭრებიც არ აფასებენ სათანადოდ საზოგადოებრივ კეთილდღეობაში მათ მიერ შეტანილ წვლილს.

თუ კავკასიის ბარომეტრის უკანასკნელ (2011 წლის) მონაცემებს გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ სამსახურით უკმაყოფილება საკმაოდ მაღალია ვაჭრობისა და რემონტის სექტორში და პრინციპში, ამ მაჩვენებლით მეორეა სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის სექტორის შემდეგ. თუ უკმაყოფილებას ავსახავთ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დავინახავთ უარყოფით წრფივ (თუმცა სუსტ) დამოკიდებულებას ორ ცვლადს შორის. ლოგიკა აშკარაა: უკმაყოფილება მაღალია უფრო დაბალანაზღაურებად სექტორებში. თუმცა ამ შემთხვევისთვისაც კი ვაჭრობისა და რემონტის სექტორში სამსახურით უკმაყოფილო ადამიანების წილი უფრო მაღალია, ვიდრე მსგავსი საშუალო ხელფასის მქონე სხვა სექტორებში. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში დასაქმებით უკმაყოფილო ადამიანების წილი (7%) საკმაოდ ჩამორჩება სავაჭრო საქმიანობაში ჩართული ადამიანების შესაბამის მაჩვენებელს (19%) მაშინ, როცა ამ უკანასკნელში საშუალო ხელფასი ოდნავ უფრო მაღალიც კია. მეტიც, უკმაყოფილების ხელფასებით აუხსნელი ნაწილი, როგორც ჩანს, სულაც არ მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ სექტორში დასაქმებულნი ანაზღაურებით უკმაყოფილონი არიან. პირიქით, ვაჭრობასა და რემონტში ჩართულ ადამიანებს, ჯანდაცვის მუშაკებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლებად მოსწონთ თავიანთი სამუშაო და არც ირგვლივ მყოფთაგან გრძნობენ მათი შრომის დაფასებას. და ბოლოს, დაბალანაზღაურებადი სამედიცინო თუ განათლების სექტორის პერსონალისგან განსხვავებით, სავაჭრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს უჭირთ გააანალიზონ, რომ ისინიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებენ.

ქართული საზოგადოების მიერ ვაჭრობისა და დაკავშირებული საქმიანობების დაკნინების შედეგად კი ხდება ის, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული სავაჭრო და ტურისტული მომსახურებების ხარისხი არის ძალიან დაბალი. ძნელია ამ მტკიცებულების ციფრებით დადასტურება, თუმცა პრობლემა რომ არსებობს, ამაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაც ადასტურებს. მისი თქმით, „მომსახურების ხარისხი ქართული ტურიზმის აქილევსის ქუსლია“. ამ ზაფხულს მანილაში ვიზიტისას გზად ბანერი შევამჩნიე, რომელზეც ეწერა: “the customer is King” (,,მყიდველი მეფეა“). ეს ფრაზა ზუსტად ასახავდა იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ყველა ადამიანი იღებდა ფილიპინების მომსახურების სექტორში მომუშავეთაგან. ხელფასისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, გამყიდველები ყოველთვის მომღიმარნი და თავაზიანნი იყვნენ მყიდველთა მიმართ.

დროა ვისწავლოთ მათი მაგალითიდან და გავიგოთ, რომ ვაჭრობაც, სხვა ეკონომიკური საქმიანობების მსგავსად, საზოგადოებას ეკონომიკურ ღირებულებას ჰმატებს (ის მართლაც ჰმატებს!) და რომ ესეც ღირსეული და პატივსაცემი პროფესიაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს საქართველო ღვთით ბოძებული გეოგრაფიული მდებარეობის სათანადოდ გამოყენებას და რეგიონულ მრავალსექტორულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა