ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგტონი წიგნში „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ (1991 წელი) მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დაფიქსირებულ დემოკრატიზაციის სამ ტალღას აღწერს. პირველი ტალღის შედეგად წარმოიქმნა კლასიკური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ჩრდილოეთ ამერიკა. ამავე ტალღას მიეკუთვნებიან ხანგრძლივი დემოკრატიზაციის პროცესები საფრანგეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებიც მე-19 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემოკრატიზაციის მეორე ტალღა მოიცავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, როდესაც ახლად წარმოქმნილი დემოკრატიული სახელმწიფოები (გერმანია, იტალია, ესპანეთი და ა.შ) შეუერთდნენ უკვე არსებულ დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიგებს. საბოლოოდ, დემოკრატიის მესამე ტალღა (რომელიც უკვე ჩამოყალიბებული ტერმინია პოლიტიკურ მეცნიერებებში) მოიცავს იმ ქვეყნებს, რომელთა დემოკრატიზაციის პროცესი მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო. დემოკრატიზაციის მესამე ტალღას მიეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის საქართველო.
თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიას და პოლიტიკური სისტემების ევოლუციას, ნათელი გახდება, რომ გზა დემოკრატიისკენ არ არის სწორხაზოვანი და უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში არც წარმატებით სრულდება. ჰანთიგტონი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პირველი და მეორე ტალღის შემდეგ წარმატებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვს მნიშვნელოვანად აღემატება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე კრახი განიცადეს და ავტორიტარულ ან სხვა ტიპის პოლიტიკურ მმართველობას დაუბრუნდნენ. უფრო კონკრეტულად, პირველი ტალღა მოიცავდა 17 გარდამავალ ქვეყანას 1828-1926 წლებში, რომელთაგანაც მხოლოდ 4-მა მოახერხა დემოკრატიული მმართველობის შენარჩუნება 1930 წლის ბოლომდე. მეორე ტალღის დროს 32 ქვეყნიდან, რომელთაც გააჩნდათ დემოკრატიული ინსტიტუტები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, მხოლოდ 1/3 მოახერხა მათი შენარჩუნება 1970 წლისთვის.
დგას თუ არა დემოკრატიის უკუქცევის საფრთხის წინაშე მესამე ტალღა? რა საფრთხეებსა და გამოწვევებს უნდა ელოდოს დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში?
რთული გზა დემოკრატიზაციისაკენ
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ახლად წარმოქმნილ დამოუკიდებელი ქვეყნების უმეტესობამ დაიწყო გადასვლა, უმეტეს შემთხვევაში, ლიბერალური დემოკრატიული მმართველობის პოლიტიკურ რეჟიმზე. 22-წლიანი გარდამავალი პერიოდის შეფასება აჩვენებს, რომ დემოკრატიზაციის მესამე ტალღის შედეგები უფრო მეტად გაურკვეველია ვიდრე მისი წინა ანალოგები. ამერიკუილი საერთაშორისო ორგანიზაციის „Freedom House“-ის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, 15 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან მხოლოდ ე.წ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოახერხეს მოქმედი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება მაშინ, როცა 2012 წლის მონაცემების მიხედვით 15-დან 8 ქვეყანის პოლიტიკური სისტემა განიხილება როგორც კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი და დანარჩენი ოთხი ქვეყანა მერყეობს ავტორიტარულ და დემოკრატიულ მმართველობის სისტემებს შორის. „Freedom House“-ზე დაყრდნობით საქართველო მიეკუთვნება უკანასკნელ ქვეყანათა ჯგუფს.
ერთი შეხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო მათი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით. ლიტვა, ლატვია და ესტონეთის მეზობელი ქვეყნები წარმოადგენენ კარგად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რაც ხელს შეუწყობდა დასავლური სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლური პოლიტიკური კულტურის ადვილად გავრცელებას ამ ქვეყნებში. მაგრამ საინტერესოა ხელსაყრელი ადგილმდებარეობა იყო თუ არა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატების ერთადერთი მიზეზი.
დაკვარტ როსტოუ (Dankwart Rustow) იყო პირველი პოლიტოლოგი, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი 4 ეტაპის სახით წარმოადგინა. რუსტოუს მხიედვით, ქვეყნის დემოკრატიზაციის ხანგრძლივობა და წარმატება დამოკიდებულია ამ ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაზე. მისი აზრით: „დემოკრატია ეს არის ცდებისა და შეცდომების ერთობლივი გაანალიზების შედეგად მიღებული გამოცდილება. (“democracy in particular involves a process of trial and error, a joint learning experience”). ამ კრიტერიუმის მიხედვით ბალტიის-პირეთის ქვეყნებს 1991 წლისთვის უკვე ჰქონდათ უწყვეტი დემოკრატიული სისტემის არსებობის 22-წლიანი გამოცდილება (1918-1940 წლები). მაშინ, როდესაც საქართველოში დემოკრატიამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მხოლოდ 3 წელი გასტანა.
