შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ცხოვრების სკოლა
ორშაბათი, 14 ოქტომბერი, 2013

ეკონომისტები განათლებასა და ადამიანურ კაპიტალზე საუბრისას ძირითადად სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვალიფიციური მასწავლებლების მიერ მიწოდებულ ფორმალურ განათლებას გულისხმობენ. ეს არის ცოდნა, რომელიც გაწერილია სილაბუსში და რომლის შემოწმებაც სტუდენტებისათვის გამოცდების შედეგად მინიჭებული სერტიფიკატებითა და დიპლომებით ხდება. შესაბამისად, ეკონომისტები საზოგადოებაში არსებულ ადამიანურ კაპიტალს სკოლებსა და უნივერსიტეტებში გატარებული წლების რაოდენობით ზომავენ. მაგრამ არის კი ფორმალური განათლება ადამიანური განათლებისა და ინტელექტის ერთადერთი წყარო?

განათლების მეცნიერებს შორის ფართოდ გავრცელებული შეხედულებისამებრ არსებობს მნიშვნელოვანი უნარები, რომელთა დაუფლებაც ვერ ან მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება ფორმალური განათლების სისტემის მეშვეობით. მაგალითად, გასაგებად და ლაკონურად ინფორმაციის წარდგენა არის უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში მხოლოდ ნაწილობრივ ისწავლება. ISET-ის ორწლიან სამაგისტრო პრაგრამაზეც კი სტუდენტს მხოლოდ ორი სავალდებულო პრეზენტაციის წარადგინა უწევს აუდიტორიის წინაშე: ლიტერატურის კრიტიკისა პირველ კურსზე და სამაგისტრო ნაშრომისა - მეორე კურსზე. ორივე პრეზენტაცია ფასდება, მაგრამ მხოლოდ მცირედ გავლენას ახდენს საბოლოო მოსწრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ უნარს უმეტესად მცირე წონა ენიჭება ფორმალური განათლების პროგრამებში, მას დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალურ სამსახურებში. არგუმენტაციისა და დისკუსიის უნარი წარმოადგენს მეორე მაგალითს იმისა, რაც არ ისწავლება ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ უნარს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ისეთ სამსახურებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად (დღევანდელი სამსახურების უმრავლესობა კი სწორედ ასეთია). რამდენად კარგად შეუძლია ადამიანს დისკუსია, რამდენად ნათლად გამოხატავს საკუთარ აზრს და რამდენად გასაგებად წარმოაჩენს ძირითად მესიჯს შესაძლოა მისი კარიერული წარმატების განმსაზღვრელი აღმოჩნდეს (მაგალითად, უფროსის დარწმუნება ხელფასის გაზრდის ან დაწინაურების მართებულობაში). მიუხედავად ამისა, დისკუსიის უნარი ფორმალური განათლების ინსტიტუტების სასწავლო სილაბუსებში გათვალისწინებული  არ არის. ამიტომაც სტუდენტები მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც ISET-ში, აწყობენ სხვადასხვა სადებატო კლუბებს ამ დეფიციტის შესავსებად. შესაძლოა აღნიშნული უნარების შეფასების სირთულე იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არსებობს პრეზენტაციისა და არგუმენტაციის კურსები ფორმალური განათლების სისტემაში. იმის შეფასება, თუ რამდენად კრეატიულად და საზრიანად წარმოაჩენს ადამიანი საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ დისკუსიაში, აუცილებლად უფრო სუბიექტური და ნაკლებად უნივერსალურია, ვიდრე კლასიკური საგამოცდო მაგალითებითა და ამოცანებით ცოდნის შემოწმება.