როსტოუს აზრით, წარმატებული დემოკრატიზაციის პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების დაარსებას, როგორიცაა პარლამენტი, თავისუფალი სასამართლო, რომლებიც დემოკრატიის ფუნდამეტალური პრინციპებით ძალათა გაყოფის კანონს ემორჩილებიან. როდესაც ჯერი დემოკრატიის ფუნქციონირებაზე მიდგება ის საზოგადოების წევრების ღირებულებების და დამოკიდებულებების ცვლილებას მოითხოვს, რომელიც ყველაზე ძნელად მისაღწევ ნაწილს წარმოადგენს, ვინაიდან ის ინსიტიტუციონალური ცვლილებებისგან განსხვავებით მოხლოდ პოლიტიკური ელიტის ნებაზე არ არის დამოკიდებული.
საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი
როსტოუ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტატიაში „გადასვლა დემოკრატიაზე: დინამიკური მოდელი, (Comparative Politics 2, pp. 337-362) წერს, რომ საზოგადოება დემოკრატიზაციის პროცესში 4 ეტაპს გადის. საწყის ეტაპზე აუცილებელია საზოგადოებაში არსებობდეს „ერთიანი ნაციონალობის“ განცდა. მეორე ეტაპზე იწყება ხანგრძლივი და შეუფასებელი პოლიტიკური ბრძოლები, ეს ფაზა ყველაზე მეტად შეიცავს საფრთხეს გარდამავალ პერიოდში. ამ დროს შესაძლებელია ყველაზე ძლიერმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდოს ქვეყნის სადავეები და ავტორიტარული მმართველობის რეჯიმზე გადაიყვანოს ქვეყანა. ამ ეტაპზე ადვილად შესაძლებელია ქვეყანა სამოქალაქო ომში აღმოჩნდეს. მესამე ეტაპი არის უკვე ე.წ. გადაწყვეტილების ფაზა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის კონსესუსის მიღწევა და ზოგადი დემოკრატის ფუნდამენტალური წესების ფორმირება. უკანასკნელ ფაზაში, რომელიც შეთვისების (habituation) ფაზად იწოდება, დემოკრატია უკვე ცხოვრების წესი ხდება.
ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობა, მუდმივი კონფლიქტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა საქართველოში შეიძლება მიანიშნებდეს იმ ფაქტზე, რომ როსტოუს მოდელის მიხედვით, დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში მეორე და მესამე ეტაპს შორის იმყოფება. საფრთხე იმისა, რომ დემოკრატიზაცია წარმატებით არ დასრულდება საფუძველს მოკლებული არ ჩანს. თუ გადავხედათ მსოფლიოს უახლეს ისტორიას, ჯერ კიდევ არ არის ნათელი „არაბული გაზაფხულის“ (“Arab Spring”) შედეგად მოხდება თუ არა დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბება ეგვიპტეში, ლიბიასა და სხვა არაბულ სახელმწიფოებში. იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანა მესამე საფეხურთან ახლოს იმყოფება, კვლავ რისკის ქვეშ დგას გარდამავალი პროცესის წარმატებით დასრულება, რის ნათელ მაგალითსაც უკრაინაში განხორციელებული „ნარინჯისფერი რევოლუციის“ კრახი წარმოადგენს.
დემოკრატიული ჩვევების არ ქონამ, დემოკრატების ნაკლებობამ გაართულა დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში, რაც ჩვენი უახლოესი წარსულის შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება და ხედვა: მათი წარმატება, მათი მდგომარეობა საზოგადოებაში მთლიანად სახელმწიფოს მიერ რეგულირდებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ საზოგადოების თვისებები რომლებიც მორგებული იყო საბჭოთა სისტემაზე შეუსაბამო და გამოუსადეგარი აღმოჩნდა დემოკრატიული სისტემისთვის.
და ბოლოს, ქართველი საზოგადოებისთვის ახალი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირება დამოკიდებულია საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, ურთიერთნდობაზე, მათ მისწრაფებებსა და ფასეულობებზე. დღესდღეობით, ქვეყნის განვითარების პრობლემებზე მსჯელობისას აქცენტი ძირითადად გადატანილია ცვლილებებსა და გარდაქმნებზე, მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად არის ამისთვის საზოგადოება მომზადებული. მაშინ როცა ამ პროცესის წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ადვილად მოხდება ამ ცვლილების აღიარება და გათავისება საზოგადოების სოციალური ურთიერთობის რთული ქსელის მიერ.
შეძლებს თუ არა საქართველო მოქმედი დემოკრატიის ჩამოყალიბებას, ეს მთლიანად საზოგადოებაზეა დამოკიდებული.