რას ვერ ისწავლი სკოლაში

წელს ზაფხულში ერთ-ერთი თანაავტორის მეგობარი თავის სოფელში (ინჩხური, მარტვილის რაიონი) არაფორმალური განათლების გასავრცელებლად გაემგზავრა. მის მთავარ მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კრეატიული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება წარმოადგენდა. ამისათვის იგი აწყობდა ფილოსოფიური ფილმების ჩვენებებს, ეპატიჟებოდა მეზობლებს ყავაზე და მათთან ერთად განიხილავდა საინტერესო სტატიებს. ამას მოჰყვებოდა საინტერესო დისკუსიები, სადაც ყველას თავისუფლად შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა ნანახი ფილმისა თუ წაკითხული სტატიის შესახებ. თანასოფლელები (ყველა ასაკის) განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა: კანონის პრინციპები, მართებული და არამართებული ნორმები, განათლების მნიშვნელობა, ოჯახი და სოციალური გარემო, და ადამიანები, რომლებიც შთაგონების წყაროა მათთვის და მათი აზროვნებისათვის.


ინფორმალური განათლება

მეცნიერები განასხვავებენ არაფორმალურ და ინფორმალურ განათლებას. არაფორმალური განათლება შეიცავს ყველაფერს, რაც არ არის ფორმალური განათლება, სერტიფიკატები და დიპლომები. ინფორმალური განათლება კი ეხება სწავლების ფორმას, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე ან ქვეცნობიერად ხდება. ტონი ჯეფისა და მარკ სმიტის მიხედვით „ინფორმალური განათლება არის სპონტანური პროცესი, რომელიც ადამიანებს სწავლაში ეხმარება“ (Informal education: Conversation, Democracy and Learning, Educational Heretics Press, 2005). თუმცა მკვლევარები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ინფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. ზოგიერთი მათგანისთვის ინფორმალური სწავლება არის განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა, რომლის შეძენაც ნებისმიერ დროსა და ადგილზე, მეგობრებთან, მშობლებთან თუ კოლეგებთან საუბრისას, სხვადასხვა პრობლემებთან შეჭიდებისას ხდება. განზრახ თუ გაუცნობიერებლად ყოველი ჩვენთაგანი ყოველდღიურად ჩართულია ცხოვრების სკოლაში.

კომუნიკაციას საკვანძო ადგილი უჭირავს ინფორმალური განათლების თეორიაში. ზელდინის მიხედვით „საუბრები ცვლის მსოფლიოს ხედვის გზებს და თვითონ მსოფლიოსაც კი“ (Conversation: How Talk Can Change Your Life, Harvill Press, 1999). მაგალითად, კოლეგებთან საუბრებმა იმის შესახებ, თუ როგორ გადაჭრა კომპიუტერის გამოყენებისას წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემა, შესაძლოა ყველაზე ეფექტიანად განამტკიცოს თქვენი კომპიუტერთან მუშაობის უნარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბრების სანაცვლოდ არანაირი სერტიფიკატი/დიპლომი არ გაიცემა და შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ შეისწავლეს რაღაც მნიშვნელოვანი. საუბრებისას ხდება არა მარტო ცოდნის შეძენა; არამედ კრიტიკის, სხვადასხვა საკითხებზე არგუმენტაციისა და გარკვეულ შემთხვევებში თანხმობის შესწავლა. ადამიანები ეცნობიან სხვების შეხედულებებს და უზიარებენ მათ საკუთარს. ინფორმალური განათლების თეორიის მიხედვით, საუბრები აღრმავებს ცოდნას, წვრთნის აზროვნებას და შეუძლია შეცვალოს ადამიანის ფუნდამენტური შეხედულებებიც. არაფორმალური და ინფორმალური განათლების დიდი ზეგავლენისა და მნიშვნელობის გამო, საგანმანათლებლო ინსტიტუტები მსოფლიოს გარშემო ცდილობენ სხვადასხვა გზით მხარი დაუჭირონ ასეთი ცოდნის შეძენას. კომუნიკაციის უნარს, რომელიც მოიცავს პრეზენტაციასა და დებატებს, დიდი ნაწილი უჭირავს ამ განვითარებაში. უდავოა, რომ საქართველოს საგანმანათლებო სისტემაშიც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით.

თეგები: #განათლება,
The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა